|
2025-07-07 15:55:54, 2509 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი: ქართულმა ოცნებამ ტრამპის ადმინისტრაციას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი წერილი გადასცა, რომელიც „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, უაზრო იყო და ვაშინგტონში უკიდურესად ნეგატიურად იქნა აღქმული“. დანიგანმა ასევე მიაწოდა სხვა დეტალები საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობის შესახებ, მათ შორის, როდის და რატომ სურდა მას შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საქართველოს დე ფაქტო მმართველთან და როგორ უთხრა მან უარი მის შეთავაზებაზე. 5 ივნისს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დანიგანმა დაწერა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და მთავრობას მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
ამ შეხვედრებიდან დაბრუნების შემდეგ, შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან ნათლად ავუხსენი, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეეძლო „ქართულ ოცნებას“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღსადგენად. სამი დღის შემდეგ – მე ჩვეულებრივ ასეთ საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ თავად პრემიერ-მინისტრმა ახსენა ეს – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ტრამპის ადმინისტრაციისთვის წერილი მომაწოდა. პირადი, არასაჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, სავსე იყო მუქარით, შეურაცხყოფითა და უაზრო შენიშვნებით და ვაშინგტონში უკიდურესად უარყოფითად იქნა მიღებული. უკიდურესად ცუდი. სწორედ ამიტომ, პასუხი დაგვიანებით მოვამზადეთ. ადმინისტრაცია ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც ერთი ქვეყნის ლიდერმა მეორის ლიდერისადმი ასეთი მიმართვა გააკეთა. სანამ ჩვენ პასუხს ვამზადებდით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტრამპის ადმინისტრაციისადმი ღია წერილი გამოაქვეყნა. 13 მაისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც გაკვირვება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია არ ყოფილა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ „გაუგებარია“, თუ რატომ რჩება აშშ-ის სანქციები ძალაში საქართველოს მთავრობის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც „ფაქტობრივად ჩაახშეს „USAID-ის მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა“ და წინააღმდეგობა გაუწიეს ბაიდენის ადმინისტრაციის ძალადობას“. კობახიძის თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ქართულ საზოგადოებაში შექმნა განცდა, რომ ტრამპის განცხადებები „ღრმა სახელმწიფოზე“ გამარჯვების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა რებრენდინგის მცდელობა. ამის შემდეგ კობახიძესთან მივედი და ვუთხარი: „სახელმწიფო მდივან რუბიოს პასუხი მაქვს, მან მთხოვა, პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის გადამეცა“. თუმცა, ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.
ვფიქრობ, მსოფლიოში ყველას ესმის, რომ მთავრობას სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი მართავს. ყველაზე აბსურდული ის არის, რომ მოთხოვნები, რომლებიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ნორმალურ მდგომარეობაში დააბრუნებდა, ძალიან მარტივია. ● ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ანტიამერიკული რიტორიკის შეჩერება იქნებოდა. უბრალოდ შეწყვიტეთ აშშ-ს შესახებ ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც სიმართლისგან ასე შორს არის. კერძოდ: ● მტკიცება, რომ ჩვენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვცდილობდით, სიმართლეს არ შეესაბამება. ● სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ჩემმა წინამორბედმა, სავარაუდოდ, აქ რევოლუციის მოწყობა სცადა. ● სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ● სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ჩემმა მთავრობამ თავად მომიწოდა გადადგომისკენ. „სია გრძელდება და გრძელდება“, - თქვა რობინ დანიგანმა.
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)