08:09 - 22 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 02:11:27, 353 ნახვა

პოლიტიკა
მაგნუს ბრანერი - ევროკავშირი კვლავაც სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ

უკვე ორმოცდაათ დღეზე მეტია, ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში უპრეცედენტო საპროტესტო აქციებს მართავენ, იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, როგორ ევროპული ოჯახის წევრის, დემოკრატიული მომავლისთვის. მათი პასუხობენ ძალადობრივი რეპრესიებითა და დაშინებით, ასევე დაკავებებით, საქართველოს პროგრესირებადი დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაგნუს ბრანერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აამოქმედა რამდენიმე საკანონმდებელო ცვლილება, რაც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას.

„ძალადობა და სიძულვილის ენის გამოყენება დემონსტრანტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ და მედიის წარმომადგენელთა მიმართ, ასევე გავრცელებულია ინფორმაცია საჯარო მოხელეთა სამსახურებიდან პოლიტიკურ მოტივით გათავისუფლებისა და ასევე სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარები სრულიად მიუღებელია“, – აღნიშნა ბრანერმა.

მაგნუს ბრანერის თქმით, ბევრი დაკავებული დემონსტრანტს პოტენციურად ემუქრება პატიმრობა და ამავე დროს, დღემდე არცერთი სამართალდამცველის წინააღმდეგ ბრალი არ წარუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და არსებობს დაკავებული მომიტინგეების წამების ბრალდებებიც, რაც წარმოადგინა საქართველოს ომბუდსმენმა.

„ასეთი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რომელიც საქართველოს აქვს, ევროკავშირი კვლავაც სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სწრაფი ნაბიჯები გადადგან დაძაბულობის განმუხტვისთვის. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ძალადობის შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული და ამ უკანონო ქმედებებში ჩართული სამართალდამცავი სტრუქტურების ოფიციალური პირების მიმართ შედეგები უნდა დადგეს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს ეუთო-ს საბოლოო დასკვნაში ხაზგასმული რეკომენდაციები და შეისწავლონ ყველა გზა, რომ აღდგეს ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი, რაც უნდა მოხდეს ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქოს სექტორთან დიალოგით, რაც, მისი თქმით, მოიცავს ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეთა მოთხოვნის გათვალისწინების შესაძლებლობის განხილვას.

როგორც მაგნუს ბრანერმა აღნიშნა, შარშან ევროკომისიამ მიიღო ზომები საქართველო ხელისუფლების განგრძობადი დემოკრატიული დაღმასვლის საპასუხოდ. მათ შორის მოხდა პოლიტიკური კონტაქტების შემცირება და შეჩერდა დახმარება მთავრობისადმი, საუბარია 30 მილიონზე, რომელიც გამოყოფილი იყო სამშვიდობო ფონდიდან, და 121 მილიონზე, რომელიც გამოყოფილი იყო მთავრობის მხარდაჭერის პროგრამებით.

„ამავე დროს, ჩვენ კვლავაც ვდგავართ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის გვერდით, 8,5 მილიონი ევრო უკვე გადავამისამართეთ მათი მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, დამატებითი თანხები გადავამისამართოთ საკომუნიკაციო აქტივობებისკენ, რომლებიც მიმართული იქნება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, დე ფაქტო შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. 2024 წლის დეკემბერში ევროპელმა ლიდერებმა გაიმეორეს ევროკავშირის სერიოზული შეშფოთება საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსისადმი და მათი გადაწყვეტილებისადმი, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. ევროპულმა საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლიდა კურსს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ნახსენები კურსი არ შეცვალა. დეკემბერში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე მხარი დაუჭირეს საქართველო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება, კომისიამ სწრაფად მოამზადა შესაბამისი წინადადება და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული იანვრის ბოლომდე. ეს გადაწყვეტილება იქნება მკაფიო პოლიტიკური გზავნილი, რომ ხელისუფლებას პასუხს ვაგებინებთ. შარშან საგარეო საქმეთა საბჭომ ასევე გამართა პირველი დისკუსია სანქციების მიღებასთან დაკავშირებით იმ ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევენო საბჭოს სხდომაზე, 27 იანვარს დისკუსიები საქართველოს საკითხზე გაგრძელდება. ჩვენ ასევე თვალყურს ვადევნებთ ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიებს და ვხედავთ, რომ რეზოლუციები იყო მიღებული ხმათა დიდი უმრავლესობით. ჩვენ ღია ვრჩებით, განვიხილოთ შემდგომი ზომები საქართველოში სიტუაციის განვითარების შესაბამისად“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაგნუს ბრანერი - ევროკავშირი კვლავაც სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ
ნატალი ლუაზო - საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც არაფერს აკეთებს, ეს სირცხვილია, ანგარიშია პუტინი - 1, ევროპა - 0
რასა იუკნევიჩიენე - ევროპამ უნდა დააკისროს სანქციები პასუხისმგებელ პირებს, კერძოდ ბიძინა ივანიშვილს
ტობიას კრამერი - ქართული ოცნება პანიკაშია - მათ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics