|
2023-03-10 11:43:54, 1181 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - გვსურს, ვიხილოთ, რომ დააჭირონ ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყონ კრემლის მიერ შთაგონებული კანონები
გვსურს, ვიხილოთ, რომ დააჭირონ ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყონ კრემლის მიერ შთაგონებული კანონები,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანის თქმით, საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს, იხილოს, რომ მათი მთავრობა ასრულებს თავის დაპირებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. „საქართველოს მოსახლეობამ, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა, ისაუბრეს ხმამაღლა, მკაფიოდ და მმართველმა პარტიამ ბოლოს და ბოლოს მოუსმინა მათ. ახლა ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს ხელი წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარყოს ეს კანონები, რომლებიც შთაგონებულია კრემლის მიერ და არ არის აუცილებელი საქართველოში. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონები. უკვე არსებობს საკმარისი დაცვა და გამჭვირვალობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული მთელი ფინანსური დახმარება გამოყენებული იყოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის, იმ ქართველების დასახმარებლად, ვინც ბევრს მუშაობს ადგილობრივი თემების დასახმარებლად მთელ ქვეყანაში. ამას აკეთებს უცხოური დახმარება საქართველოში 30 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, ნახოთ ამ ქვეყნის თითქმის ყველა თემი და თქვენ დაინახავთ ძალიან ბევრ კარგ, პოზიტიურ სამუშაოს, რომელიც სრულდება. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს, იხილოს, რომ მათი მთავრობა ასრულებს თავის დაპირებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და ვიმედოვნებ, რომ მთელი ყურადღება და ენერგია ახლა ამისკენ წარემართება. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სწორედ ქართველი ხალხია, ვინც პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას, შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების ეს დაპირება“,- განაცხადა დეგნანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით. შეგახსენებთ, გუშინ, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
ზელენსკის განცხადებით, ტრამპმა უკრაინას უღალატა
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი – ძლიერი საქართველო
საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა - თევზაძე სარჩელზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)