|
2023-03-16 09:35:13, 874 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. WWTG-ს თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ეს კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდას, მათ შორის, ამ ჯგუფის წევრ ქვეყნებს შორის. ერთი წლის განმავლობაში, საქართველო სათავეში ჩაუდგება და კოორდინაციას გაუწევს ჯგუფის მუშაობას. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში გაიმართება WWTG-ის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც განხილული იქნება ღვინის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი საკითხები", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, რომელიც ბელგიის დედაქალაში გამართული ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა. მათივე ცნობით, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებას და მისი წევრები საქართველოსთან ერთად, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ურუგვაი არიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით. აღსანიშნავია, რომ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარეობა ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით იცვლება. საქართველო WWTG-ის 2014 წელს თავმჯდომარეობდა. აღნიშნულ პერიოდში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება და დოკუმენტების შემუშავება, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის პროცედურებს ამარტივებს. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) მიერ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი დადებითად შეფასდა. 2014 წლის აგვისტოში, თბილისში გამართულ WWTG- ს პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს, ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ, ორგანიზაციაში დღესაც „თბილისის განცხადება" ეწოდება.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)