2025 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა - ნაწარმოებების ნაწილი პროგრამიდან სრულად ამოღებულია
2024-11-26 16:04:26

საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2024 წლის N1449913 ბრძანებით დამტკიცებულ 2025 წლის საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებები შევიდა. 

მინისტრის ბრძანება მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გამოიცა, პროგრამების ჩამონათვალი და მასში შესული მასალის სია კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 26 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ ზოგიერთ საგანში, მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესული მასალის მოცულობა შემცირებულია.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების დიდი ნაწილი, პროგრამაში მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისა“: „ლეონის თავგადასავალია“ შესული; ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩა“; შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედება და საგამოცდო პროგრამა მოიცავს მხოლოდ ერთ ლექსს - „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. ასევე შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ა.შ. შემოქმედება. 

უფრო კონკრეტულად კი ამოღებულია: „განდეგილი“, „აჩრდილი“ - მე-8 თავი, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კალამო“, „სულიკო“, „ქებათა ქება“, პუბლიცისტური წერილი - „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „ბახტრიონი“ და ა.შ.

გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის 2024-ისა და 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს.

ცვლილება შესულია ისტორიის საგამოცდო პროგრამაშიც. უფრო კონკრეტულად კი, 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში შეტანილი იყო „აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ
XIX საუკუნის პირველ ნახევარში“, თუმცა 2025 წლის პროგრამაში აჯანყებები სრულად ამოღებულია და დარჩენილია მხოლოდ 1932 წლის შეთქმულება.

გთავაზობთ ისტორიის 2024-სა 2025 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


პრეზიდენტი საგამოცდო პროგრამის ცვლილებაზე - გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა
ჩიქოვანი - 2025 წელს სამხედროების ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება
განათლების სამინისტრო - თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება
დოლარის კურსმა 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად გადააჭარბა 105 რუბლს