|
2023-07-24 16:39:06, 1145 ნახვა
სამართალი
ჯაფარიძეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მომხდარი ძალადობის ბრალდებით დაკავებული სოსო მაისურაძე სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა მიიღო. დაცვის მხარის განცხადებით, მაისურაძის განწყობები რადიკალურად შეცვლილია და დანაშაულის გამეორების საფრთხე აღარ არსებობს. "სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ ეტაპზე აღარ არსებობდა პატიმრობის გამართლების კანონიერი საფუძვლები და შესაბამისად, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა შეუცვალა გირაოთი. მან ჩემთან საუბარში დაადასტურა, რომ ეს იყო აღელვების ნიადაგზე მოქმედება, რომელსაც დადებითად არ აფასებს დღევანდელი გადმოსახედიდან. მისი განწყობები რადიკალურად არის შეცვლილი და რამე ახალი საფრთხე მსგავსი რამის გამეორებისა, არ არსებობს",- თქვა ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, ბრალდებულისთვის გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდნენ. "რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიცია არის იგივე, რაც იყო პირველივე წუთებიდან. ბრალდების მხარე მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვდა გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანას",- განაცხადა დოხნაძემ. ცნობისთვის, 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, სოსო მაისურაძემ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას" დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობა განახორციელა. 17 ივნისს, მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს თავს პატრიარქისა და ეკლესიის "შეურაცხყოფისთვის" დაესხა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მაისურაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარუდგინეს (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)