|
2018-08-10 11:03:45, 1781 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო მინისტრი: საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში
„საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში. გელით და გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რათა ამ გზაზე დახმარება აღმოგიჩინოთ", - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან ვარშავის აჯანყების მუზეუმში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღონისძიების მონაწილეებს სპეციალური ვიდეო ჩანაწერით მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ღონისძიების სწორედ ლეხ კაჩინსკის სახელობის ვარშავის აჯანყების მუზეუმში გამართვის სიმბოლურ დატვირთვას - „არ არსებობს უკეთესი ადგილი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მიუხედავად ძალის უპირატესობისა, არ იფიქრა მხოლოდ საკუთარ თავზე და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩაერთო"... მინისტრმა თავის მიმართვაში გაიხსენა 10 წლის წინ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული ვიზიტი საქართველოში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქს, თბილისს უახლოვდებოდნენ. „მაშინ პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ გადაწყვიტა შეეკრიბა რეგიონის 4 ლიდერი და ყოყმანის გარეშე, ორგანიზება გაუკეთა თბილისში ჩაფრენას. პრეზიდენტ კაჩინსკის, ყველაზე უკეთ ესმოდა რუსული აგრესიიდან მომდინარე საფრთხე, მან იცოდა, რომ აუცილებელი იყო დაუყოვნებელი და ცალსახა წინააღმდეგობა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის მიმართ". მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი აღნიშნავს, რომ „ათი წლის შემდეგ, პრეზიდენტი კაჩინსკის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისში წარმოთქმული სიტყვები კვლავ აქტუალური რჩება: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა ჩემი ქვეყანის, პოლონეთის ჯერიც დადგეს". ვარშავის აჯანყების მუზეუმში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს წერილით მიმართა ასევე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების აგრესია საქართველოზე იყო ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაში შემაშფოთებელი უფსკრული გააჩინა". პრეზიდენტის თქმით იმ ტრაგიკულ მოვლენების მნიშვნელობას სათანადო შეფასება მისცა აწგარდაცვლილმა პოლონეთის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის, ლიტვის, ესტონეთისა პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერთან ერთად და რაც ამავე დროს, გახდა „პოლონურ-ქართული მეგობრობის შესანიშნავი და შთამბეჭდავი ისტორიის ნაწილი". „საქართველოს ეროვნული პოეტი შოთა რუსთაველი წერდა: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია" - ეს მნიშვნელოვანი შეგონება და ფასდაუდებელი რჩევაა. გამოვხატავ რწმენას, რომ გარდა იმისა, რომ განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესა და აგვისტოს სამწუხარო მოვლენების წლისთავს, გვექნება არაერთი შესაძლებლობა ერთმანეთის უკეთესად ურთიერთშეცნობისთვის, ჩვენ ხალხებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობისა და მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)