10:16 - 30 Sep, 2020
2020-08-10 13:49:16, 2950 ნახვა

სხვადასხვა
კომპანია „ზეგი“ - კომპანიის მიმართ ცილისმწამებლური და ამორალური განცხადებები არ წყდება

კომპანია “ზეგი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის მიმართ არ წყდება ცილისმწამებლური და ამორალური განცხადებები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არანაკლებ შემაშფოთებელი და ამორალურია კომპანიის გარდაცვლილი თანამშრომლის, თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ გაჟღერებული დაუსაბუთებელი ბრალდებები მისი უკანონო საქმიანობის შესახებ.

„კომპანია „ზეგ“-ის მიმართ არ წყდება ცილისმწამებლური და ამორალური განცხადებები. მეტიც, ცალკეული პირების მიერ გაჟღერდა მისი საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებები. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ზეგ“-მა არაერთხელ გააკეთა განმარტება მისი საქმიანობის შესახებ, პასუხი გასცა მედიის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, გამუდმებით ვრცელდება მცდარი და კომპანიის იმიჯის დამაზიანებელი ინფორმაცია. უფრო მეტიც, ბრალდებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც შპს „ზეგ“-ის, ასევე მისი დამკვეთის საქმიანობა არის სრულიად ლეგალური და შეესაბამება იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ეს კომპანიები საქმიანობენ.

არანაკლებ შემაშფოთებელი და ამორალურია კომპანიის გარდაცვლილი თანამშრომლის, თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ გაჟღერებული დაუსაბუთებელი ბრალდებები მისი უკანონო საქმიანობის შესახებ. შპს „ზეგ“ გმობს ნებისმიერი სახის ჰაკერულ თუ დანაშაულებრივ საქმიანობას. ჩვენი კომპანიის, მისი თანამშრომლების, მათ შორის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის უკანონო საქმიანობაში დადანაშაულება, ტროლ-ბოტებად მოხსენიება, არის ამორალური და შეურაცხმყოფელი. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დაკარგა შვილი, ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი. სხვადასხვა სუბიექტების მიერ ოჯახის თუ კომპანიის მიმართ ტალახის სროლა და თამუნას ხსოვნის ამგვარი შეურაცხყოფა, ყველაფერთან ერთად შემზარავია. ეს უმძიმესი ტრაგედია გახდა სხვადასხვა პირებისთვის ცნობადობის გაზრდის, თავის წარმოჩინების და კერძო ინტერესების დაკმაყოფილების საგანი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების პირველი დღიდან, შპს „ზეგ“-ის თითოეული თანამშრომელი, მისი დამფუძნებლის ჩათვლით, სრულად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და ამომწურავად აქვთ პასუხი გაცემული გამოძიების მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ შპს „ზეგ“-მა მოიპოვა კომპანიის კომერციული საიდუმლოების გათქმის უფლება და გამოძიებას თავიანთი კეთილი ნებით იმთავითვე გააცნო კომპანიის დამკვეთის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია, რათა აღნიშნული არ გამხდარიყო რაიმე სახის მანიპულაციის საგანი. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის ბოროტად გამოყენებას და ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტირებას.

ასევე, „ზეგ“-ის ოფისიდან და მისი თანამშრომლებისგან სრულად ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაცია და ტექნიკა, რის გამოც კომპანიის საქმიანობა შეფერხებულია. საფრთხის წინაშეა 50-მდე დასაქმებული ახალგაზრდის და მათი ოჯახების სამომავლო მდგომარეობა. კომპანიის მენეჯმენტს და თანამშრომლებს საამაყოდ მიაჩნიათ, რომ მოახერხეს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და ათეულობით ახალგაზრდის დასაქმება. კომპანიის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით „ტროპიკალ ემბისის“ მიერ ინფორმირებულია აშშ-ს საელჩო საქართველოშიც. შპს „ზეგ“ არ დაუშვებს კომპანიაზე ისრების გადატანას. ასევე აღარ აპირებს გაურკვეველი სუბიექტების მიერ უსაფუძვლო ბრალდებებზე კომენტარების გაკეთებას და იმედს იტოვებს, რომ საგამოძიებო ორგანოები დროულად და ეფექტურად გამოიძიებენ აღნიშნულ საქმეს. დადგინდება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრული სიმართლე და კომპანიას მიეცემა საშუალება, განაგრძოს თავისი საქმიანობა. თავის მხრივ შ.პ.ს. „ზეგ“ დღეიდან ნებისმიერ დაუსაბუთებელ, მოგონილ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახავ ბრალდებაზე მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგში“ მუშაობდა. 




ავტორი: მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

დაპირისპირება მარნეულში და ნაცემი ჟურნალისტები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics