UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
2025-12-10 11:43:39

საზოგადოება

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს.
სხდომაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე. 

UNESCO-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება, ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება.

მსოფლიო მასშტაბით, დღეისათვის აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, საიდანაც 5 სახეობა ენდემურია. 2018 წელს „ქართული ხორბლის კულტურას" ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში შევიდა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის  კატეგორია.


ავტორი: ექსპრესნიუსი,


ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს
გამოკითხვა: გერმანელების 47% რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითხოვს
თავისუფლებისთვის მებრძოლები - ვარშავაში ამაღლობელის და პოჩობუტის ფოტოები გამოიფინეს
ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხეს 19 დეკემბერს დატოვებს
X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი