08:16 - 25 May, 2020
2020-05-21 20:05:10, 315 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი - მხოლოდ მინიმალური, თანაზომიერი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება გარკვეულ უფლებებში დროებითი შეზღუდვა და ჩარევა

„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სიმართლე და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ მინიმალური, თანაზომიერი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება გარკვეულ უფლებებში დროებითი შეზღუდვა და ჩარევა", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებას და თქვენ, პატივცემულო კოლეგებო მოგმართავთ. საკითხი იყო დასმული - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იყო თუ არა ჩართული ამ პროცესში? მინდა დაგიდასტუროთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ კანონპროექტის დახვეწას, სწორედ ჩვენი შეთავაზებით მომხსენებლის მხრიდან გაზიარებული იქნა პოზიცია, რომ საკარანტინო ღონისძიება არის დროებითი ღონისძიება და ამას ოპოზიცია ხაზს არ უსვამდა. მათ სურდათ, რომ საზოგადოებაში გაესაღებინათ თითქოს ეს არის განუსაზღვრელი ვადით წარმოდგენილი ცვლილებები, რეალურად ეს არის დროებითი და საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ეს საკარანტინო ღონისძიებები დროებით უნდა გატარდეს. დრო არის პირობა დადებული და ამ შემთხვევაში არ შეიძლება ეს განუსაზღვრელი ვადით მოქმედებდეს, ის თუ რომელ დროზეა მიბმული, ეს დაკავშირებულია პანდემიასთან და ეპიდემიასთან. ვინ აცხადებს პანდემიას? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ე.ი. ჩვენ ვტრიალებთ საერთაშორისო თანამეგობრობის წრეში, ჩვენ ვიზიარებთ მათ რეკომენდაციებს და სწორედ ამის შედეგად ხდება საკითხების რეგულირება. ჩვენ შევთავაზეთ ინიციატორს და მან გაიზიარა, რომ საკარანტინო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. აქ ლეგიტიმური მიზანია ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა. ეს მიზანი გამოსადეგი უნდა იყოს და აუცილებელი საშუალება. სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, რომ აუცილებელი ღონისძიება მაშინ უნდა იყოს გამოყენებული, როდესაც არსებობს ლეგიტიმური მიზანი და ეს არის აუცილებელი საშუალება. როგორც ავღნიშნე, არც ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ სწორედ ჩვენი რეკომენდაციით ჩაიწერა, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება. მათ სურთ, რომ საზოგადოებაში შექმნან განწყობა თითქოს „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ხდება კანონპროექტის შემოტანა, რომელიც განუსაზღვრელი ვადით, ყოვლად თვითნებურად დაარეგულირებს საკითხებს - ეს არის ტყუილი! საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ერთადერთი მიზანი არის ლეგიტიმური მიზანი - ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა. აქ იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოს ცვლილებები აბსოლიტურად ყველა უფლებას ზღუდავს, მთავარი განსხვავება საგანგებო მდგომარეობის დროს და ამ კანონპროექტს შორის არის შემდეგი - საგანგებო მდგომარეობის დროს ხდება არა მხოლოდ უფლებების შეზღუდვა, არამედ შეჩერებაც, ამ შემთხვევაში შემოდის ვადა დადებული, დროებითი ღონისძიებები რომლის მიზანიც იქნება არა აბსოლიტური შეზღუდვა, არამედ საგამონაკლისო, დამაზუსტებელი შეზღუდვები. აქ იყო პოზიცია წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმე გაბედავს და შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს - აზრის, სიტყვის, ინფორმაციის, ინტერნეტის თავისუფლება ვერ შეიზღუდება და არც არის წარმოდგენილი ასეთი შეზღუდვა. ასევე არ არის წარმოდგენილი რწმენის, აღმსარებლობის და ასე შემდეგ შეზღუდვის შესახებ. იმ ყველაფერს რასაც ჩვენ ვისმენთ, სამწუხაროდ სხვა არაფერია თუ არა დემაგოგია, ვინაიდან საზოგადოებას ვერ მოვატყოებთ, უნდა ვუთხრათ სიმართლე და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ მინიმალური, თანაზომიერი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება გარკვეულ უფლებებში დროებითი შეზღუდვა და ჩარევა. წარმოდგენილი იყო პოზიცია, თითქოს საქართველოს მთავრობაზე არ ვრცელდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და მთავრობას უფლება აქვს თვითნებურად იმოქმედოს. ისე როგორც ჩვენზე და ყველა ინსტიტუციაზე ვრცელდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რაც ნიშნავს თანაზომიერებას, პროპორციულობას და ასე შემდგომ, ასევეა მთავრობა ვალდებული დაიცვას კონსტიტუცია და შეასრულოს ეს პრინციპები. შესაბამისად, მთავრობამ ამ კანონიდან გამომდინარე ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იმსჯელოს, რათა თანაზომიერად ჩაერიოს პირთა უფლებებში და მხოლოდ დროებით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი დეპუტატების სხვა მოსაზრებებზეც წარმოადგინა საკუთარი პოზიცია და პირის მიერ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობებზე და სხვადასხვა ქვეყნის, კერძოდ დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მაგალითებზე ისაუბრა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებებს შეზღუდვების ნაწილში დამატებითი უფლებები მიეცათ.​




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

17 მაისის ონლაინ დემონსტრაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics