03:55 - 16 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 01:02:33, 294 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა - SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა

ცნობისთვის, 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტის  აზერბაიჯანში ექსტრადირების მოთხოვნა დააკმაყოფილა - აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, 2025 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ეხებოდა.

"2025 წლის 15 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხებოდა.

აღნიშნული სასამართლო იყო უკანასკნელი ინსტანცია, რომელსაც დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის უფლებების დაცვა და მისი ექსტრადიციის შეჩერება შეეძლო. ამით, აფგან სადიგოვის საქმის განხილვა საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა დაასრულეს. სამწუხაროდ, მათ არ აღმოაჩნდათ სათანადო დამოუკიდებლობა და კეთილსინდისიერება, რომელიც დევნილი ჟურნალისტის აბსოლუტური უფლებების დაცვას გახდიდა შესაძლებელს". - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციამ სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენებასა და აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის შეჩერების საკითხზე 2025 წლის 10 იანვარს მიმართა.

2025 წლის 14 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2025 წლის 15 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2025 წლის 10 იანვარს (მანამდე კი 2024 წლის 9 დეკემბერს) მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim measure) გამოყენება და აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შეჩერება. ეს მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და საჭირო ხდება სახელმწიფოების კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების შეჩერება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებისა და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, აფგან სადიგოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს 41-ე წესის საფუძველზე უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

ეს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული სასამართლოების დონეზე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული საქმის განხილვა. ამასთან, არსებობდა თეორიული შანსი, რომ სააპელაციო სასამართლოს დაეკმაყოფილებინა აფგან სადიგოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება. ევროპული სასამართლო არ შეიჭრა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში და დაელოდა ეროვნული დონეზე სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ბოლომდე ამოწურვას. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე ევროპული სასამართლო სწორედ ეროვნული სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს.

ამ წუთებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგზავნის წერილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ ვითხოვთ, დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადის გაგრძელებას, რაც უზრუნველყოფს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის“ შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს პირის ექსტრადიციას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეუძლია მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება საერთაშორისო ვალდებულებებისა და ჰუმანიტარული მიზნების გათვალისწინებით. როგორც ცნობილია, ანრი ოხანაშვილს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეზე, რომელსაც აშკარად გამოხატული პოლიტიკური კონტექსტი აქვს, ანრი ოხანაშვილი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და შეაჩერა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია. ევროპული სასამართლო აღმოჩნდა ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელმაც ამ კრიზისულ სიტუაციაში ორი ხელისუფლების მიერ ადამიანის აბსოლუტური უფლებების დარღვევა შეაჩერა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ანრი ოხანაშვილს:

ჯეროვნად აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება და არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში, ამ მიზნით მიიღონ ყველა ზომა, მათ შორის, შესაბამის უწყებებთან დროული კოორდინაცია.

არ დაუშვან აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი რისკი არსებობს, და უპირობოდ დაიცვან საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში.

დროებითი ღონისძიების გახანგრძლივების საკითხზე ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწვდის". - წერია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა - SJC
ბაიდენის ადმინისტრაციამ ვადის ამოწურვამდე რუსეთს და მის მოკავშირეებს კიდევ ერთი სანქცია დაადო
ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
დღეს გამოცხადებულ გაფიცვას კომპანია დეიზი რეკლამაც შეუერთდა - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics