22:02 - 22 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 12:29:59, 488 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - დღეს, საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, პაკეტი ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება.

"დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან – "ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომელშიც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში.

გაგაცნობთ ძირითად ასპექტებს, რა იქნება მოწესრიგებული ამ კანონების მეშვეობით. 19 კანონისგან შემდგარი პაკეტია, საიდანაც არის ერთი ძირითადი კანონი, 18 გამომდინარე კანონი. მიჰყვება იმ სტრუქტურას და ლოგიკას, რაც კონსტიტუციურ კანონპროექტშია.

პირველი არის ქორწინების საკითხი. როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით. თუმცა, ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბარი, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნას შემოღებული საქართველოში. ამიტომ, კანონით დაუშვებელი იქნება, რომ ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს  კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება - ანუ, არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს. აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანა, რომელიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ, ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, როცა საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა.

მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას. კერძოდ, აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.

მეოთხე - სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი. აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.

მეხუთე - პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება. კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მეექვსე - ინფორმაციის გავრცელება. მათ შორის, ეს ეხება მაუწყებლებს. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მნიშვნელოვანია შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგნლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის, ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ ეს სცენები იქნება დაუშვებელი, რომ გადაცემული იქნეს მაუწყებლის ეთერში.

მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხებს. აქ დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტიც პოპულარიზაციისკენ.

მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულვებელყოფისკენ.

ეს არის ის რვა საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით. გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში, ისევე, როგორც შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს 10 წელია, აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ.

ეს გახლავთ ძირითადი შინაარსი, ასპექტები ცვლილებებისა, რომელიც დღეს დაინიცრდება და იქნება საჯარო ყველასთვის. რაც შეეხება პროცედურებს, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, ვისაც სურს, იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში ჩვენ ვნახეთ სრული მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან, ასევე 17 მაისს გამართული მასშტაბური აქცია, ფაქტობრივად, იყო სახალხო რეფერენდუმი ამ კანონის მხარდაჭერისა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება“,- თქვა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი პრემიერობის კანდიდატსა და ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას არჩევნების შემდეგ დაასახელებს
პუტინი - რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია
ზელენსკი - უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებას არ განიხილავს
ზურაბიშვილი მოლდოვაზე და უკრაინაზე - დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში სამივე ერთად ძალიან მალე შევალთ

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics