ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში და როგორ ეზიზღება ღირსება, თავისუფლება და ზოგადად, ადამიანის სიცოცხლე“.
„რუსეთს იმდენად ეშინია, რომ უკვე ახალ რაკეტებს იყენებს და მთელ მსოფლიოში ეძებს იარაღს - ხან ირანში, ხან ჩრდილოეთ კორეაში. დღეს იყო ახალი რუსული რაკეტა. ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მიმდინარეობს ექსპერტიზა. აშკარაა, რომ პუტინი უკრაინას საწვრთნელ მოედნად იყენებს; აშკარაა, პუტინს ეშინია, როცა მის გვერდით ჩვეულებრივი ცხოვრებაა; როცა ადამიანებს უბრალოდ ღირსება აქვთ; როცა ქვეყანას უბრალოდ უნდა იყოს და აქვს უფლება, იყოს დამოუკიდებელი. პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ მეზობელი ხელიდან არ დაუსხლტეს. და მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს, ყველა უკრაინელ ქალს, რომლებიც მტკიცედ, გამბედაობით და ძლიერად იცავენ უკრაინას ამ ბოროტებისგან, ღირსეულად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა უკრაინის შესახებ - ღირსება. და ეს არის სიტყვა, რომელიც ალბათ, აღარასდროს იქნება გამოყენებული რუსეთთან მიმართებით“,- განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,