|
2021-03-15 15:15:41, 530 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რეზიდენტი საბანკო დაწესებულებების და არარეზიდენტი ფიზიკური პირების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - გ.კ., კ.ა., ლ.გ., ვ.ნ. და შ.ი. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი სასტუმროების ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ლ.გ-მ, ვ.ნ-მ, შ.ი-მ მათივე მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და პოს ტერმინალისა და „ჯეო ფეის" საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ. აღნიშნულით, მათ მიეცათ შესაძლებლობა პოს ტერმინალში და „ჯეო ფეის" გადახდის სისტემაში, სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ბარათების მონაცემების შეყვანის გზით, ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე. მსჯავრდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებ-გვერდების მეშვეობით. დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, მსჯავრდებულებს, პოს ტერმინალში და ,,ჯეო ფეის" საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები, რა გზითაც ბარათებიდან ჩამოჭრილ დიდი ოდენობით თანხებს წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად ინაწილებდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. ზემოაღნიშნული ქმედებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 671 153 ლარის ოდენობის ზიანი მიადგათ. გ.კ-მ და კ.ა-მ დანაშაულებრივად დაუფლებული თანხების ნაწილი, მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლების დამალვისა და შენიღბვის მიზნით დაანაწევრეს და 2018 წლის 17 ივნისიდან 2018 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში, მათივე სარგებლის გამოკლებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით რუსეთის ფედერაციაში გაუგზავნეს დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს, რითაც მოახდინეს 64 472 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. გ.კ. და კ.ა.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა'' და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ.გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", მე-3 ნაწილის „ბ"და მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვ.ნ-მ, შ.ი.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - აღნიშნულია ინფორმაცაში.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)