|
2023-05-03 11:43:32, 1061 ნახვა
საზოგადოება
TI - საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა საშიში ხდება
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირების „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმოხილვას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს. მათი ცნობით, მედიაგარემოს გაუარესების გარდა, ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება, იკვეთება ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტებაა. TI-ის ცნობითვე, მედიაგარემოს გაჯანსაღება პირდაპირ კავშირშია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებასთან. რისთვისაც, პირველ რიგში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია. „ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები: გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დასაჯოს დამნაშავეები, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეებმა კი მოხსნან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში“,- აღნიშნულია მიმოხილვაში. გარდა ამისა, TI-ის შეფასებით, ქართულ მედიაგარემოს კიდევ უფრო აზიანებს კლეპტოკრატიული მმართველობის გაძლიერება, როდესაც მმართველი ელიტები ქვეყნის რესურსების მიტაცებით მდიდრდებიან და საკუთარ ძალაუფლებას და გავლენას აფართოებენ. „კლეპტოკრატია პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციასთან და მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების სხვადასხვა გზით გაჩუმება, მათ შორის მათ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით. საქართველოში საშიშ ტენდენციად ყალიბდება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში, ცილისმწამებლური განცხადების გამო, კოორდინირებულად შეტანილი სარჩელების საგანგაშოდ მზარდი რაოდენობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის - „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ მომჩივანების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ბოლო წლებია აკვირდება სასამართლო პროცესების წარმართვის დამკვიდრებულ პრაქტიკას, სადაც კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი მაინც ჟურნალისტზე გადადის. არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტურ საქმიანობაზე წნეხის გასაძლიერებლად, ცილისწამების სარჩელით უშუალოდ ჟურნალისტის პირადი ანგარიშების და ქონების დაყადაღებას მოითხოვენ. კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკვე საერთაშორისოდ აღიარებული უკუსვლის ფონზე მიმდინარეობს, სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს“,- ვკითხულობთ TI-ის მიმოხილვაში. აღნიშნულია ასევე ისიც, რომ 2022-2023 წლებში ხელისუფლებამ კანონში შეიტანა ნეგატიური ცვლილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას. „2022 წლის მარტიდან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ამოქმედებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მაუწყებლების ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობაზე. ცვლილებების მიხედვით აიკრძალა აზარტული თამაშების, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის განთავსება. აღნიშნული კომპანიები მედიის მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ და იმთავითვე არსებობდა მოლოდინი, რომ აკრძალვა მედიაბაზარსა და მედიის შემოსავლებზე ნეგატიურად იმოქმედებდა. კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2022 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა. პრობლემების წინაშე არიან ის მედიასაშუალებებიც, რომლებიც პოლიტიკური აფილირებისგან შორს არიან და ამასთან, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევიან. 2023 წლის 1 თებერვალს რეგიონულმა (სამეგრელო-ზემო სვანეთი) ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“ გაავრცელა განცხადება 12-წლიანი საქმიანობის შემდეგ ფუნქციონირების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა. მედიასაშუალება 2011 წლიდან არსებობდა და რეგიონის მოსახლეობაში მაღალი ნდობით სარგებლობდა. 2022 წლის ბოლოს პარლამენტმა მიიღო მორიგი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლითაც სხვა სადავო საკითხებთან ერთად, გაფართოვდა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება და რეგულირებაში გადავიდა სიძულვილის ენა. ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს (მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე) შეიცავს თუ არა გადაცემა ან პროგრამა სიძულვილის ენას და გამოიყენოს სანქციები (მაგ., დაჯარიმება, ლიცენზია/ავტორიზაციის შეჩერების დაწყება). კანონი ფართო განხილვისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვის გარეშე შეიცვალა. საკანონმდებლო ორგანომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები კანონპროექტის რისკებზე კრიტიკული აზრის შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით. “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებები მოგვიანებით ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ნეგატიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ “კანონის მთელი რიგი ასპექტები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს”. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის მარეგულირებელი კომისიის ხელისუფლების მიმართ მიკერძოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა მედიის და კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად იყოს გამოყენებული“,- ვკითხულობთ მიმოხილვაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სრულ მიმოხილვას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)