|
2026-01-12 20:08:40, 504 ნახვა
პოლიტიკა
პრესის საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ
მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლისთავზე პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები მის გათავისუფლებას მოითხოვენ. „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ), „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იგი და ობიექტურად გამოიძიონ მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტები. ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე მომუშავე ზემოხსენებული საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელი არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი ჟურნალისტი, ვინც საპატიმროში აღმოჩნდა. ის ორი გამოცემის — „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. “ეს მედიასაშუალებები საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, როგორც ქართული ჟურნალისტიკის ხარისხის სტანდარტის დამმკვიდრებლები. იგი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, საპროტესტო აქციის დროს მომხდარი ინციდენტისას დააკავეს პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, აგვისტოში კი მას ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ მის წინააღმდეგ დევნა პოლიციელზე თავდასხმის მძიმე სისხლისსამართლებრივი მუხლით დაწყებულიყო, ფართოდ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი. ამაღლობელის დაპატიმრება ქვეყანაში ავტორიტარიზმისკენ მკვეთრი შემობრუნებისა და პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ფონზე ხდება. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ქმედებებს მოჰყვა ერთწლიანი მასშტაბური პროტესტი მას შემდეგ, რაც 2024 წლის ბოლოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა. საქართველოს ხელისუფლებამ მედიის დაფინანსება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონითა და სხვა შეზღუდვებით შეაფერხა, აქციების გამშუქებელ ჟურნალისტებზე კი სასტიკი თავდასხმები განხორციელდა. RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო კატასტროფულად დაქვეითდა: 2023 წლის 77-ე ადგილიდან 2025 წელს 114-ე ადგილზე გადაინაცვლა”, – აცხადებენ ორგანიზაციები და დასძენენ, რომ როგორც სასამართლო პროცესზე, ისე ციხის საკნიდან, ამაღლობელი აგრძელებს პრინციპულ ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფალი პრესისთვის. მისი სიმამაცის აღიარების ნიშნად, 2025 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა მას აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის პრემია მიანიჭა. „დღეს მე ვარ, ხვალ კი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვინც გაბედავს და იოცნებებს სამართლიან, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოზე, რომელიც თავისუფალია რუსული გავლენისა და რეპრესიებისგან“, — განაცხადა მან დაკავებიდან მალევე. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას ჯეროვნად არ გამოუძიებია ბრალდებები იმის შესახებ, რომ ამაღლობელი დაკავებამდე უკანონოდ იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ხოლო პოლიციის უფროსმა დაკავების შემდეგ მას შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევისა თუ ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. მთავრობის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, გაავრცელეს კონსპირაციული თეორიები, თითქოს ამაღლობელი პოლიტიკური ოპოზიციის ან უცხოური ძალების დავალებით მოქმედებდა. პარალელურად, ხელისუფლებამ საეჭვო საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე მის გამოცემებს საბანკო ანგარიშები დაუყადაღა. ამავე განცხადების თანახმად, ამაღლობელს აწუხებს კერატოკონუსი (თვალის რქოვანას დაავადება), რის გამოც პატიმრობაში მისი მხედველობა მკვეთრად გაუარესდა: ერთ თვალში მხედველობის მხოლოდ 10% დარჩა, მეორე თვალით კი მხოლოდ სინათლეს აღიქვამს. „მზია ამაღლობელი გახდა სიმბოლო ქართველი ხალხის ბრძოლისა მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ“, — აცხადებენ პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები. „მისი პატიმრობაში დატოვებით „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ განზრახული აქვს პრესის თავისუფლების შეზღუდვა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოასწოროს ეს უსამართლობა და უზრუნველყოს, რომ მან ერთი დღეც აღარ გაატაროს გისოსებს მიღმა“.
უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს ტვერის ოლქში უდიდეს ქიმიურ ქარხანა, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს
თსუ-ს პროფესორი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ თანამდებობა დატოვა
მივიღეთ შეტყობინება დანონის კონკრეტული პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ - სეს
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
|
რედაქტორის რჩევით
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ივანიშვილის არალეგიტიმური ბანდა აპირებს ციხის მუქარით თავის უსუსურ ლეგიტიმიზაციას
ომი უკრაინაში
უკრაინულმა დრონებმა დაბომბეს ტვერის ოლქში უდიდეს ქიმიურ ქარხანა, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს
რუსეთმა უკრაინის ელექტროქსელის ძირითადი ობიექტები დაბომბა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)