|
2025-03-25 21:47:44, 1343 ნახვა
სამართალი
ონისე ცხადაძის ადვოკატი - მოსამართლემ საერთაშორისო მისიებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ მისცა პროცესზე დასწრების შესაძლებლობა
მოსამართლემ სახალხო დამცველის წარმომადგენელიც კი არ დაუშვა პროცესზე. ასეთი რაღაც პრაქტიკაში არ არსებულა და არც გამიგია, - ამის შესახებ იუმორისტ ონისე ცხადაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლაშა ცუცქირიძის თქმით, გარდა სახალხო დამცველისა, სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და უფლებადამცველ ორგანიზაციებს. „სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც ნაწილობრივ იყო დახურული და მხოლოდ მედიას არ ჰქონდა შეზღუდული დასწრების შესაძლებლობა, ჩვენი შუამდგომლობის მიუხედავად [მოსამართლემ] მაინც არ გახსნა. დამატებით, ხაზგასასმელად უნდა აღინიშნოს ის, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელიც კი არ დაუშვა პროცესზე. ასეთი რაღაც პრაქტიკაში არ არსებულა და მეც არ გამიგია. წარმოუდგენელი რაღაცაა, როცა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს პროცესზე არ დაუშვებ და პროცესი არ გახსნა მათ შორის სახალხო დამცველისთვისაც. არა მარტო სახალხო დამცველს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ მისცა მოსამართლემ პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, ჩვენი შუამდგომლობის მიუხედავად, არც კი განიხილა ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობა“, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ. ასევე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ჯანო არჩაიასა და გურამ მირცხულავას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის ორი კვირაც არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ საქმეზე სამართლებრივი არგუმენტაცია ჰქონოდა. „მოსამართლემ არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია - ბრალდების მხარეს ფაქტობრივად აღიარებული ჰქონდა ფაქტი, რომ ამოღებული ვიდეო-მასალები საქმეზე კანონის არსებითი დარღვევით იყო დამაგრებული. მიუხედავად ამისა, [მოსამართლემ] კანონის დარღვევით მოპოვებული ვიდეო- მასალა საქმეზე დატოვა. გასულ სასამართლო სხდომებზე ჩვენ გვქონდა გადაცემული წერილობითი პოზიციები მათ დაუშვებლობასთან დაკავშირებით. სასამართლოს, თითქმის, ორი კვირა ჰქონდა პოზიციის მოსამზადებლად - რატომ უშვებდა გარკვეულ მტკიცებულებას ან რატომ არ უშვებდა, როგორც წესი, მოსამართლეებს მსგავსი ფუფუნება არ აქვთ. ორი კვირაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ სასამართლოს სამართლებრივი არგუმენტაცია მოეფიქრებინა. უბრალოდ, ფორმალურად თქვა, რომ არ აკმაყოფილებს, რაც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინდიკატორი უნდა იყოს, რა სტანდარტით იქნება მიღებული ამ მტკიცებულებების დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე მიუთითებს „ორგანიზებულ დანაშაულზე“, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ აქვთ წარმოდგენილი, რომ ბრალდებულები ერთმანეთს იცნობდნენ, შესაბამისად, დაცვის მხარე თვლის, რომ მათ მიმართ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო. „არა თუ დადასტურებული მტკიცებულება, არამედ მინიშნებაც კი არ არსებობს ამ ადამიანების [ბრალდებულების] ნაცნობობასთან დაკავშირებით, საკმარისზე მეტი ინფორმაციაა იმისთვის, რომ დევნა ამ ეტაპზე შეწყვეტილიყო. ბუნებაში არ მოიძებნება არანაირი არგუმენტი ჩვენი პოზიციების საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი ახსნისა და განმარტების გარეშე უბრალოდ სასამართლომ უარი თქვა ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე“, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. საქმის არსებითი განხილვა 2 აპრილს ჩაინიშნა.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)