01:25 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 20:56:35, 247 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - საქართველოს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც ჩვენ მტკიცედ დავდგებით ღირებულებების სადარაჯოზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ "საყოველთაო სახალხო შეკრებაზე" მისულ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

პაპუაშვილის თქმით, "საქართველოს და ქართველებს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც ჩვენ მტკიცედ დავდგებით ჩვენი ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე".

"35 წლის წინ აქ, ამ გამზირზე შეკრებილმა ქართველმა ერმა შეჰფიცა, რომ არ დათმობდა თავის სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ მრწამსს, არ გადაუხვევდა თავისუფლების გზიდან და ფიცისთანავე საკუთარი სისხლით დაამტკიცა მიღებული ურყევი გადაწყვეტილება.

ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და დავიწყეთ სვლა თავისუფლებისკენ, შევუდექით საკუთარი თავის ხელახალი შეცნობის მძიმე, მაგრამ გარდაუვალ გზას და მოვედით დღევანდელ დღემდე.

ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ამ ისტორიული ადგილის მნიშვნელობას, არის - დამოუკიდებლობა. „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ - ეს იყო ის მოწოდება, რომელმაც ქართველი ერი საერთო მიზნით დამუხტა და თავისუფლება მოგვაპოვებინა.

დღეს, ჩვენ კვლავ ვდგავართ აქ, ერთ მუშტად შეკრული დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები, ვინაიდან ვიცით, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის ღირებულებებია, რომლებსაც მუდმივად სჭირდება დაცვა და გაფრთხილება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ყოფილა დღე, როდესაც ჩვენი თავისუფლება დასაცავი არ ყოფილიყო. ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა და ემუქრება ხილული და უხილავი საფრთხეები, იქნებოდა ეს საბჭოთა ტანკები თუ ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისა და ღირებულებების გადაგვარების თანამედროვე მცდელობები.

ვხედავთ, ზოგიერთის სურვილს, რომ საქართველო იყოს სხვა ძალების ინტერესების გატარების ინსტრუმენტი, სხვების ნება-სურვილის შემსრულებელი სატელიტი ქვეყანა. ჩვენთვის კი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო და დარჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები.

ამიტომაც არის, რომ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეროვნულ თვითმყოფადობას, ხდება პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში - იქნება ეს მტერი თუ მოყვარე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ გაერთიანებაში, უნდა ემსახურებოდეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებს და არა პირიქით.

ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს ვიცავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ. პირიქით, საქართველოს და ქართველებს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც ჩვენ მტკიცედ დავდგებით ჩვენი ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია - ჩვენი ვაზით, ჩვენი რწმენით, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიით. ამიტომ, ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები; ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა. ეს უნდა გაითავისოს დიდმაც და პატარამაც, შინაც და გარეთაც.

დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას - ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენს ცხოვრებაზე უცხოური გავლენა.

ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ გვიპირისპირდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ სიამაყე ჩვენი თვითმყოფადობის გამო, არ გააჩნიათ ეროვნულობის განცდა და კუთვნილება ქართულ საწყისებთან. ისინი საქართველოზე უფრო მაღლა აყენებენ უცხოეთს, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქართველმა კაცმა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი ბედი და მომავალი.

ჩვენი თაობებისათვის „დამოუკიდებლობა“ და „თავისუფლება“ არ არის მხოლოდ სიტყვები. ამ სიტყვებთან დაკავშირებულია ბრძოლა, მსხვერპლი, ტკივილი და დიდი სიხარულიც. ჩვენი ვალია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამაც გაიაზროს, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის არავის უჩუქებია, რომ მას მუდმივად ესაჭიროება დაცვა და განმტკიცება.

საკუთარი თავის შეცნობა მართლაც მტკივნეული აღმოჩნდა და კარგად გამოჩნდა, ვინ რას უწოდებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ სწორად გაგვიგია, სწორად შეგვიცნია რა არის საქართველო, რა არის მისი სული და ღერძი.

ჩვენ ამაყი და შეუდრეკელი ერი ვართ, გონიერი და სრულფასოვანი. ამიტომაც ვართ აქ დღეს, ერთმანეთის მხარდამხარ ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად.

მინდა, აქ მოსულ თითოეულ ადამიანს, დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, ერსა და ბერს, საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მოქალაქეს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების დაცვისათვის.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics