17:08 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 15:33:36, 515 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები

საქართველომ უნდა გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები, რათა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, – ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.

„ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა და შეილახა სულ უფრო რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც ხელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს — კერძოდ, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, ასევე თანასწორობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს.

2025 წლის ოქტომბერსა და 2026 წლის მარტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ის შემზღუდავი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არეგულირებს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, პოლიტიკურ მონაწილეობასა და უცხოურ დაფინანსებას საქართველოში.

ვენეციის კომისიამ თავის რამდენიმე დასკვნაში აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები, ადრე მიღებულ შემზღუდავ ზომებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე (განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე) აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

არსებული ინფორმაციით, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2026 წლის მაისში გენერალურმა პროკურორმა ხუთ სამართალდამცველს წაუყენა ბრალდება უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობის გამოყენებაში, რაც 2024 წლის დემონსტრაციების დროს განხორციელდა.

„თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა კვლავ გამოუძიებელია.

აგვისტოში პრეზიდენტმა შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უკანონოდ იყვნენ დაკავებულნი; შეწყალება განხორციელდა მას შემდეგ, რაც მათ დანაშაული აღიარეს. მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება და არაპროპორციული სასჯელების დაკისრება სერიოზულ გავლენას ახდენს სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების დონე კვლავ ძალიან დაბალია.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებების აღსრულება არასათანადოა; ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემასთან, პენიტენციურ და სამართალდამცავ სისტემებთან, ასევე დისკრიმინაციისგან დაცვასთან დაკავშირებულ სისტემურ და სტრუქტურულ საკითხებს.

კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და კვლავ ძალაში რჩება. არსებულ ვითარებაში საქართველომ უნდა გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები, რათა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics