|
2015-09-17 10:09:00, 792 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკამყოფილა. „2015 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელი N646). მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ პარალელურად რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ 9 თვეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაპატიმრება თანაბრად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით. შესაბამისად, თითოეული სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის 9 თვიანი ზღვრული ვადის გამოთვლისას ამ ვადაში უნდა ჩაითვალოს ის პერიოდი, რომელიც პირმა ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გაატარა მის მიმართ წარმოებული სხვა საქმის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Šebalj v. Croatia, განცხადების ნომერი - 4429/09, 2011 წლის 28 ივნისი), რომლითაც მსგავსი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე ბრალდებულისთვის კანონით განსაზღვრული პატიმრობის ვადის გაგრძელება კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას. მოსარჩელე ასევე პრობლემურად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე ბრალდებულისათვის პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. მისი აზრით, აღნიშნული არ წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დაცვის საკმარის გარანტიას. სასამართლომ მიუთითა, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდების საფუძვლიანობაში, და ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხის არსებობაში. შესაბამისად, ამ ნაწილში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)