|
2024-04-04 20:46:34, 488 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ
ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოეთის აგენტების ან გავლენის შესახებ, რადგან ეს წინააღმდეგობაშია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ძალისხმევასთან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რათა ნატოს და ევროკავშირს დაუახლოვდეს. „ევროკავშირსაც ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ ვსტუმრობდი თბილისს და ჩემი მთავარი გზავნილი შეეხებოდა რეფორმების მნიშვნელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. ასევე მკაფიოდ ვთქვი, რომ ქართველ ხალხს სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ნებისმიერი კანონი, რომელიც წარადგენს უცხოეთის აგენტის იდეას, ვშიშობ, იმოქმედებს ძალიან ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც ოპერირებენ საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოშიც, და ძირის გამოუთხრის საქართველოს ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად გადაქცევის იდეას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, გუშინ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში გუშინვე დააინიცირეს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში პირველად 2023 წლის თებერვალში დაინიცირდა. მაშინ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა" იყო. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდებოდა ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდებოდა. კანონპროექტის ინიცირებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებოდნენ, რომ ასეთ კანონს შეეძლო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნა. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, „ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, „ამერიკული კანონის ანალოგი" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, „ნაკლებად ლიბერალური" იყო. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. თავად საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, 8 მარტს კი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა, თუმცა 9 მარტს უკან გამოიწვია, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)