23:32 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 16:54:09, 468 ნახვა

სამართალი
საია ფიტნესკლუბის საქმეში ჩაერთო

საია ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის, Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც გუშინ გამოძიება დაიწყო.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი, რომლის მიხედვითაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო შესაძლებელია პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არაკონსტიტუციურია.

„სისხლის სამართლის კოდექსის 248-1 მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს ქმედება ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელიც ამავე წესების დარღვევისათვის ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-​10 მუხლის საფუძველზე და სახდელდადებულია. თავის მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-10 მუხლი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის.

ამდენად, იმისათვის, რომ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 248-1 მუხლის საფუძველზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, მან ორჯერ უნდა დაარღვიოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესი. ეს სამართლებრივი შემთხვევა პრობლემურია, რადგან როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დაწესებული ნორმების დარღვევა. 

საია მიიჩნევს, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაწესებული საკარანტინო ღონისძიებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან პარლამენტმა მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილება გადასცა კონსტიტუციის დარღვევით. საქართველოს კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს, ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის, და არა მთავრობის მიერ.  

შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42​-10 მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 248-1 მუხლების დისპოზიცია ეფუძნება არაკონსტიტუციურად მიღებული ქცევის წესების დარღვევას.  ხოლო რადგან არაკონსტიტუციურია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება, ასევე არაკონსტიტუციურია აღნიშნული წესის დარღვევისთვის პირისთვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება“, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას ეხება.

მათივე განცხადებით, აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია დააკავეს
სპეცრაზმმა წიწაკის სპრეი გაუშვა და გამაფრთხილებელი სიგნალი ჩართო - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics