03:15 - 24 Sep, 2020
2020-09-16 15:35:30, 448 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა და ინტენსიური თერმოსკრინინგი განხორციელდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, სადაც ინტენსიური თერმოსკრინინგი განხორციელდება, ტემპერატურის მქონე პირები კი ტესტირებას დაექვემდებარებიან.

მთავრობის მეთაურის დავალებით, ბათუმში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ მართვის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი  ამირან გამყრელიძე, რომლებიც საბჭოს სხდომას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეუერთდნენ.

ამასთან, ბათუმში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი უწყებების მხრიდან გამკაცრებულია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების აღსრულების კონტროლი.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების დინამიკა. აღინიშნა, რომ მთავრობა სრულად მართავს ვითარებას, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის გამოცხადება ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, შეზღუდვები და შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება ლოკალურად, კონკრეტულად იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს იმ სფეროში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ეპიდემიის გამო კიდევ ერთხელ დაწესებულმა შეზღუდვებმა დააზარალა. მთავრობა მუშაობს, რათა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოუგვარდეთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოყენებული იქნება ფრთხილი მიდგომები, რათა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ეს საკითხი სპეკულაციის საგანი არ გახდეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაითვალისწინონ დადგენილი რეგულაციები, ატარონ პირბადეები, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეიკავონ თავი არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან და ხელი შეუწყონ წესრიგის დაცვაში შესაბამის უწყებებს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2758 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1412 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატის დასახელება და სიის პრეზენტაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics