21:11 - 27 Nov, 2020
2020-11-19 15:59:16, 321 ნახვა

რეგიონი
კანიონინგი, ველოინფრასტრუქტურა, ხიხანის ბილიკი - მთიანაჭარას ახალი ტურისტული პროდუქტები ემატება

მთიანაჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტული პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა.  უჩხოს კანიონინგი, ევროპული დონის ველობილიკი, ჩირუხის ტურისტული განვითარების კონცეფცია და ხიხანის ბილიკი იმ ძირითად პროექტებს შორისაა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში ანხორციელებს.

ექსტრემალური და თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის უწყებამ წელს, პირველად აჭარაში კანიონინგის ტურისტული მარშრუტი მოაწყო. უჩხოს მიმართულება, სადაც ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დასრულებულია, პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტია რეგიონში. ულამაზესი კილომეტრნახევრიანი კანიონი მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვებისა და უჩხოს ხეობის დალაშქვრის საშუალებას მისცემს. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით პირველად იქმნება მთიანაჭარაში ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურაც. 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ველომარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება. პროექტს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ტურისტული პროდუქტების სააგენტო მუშაობს, ჩირუხის მთაზე ტურისტული მიზიდულობის ადგილის შექმნას ითვალისწინებს. პროექტი საშუალებას მისცემს ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს ულამაზესი ჩირუხის მთების ავთენტური გარემოთი და ალპური ბუნებით დატკბნენ. პროექტის პრეზენტაციას უწყება უახლოეს მომავალში გეგმავს. გარდა აღნიშნული პროექტისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჩირუხში, ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე  ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საპიკნიკე ზონა მოაწყო, რაც საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკე ზონები ჩირუხის ალპური ტურისტული მარშრუტის გარდა კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში განთავსდა.

მნიშვნელოვანია, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პროექტიც, რომელიც ტურისტებს ხიხანის ციხის დალაშქვრას გაუმარტივებს. სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს, კიბეების მოწყობასა და ტურისტული ბილიკის მარკირებას გეგმავს. პროექტის განხორციელების შედეგად, ხიხანის ციხე ჩირუხი- ხიხანი-გოდერძის მარკირებულ გარდამავალ ალპურ ბილიკზე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მარშრუტის ხანგრძლივობას გაზრდის. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ციხეზე კულტურულ-სპორტული ღონისძიებების განხორციელება და მასშტაბური პრეს-ინფო ტურების ორგანიზება.

მიმდინარე წელს, რეგიონს ორი ახალი, გარდამავალი ტურისტული მიმართულებაც დაემატა. ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული ბილიკისა (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკის მარკირება ზაფხულის დასასრულს განხორციელდა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

რა შეზღუდვები წესდება 28 ნოემბრიდან საქართველოში - პრემიერის განცხადება












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics