19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქციაზე დაკავებული მოქალაქე ნათია ძიძიგური აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ მას პოლიციელები სექსუალურად ავიწროებდნენ.
როგორც ძიძიგური „TV პირველთან“ საუბრისას ამბობს, ის დაკავების ავტომობილში მუხლებზე დააყენეს და მისი მისამართით დამამცირებელ ჟესტებს იყენებდნენ.
„დავინახე, ერთ-ერთ ბიჭს აკავებდნენ - 10 პოლიციელი ერთად აკავებდა და ცდილობდა, ყელში წაეჭირათ, თმაზე ქაჩავდნენ და უბრალოდ პოლიციელს ვუთხარი - დავით მამაგეიშვილი იყო ეს პიროვნება, რომელსაც მოვუწოდე, ნუ აკავებთ-მეთქი. უცებ, ჩემკენ გამოიწია, მკლავებში მწვდა, მაგინებდა და სხვა პოლიციელებს მოუწოდებდა, რომ ესეც შეთარიეთ მანქანაშიო. თვითონ დაკავების მანქანაში უკვე სხვა 2 პოლიციელი შემოიყვანეს. მე ვიყავი 3 დაკავებულ ბიჭთან ერთად და მე მუხლებზე დამაყენეს - მეუბნებოდნენ, რომ „არაფერი გიჭირს, იდექი მუხლებზე“. მთელი გზის განმავლობაში მუხლებზე ვიდექი, თან სექსუალურად მავიწროებდნენ, დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ მოქმედებისკენ...
სახეზე ვცნობ მათ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ სამმართველოში როდესაც გადაგვიყვანეს, სანამ მე გამათავისუფლებდნენ ხელწერილით, მთელი ამ პროცესის განმავლობაში მანდ იყვნენ ეს პოლიციელები... დაკავების ოქმი გამიფორმა ქალმა პოლიციელმა და დამკავებელ პირად ჩაიწერა საკუთარი თავი. ეს პატრულ-ინსპექტორი არ იღებდა საერთოდ აქციაში მონაწილეობას, არც კი ფიგურირებდა დაკავებაში“,- აცხადებს ნათია ძიძიგური.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქცია დაშალეს.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ასევე გაათავისუფლა აქციის მონაწილეების კარვებისგან, ადგილზე განთავსებული მანქანები კი, ევაკუატორის საშუალებით გაიყვანა.
აღნიშნულის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს, დაკავებულთაგან 3 კი, მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე კარვების გაშლა 17 ნოემბერს დაიწყეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ პროტესტის აღნიშნული ფორმა 18 ნოემბრის 20:00 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 18 ნოემბერს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, პროტესტს თსუ-ს მიმდებარედ გააგრძელებდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,