18:40 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-14 16:28:39, 322 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს

მინდა პირდაპირ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს - ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა ვცემო ადამიანებიო?!“ რატომ არ შეწუხდით, როდესაც ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული სახე დაინახეთ? რატომ არ დაითვალეთ, ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ? ან გორდულაძეს, ოლიმპიელ სპორტსმენს ამოფარებული ოპოზიციას რომ ურტყამს და უქნევს ხელს, სუს-ს ამოფარებული, რატომ არ მოსთხოვეთ ადამიანის დამტვრეული ძვლები რომ დაითვალოს?!, - ასე მიმართავს საპატიმროდან „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ ქართული ოცნების“ სარჩელს იხილავენ.

რადგან არა მაქვს შესაძლებლობა, რომ ფიზიკურად ვიყო იქ, ბათუმში, სადაც ეს მართლა ისტორიული პროცესი მიდის, მინდა, რომ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს, მივმართო პირდაპირ და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ მოისმინოთ ეს ჩემი მიმართვა.

ამდენი დღეა გაკვირდებით, გაკვირდებით ძალიან დიდი ყურადღებით, ვაკვირდები თქვენს სიტყვას, ინტონაციას, მიმიკებს, ზოგადად როგორ მიგყავთ ეს პროცესი, როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს და გული მიკვდება. ოღონდ გული მიკვდება იმაზე კი არა, რომ აკრძალავთ პარტიებს ან რაღაც დანაშაულს ჩაიდენთ, იმაზე კი არ მიკვდება გული, რომ თქვენ დავალებას ასრულებთ, სამწუხაროდ, ამას უკვე შეგუებული ვარ, ძალიან მიჭირს ყურება, რა სიმსუბუქით იძახით ტყუილებს. აი, ეს ტყუილის თქმის სიმსუბუქე, ეს თამაშის მანერა არის მართლაც მომაკვდინებელი ნებისმიერი ქართველისთვის... 

თქვენ თავს გაეცით პასუხი, მე არ მჭირდება პასუხები. თქვენ გაეცით თქვენს თავს და თქვენს ახლობლებს, თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახის წევრებს. შეწუხებული სახით, ძალით დაღვრემილი სახით რომ იძახით, ქვის სროლა და მოლოტოვის სროლა განა გაგებულა?! ეს ძალადობა არ არის?! აი ამას რომ იძახით, ძალიან დიდი ბოდიში ასე რომ შეწუხებულხართ, თქვენ წლების განმავლობაში 100 000 ჩვენი თანამოქალაქის ფონზე რამდენი ცალი მოლოტოვი დაინახეთ? ჯერ ამ კითხვას მინდა გასცეთ პასუხი. რამდენი ცალი მოლოტოვი დაინახეთ? ერთი თითი გეყოფათ ამის ჩამოსათვლელად.

მეორე მხრივ, დაინახეთ, ახლავე მოგახსენებთ, ოღონდ დაინახეთ და არ გინდათ, რომ აღიაროთ. ამ ქვის სროლაზე რომ ლაპარაკობთ, ქვის სროლა კარგია თუ ცუდია, თქვენ მოსამართლეებმა არ იცით, რომ აი, ესე ცალკე აღებული ქვის სროლა არაფერი არ არსებობს? ქვის სროლა შეიძლება იყოს სპორტი, ქვის სროლა შეიძლება იყოს ზღვართან გართობა, ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდასხმა და ქვის სროლა შეიძლება იყოს თავდაცვა და თქვენ არ იცით ის კონტექსტი, სად იყო ის ქვის სროლა?

იმითი რატომ არ შეწუხდით, როდესაც ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული სახე დაინახეთ, დასისხლიანებული, ღიად სპეცრაზმის ნაცემი? რატომ არ დაითვალეთ ადამიანების დამტვრეული ძვლები სათითაოდ, ან მაგ გორდულაძეს, ოლიმპიელ სპორტსმენს ამოფარებული ოპოზიციას რომ ურტყამს და უქნევს ხელს და სუს-ს ამოფარებული, მაგას რატომ არ მოთხოვეთ ადამიანის დამტვრეული ძვლები რომ დაითვალოს? ან იმან რატომ არ შეგაწუხათ, გამზადებული, სისტემურად, თქვენ რომ გიყვართ ეს სიტყვა, გამზადებული მარშუტკები რომ მოაყენეს ადამიანების საწამებლად? ან იმან რატომ არ შეგაწუხათ, პატივცემულ ჟურნალისტს სახეში რომ აფურთხებენ? ან იმან რატომ არ შეგაწუხათ, ღობე რომ გადაჭრეს, კობახიძე სიურპრიზს უწყობს საზოგადოებას, ასე ღიად და გადაჭრილი ღობე რომ დახვდათ? ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ... ჩვენი თანამოქალაქე, ახალგაზრდა ხელებით ეჭირათ პოლიციელებს და წიხლებს ურტყამდა? ან ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, ამ სიით უნდა ვცემო ადამიანებიო? ან მაკა ჩიხლაძის სახემ რატომ არ შეგაწუხათ? ან გაშიშვლებული ქალების სახეებმა და თვალებს რატომ არ ხედავთ ყოველდღე და ბუქნებგაკეთებულის?

