2016-06-16 15:40:19, 675 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: არც ერთ ქვეყანას არ დაურღვევია მსოფლიო წესრიგი ისე, როგორც რუსეთს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ანტონი მაცერევიჩის განცხადებით, რუსეთი მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მსოფლიო წესრიგი ყველაზე მეტად რუსეთმა დაარღვია.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ დაურღვევია მსოფლიო წესრიგი ისე, როგორც რუსეთს. ის ჯერ საქართველოს დაესხა თავს, შემდეგ კი უკრაინას, მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფო ტერიტორიის ოკუპირება. ღიად განაცხადა, რომ მისთვის ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მიუღებელია“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
როგორც გუშინ, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე გახდა ცნობილი, ნატო პოლონეთში საკუთარი ძალების რაოდენობას გაზრდის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან