თბილისის საქალაქო სასამართლომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის დროს, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მათე დევიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
დაცვის მხარე დევიძისთვის 2 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე, ადმინისტრაციული წესით, 19 ნოემბერს, 15 სხვა პირთან ერთად, თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე აქციის დაშლისას დააკავეს.
21 ნოემბერს, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 19 ნოემბერს, დილის საათებში თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა, მათე დევიძემ 3 პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,