ახლა შეურაცხყოფაზე გადავიდეთ. ეს ვერაფერი ვერ დაინახეთ და უბრალოდ ქვა დაინახეთ მოფრინავს. ახლა შეურაცხყოფაზე გადავიდეთ. შეურაცხყოფილი ყოფილხართ ვეტინგის სისტემით და შეურაცხყოფილხართ მაია კოპალეიშვილისგან და განახორციელეთ თქვენი ადგილობრივი, ვითომ რაღაცა ძალაუფლება, რომელიც იმ ოთახს არ სცილდება თქვენი ძალაუფლება, მარტო ამის უფლება მოგცათ ბიძინა ივანიშვილმა. ლავროვის შვილი რომ კახეთში გულაობდა სპეცრაზმს ამოფარებული მაგან რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა, რის გამოც მერე მაკო გომურს, ლეთოდიანს და სხვებს თვალები დათხარეს, ცხოველის ტყვიებით? ან ლაშა ნაცვლიშვილის გინებამ რატომ შეურაცხყოფა არ მოგაყენათ? ან ზოგადად ის, ცრუმოწმეები რომ დგებიან ხოლმე თქვენ საპატივცემულო სასამართლო მაგიდასთან და ტყუილებს რომ იძახიან და თქვენ რომ ყველაზე კარგად რომ იცით რომ ტყუილებს იძახიან, ეს რატომ არ შეურაცხგყოფთ? მხოლოდ ის შეურაცხგყოფთ რომ მაია კოპალეიშვილმა სიმართლე გითხრათ?

ახლა დაუმორჩილებლობაზე მინდა ვთქვა. მეთოფიშვილი კითხვას სვამდა... კითხვის დასმა უნდოდა კოალიციის მიმართ დაუმორჩილებლობაზე და ჩემი ხსენება უნდოდა, თქვენს პარტიაშიო ერთი ლიდერი არისო, რომელიცო დაუმორჩილებლობას სხვანაირად უყურებსო. დიახ, ბატონო მეთოფიშვილო, ზუსტად ასე ვუყურებ დაუმორჩილებლობას და ღმერთს ვევედრები, თქვენც ასე უყურებდეთ კანონს ზოგადად, იმიტომ რომ მე მთავაზობთ, რომ ფლომასტრის ქიმიურ ექსპერტიზას დავესწრო სასამართლო დარბაზში, სერიოზული სახით ვიდგე და გავაგრძელო ჩემი პატივისცემა. თქვენ მე მთავაზობთ, რომ ტროტუარზე დგომა დანაშაულიაო, ეს ვიფერო, შევასრულო, სასამართლოზე დავდგე და ჩემს თავს პატივი ვცე ამის შემდეგ. თქვენ მე მთავაზობთ Facebook-ზე დაწერილი პოსტი დანაშაულად ვაღიარო, მერე დავესწრო ამ სასამართლოს და მერე გავაგრძელო თავის პატივისცემა და ჩვენი, ჩემი ქვეყნის მსახურება. ყველაზე კარგად იცით თქვენ, რომ მე რასაც ვლაპარაკობ არის სიმართლე... გულწრფელად გეუბნებით, სიმართლე, რომელსაც მე მთელი ცხოვრება გავიმეორებ, სიმართლე, რომელსაც მე ჩემს შვილებს ჩავხედავ თვალებში, თამამად ჩავხედავ და ვეტყვი. აბა თქვენ დაფიქრდით ახლა. შეგიძლიათ ჩახედოთ თქვენს შვილებს თვალებში და უთხრათ რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და მას მიტაცებული არა აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები მათ შორის სასამართლო? შეგიძლიათ ეს?

მე ნუ მეტყვეთ პასუხს, თქვენს თავს უთხარით და არ ვიცი, ეგებ მართლა რაიმე გამოსავალი იპოვოთ ამ სიტუაციიდან, როგორიც იპოვა ქალბატონმა მანანა კობახიძემ და პატივს ვცემ ამ გამოსავალს.

და ბოლოს, მინდა გითხრათ ერთიან ორგანიზმზე. ერთიანი ორგანიზმი, რაც თქვენ მოიგონეთ, ის ნამდვილად არ ვიცი რა არის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა არის ერთიანი ორგანიზმი. ერთიანი ორგანიზმი არის საქართველო, ჩვენი ერი, ეთნიკური ერი, ჩვენი თან მრავალტანჯული, და თან მრავლად საამაყო ერი. ერი, რომელმაც იცის ღირსება, ერი, რომელმაც იცის დაუმორჩილებლობა, ერი, რომელიც ვერ დაამარცხა ვერც ჯალალედინებმა და თემურ ლენგებმა და ა.შ. და ვერც რუსეთმა და მითუმეტეს, ვერ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილი. აი, ეს ერი არის ერთიანი ორგანიზმი და ჩემი სურვილია, ბოლოს ამას გეტყვით, რომ ამ ერთიან ორგანიზმში მე და თქვენ ერთმანეთის გამორიცხვით კი არ ვიცხოვროთ, ზუსტადაც ერთიან ორგანიზმად ვიცხოვროთ, სადაც ყველას საკუთარი ფუნქცია აქვს და ყველა ერთმანეთს პატივს სცემს. - ამბობს ელენე ხოშტარია ჩანაწერში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics