|
2026-01-14 19:50:57, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი: პაპუაშვილის წინააღმდეგ მარიამ მეყანწიშვილის სარჩელი წარმოებაში არ მიიღეს
ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ უარი თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატმა სასამართლოში სარჩელი 31 დეკემბერს შეიტანა. სარჩელში შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ "პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების" მოთხოვნა იყო. ადვოკატის თქმით, სასამართლომ განმარტა, რომ "საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს ინდემნიტეტი და იგი არ ექვემდებარება სამართლებრივ პასუხისმგებლობას უფლებამოსილების განხორციელებისას, მათ შორის პარლამენტში ან მის ფარგლებს გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის". ადვოკატის განცხადება სრულად: "თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ესებუამ უარი თქვა მარიამ მეყანიშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ზოგადად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება არაა იშვიათი შემთხვევა პრაქტიკაში, თუმცა როდესაც მოსამართლე ფაქტობრივად გამოდის მოპასუხის დამცველად, ეს უკვე უკიდურესად იშვიათია. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს ინდემნიტეტი და იგი არ ექვემდებარება სამართლებრივ პასუხისმგებლობას უფლებამოსილების განხორციელებისას, მათ შორის პარლამენტში ან მის ფარგლებს გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის. პარლამენტის წევრის მოვალეობის შესრულება მოიცავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ საკითხებზე საჯარო განცხადებებს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი უზრუნველყოფენ დეპუტატის უფლებამოსილების შეუფერხებელ განხორციელებას და მისი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტიას, ხოლო საპარლამენტო იმუნიტეტი და ინდემნიტეტი ემსახურება დემოკრატიული მმართველობისა და ამომრჩევლის ნების დაცვას. ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს და მისი სანქცირება პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმისთვის გაუმართლებელია. სასამართლოს შეფასებით, სადავო განცხადება გაკეთებული იყო საპარლამენტო მანდატის განხორციელების ფარგლებში და, შესაბამისად, დაცულია კონსტიტუციური იმუნიტეტით. რა ირონიაა, არა?! როდესაც საქმე მაღალჩინოსნების დაცვას ეხება, სასამართლოებს მაშინვე ახსენდებათ საქართველოს კონსტიტუცია. ხოლო როდესაც მოქალაქეების წინააღმდეგ "ტროტუარის გადაკეტვას" ედავებიან და წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვას ვითხოვთ, ამას „მოსამართლის საქმიანობაში ჩარევად“ აფასებენ. ამ შემთხვევაში მოსამართლე ფაქტობრივად გამოვიდა მოპასუხე შალვა პაპუაშვილის უფლებადამცველად და მთელი ძალღონე დახარჯა, დაჯდა, დაწერა და მთელი გულით, 11 გვერდზე დაასაბუთა, თურმე რატომ ჰქონია შალვა პაპუაშვილს უფლება დაერღვია ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმცია, დაედანაშაულებინა იგი დანაშაულის ჩადენაში და გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები, ხოლო სასამართლოს კი დაეცვა ეს ქმედებები იმ არგუმენტით, რომ ეს მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის ნაწილი ყოფილა. ამასთან, სასამართლომ საკუთარ თავს მისცა უფლება, კონკრეტული გარემოებები უდავო ფაქტობრივ გარემოებებად ჩაეთვალა ისე, რომ მხარეების პოზიციები ჯერ არც კი აქვს მოსმენილი. შესაბამისად, სასამართლომ რეალურად შეასრულა მოპასუხის ფუნქცია, მოპასუხის ნაცვლად ჩამოაყალიბა არგუმენტაცია, ისე რომ არც კი იკადრა საქმის წარმოებაში მიღება და არც დაელოდა, თუ რას იტყოდა თავად მოპასუხე. აქედან გამომდინარე, მოსამართლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სრულად უსაფუძვლო და უკანონოა".
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)