|
2025-12-02 15:42:31, 2381 ნახვა
პოლიტიკა
ტელეფონების ჩამორთმევა, სავალდებულო სკოლის ფორმები, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი - ოცნების განათლების რეფორმა
ქართულმა ოცნებამ დღეს მათ მიერვე დაანონსებული ზოგადი განათლების რეფორმის კონფეფცია წარადგინა. კონცეფციის ძირითადი პუნქტები ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პრეზენტაციაზე დაასახელა. "ფუნდამენტური რეფორმის" მიხედვით: საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება - მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ იმ საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ. "მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. [...] მე-11 კლასში შემოგვაქვს ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, როდესაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თიოთოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს", - თქვა გივი მიქანაძემ. მან დაამატა, რომ 11-კლასიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავლენ. "დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში", - თქვა გივი მიქანაძემ. ამასთან, ქართული ოცნების განათლების მინისტრის თქმით, ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურვილი ექნებათ, რომ მე-12 კლასში ისწავლონ - "ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ". "იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულ საშუალო სკოლებში გავხსნით მეთორმეტე კლასს. ახალგაზრდებს მივცემთ საშუალებას აიღონ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის ატესტატი", - თქვა გივი მიქანაძემ. ამასთან, მან თქვა, რომ მომავალი წლიდან საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი. "იმ კომპონენტიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი", - თქვა ოცნების განათლების მინისტრმა. მანვე დააანონსა, რომ მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში სკოლებში ყველა წიგნი შეიცვლება და ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან. "ამისთვის სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანლეო ყველა სკოლაში ერთსა და იმავე დისციპლინაში", - თქვა გივი მიქანაძემ. გარდა ამისა, ქართული ოცნების რეფორმის თანახმად, შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულო იქნება სასკოლო ფორმების ტარება. "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტესტურ რეჟიმში, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სოციალურ დაუცველ ოჯახებს. ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით", - თქვა გივი მიქანაძემ. ამასთან, ოცნების განათლების მინისტრმა თქვა, რომ აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება. "სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაცული იქნება ბალანსი, რათა არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვს მშობელთან ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ დაერღვეს", - თქვა მან.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, რუსეთისგან პირადი მუქარა მიიღო
ევროკავშირის ლიდერებმა ზელენსკი გააფრთხილეს ტრამპის მიერ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხში ღალატის შესახებ
რამდენიმე ქვეყანამ 2026 წლის ევროვიზიას ბოიკოტი გამოუცხადა ისრაელის მონაწილეობის გამო
Reuters:ჩინეთი რეგიონში სამხედრო გემებს აჯგუფებს საზღვაო ძალების შოუს ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
უხეშობა, დოკუმენტების დაგვიანება, - აზერბაიჯანი ქართველ მებაჟეებს ტრანზიტის დაბლოკვაში ადანაშაულებს
საქართველოს პოლიციამ საპროტესტო აქციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი კამიტი გამოიყენა - BBC-ის გამოძიება
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში
უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)