18:17 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-10 17:00:55, 313 ნახვა

ეკონომიკა
სებ- „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. - ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შპს „ბიტექსჩეინჯი“-ს (ს/ნ: 404595121)-ის შემოწმება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესაფასებლად. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის კომპანიას ჯამში 572 118 000 ლარის, ხოლო კომპანიის ორ ადმინისტრატორს, თითოეულს, დამატებით 7 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, კომპანიამ თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განახორციელა ოპერაციები ისე, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათი ვინაობის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა. ხაზგასასმელია, რომ კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია სავალდებულოა თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, თანხის ოდენობის მიუხედავად. ამასთან, თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით კლიენტის ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესით, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი დარღვევები უკავშირდებოდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ მოთხოვნას - პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევას. აღნიშნული მოთხოვნების დაცვა წარმოადგენს პრევენციული ღონისძიებების აუცილებელ საფუძველს და მნიშვნელოვანია როგორც კლიენტთან, ისე ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სათანადოდ შეფასებისა და მართვისთვის.

ამასთან, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამისად, პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევა მიეკუთვნება მძიმე დარღვევათა კატეგორიას. აღნიშნული კლასიფიკაცია მიუთითებს ამ მოთხოვნებისთვის მინიჭებულ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მათი შეუსრულებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ ან პროცედურულ ხარვეზს, ვინაიდან მნიშვნელოვნად ზღუდავს კლიენტის ვინაობის დადგენის, მასთან დაკავშირებული რისკების შეფასების, განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგისა და საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის შესაძლებლობას.
სწორედ დარღვეული მოთხოვნების ფუნდამენტური ხასიათი, მათი მნიშვნელობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ასევე გამოვლენილი დარღვევების სიმძიმე და მასშტაბი განაპირობებდა კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ფულადი ჯარიმის მოცულობას. შესაბამისად, სანქციის ოდენობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი თანხობრივი გამოხატულების, არამედ დარღვეული ვალდებულებების არსისა და გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის გათვალისწინებით." - წერია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, შემოწმების ფარგლებში ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ვირტუალური აქტივის მიმღებ მისამართთან დაკავშირებით საჯარო წყაროებში, მათ შორის, Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით, იძებნებოდა ინფორმაცია აღნიშნული მისამართის Telegram არხის/ჯგუფის მეშვეობით სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების  სავარაუდო რეალიზაციასთან შესაძლო კავშირის შესახებ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაზე - ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
კობახიძე - ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics