|
2025-12-19 13:08:34, 2905 ნახვა
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
ბრიტანეთის ყოფილი პემიერის, ბორის ჯონსონის გარდა, თავად ზელენსკიმაც განაცხადა, რომ მას ბაიდენის დროსაც მკაფიოდ ეუბნებოდნენ – უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ეს არის სამწუხარო მდგომარეობა, ნატო-ს გაფართოების გამო დაწყებული ომის ბოლოს, უკრაინას და სხვებს ეუბნებიან, რომ ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას. „ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას, – სინამდვილეში, ეს ითქვა ბორის ჯონსონის პირით. უკრაინა ოთხი წელია, აწარმოებს, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი და ამ ომის ბოლოში ეუბნებიან, რომ არც არასდროს აპირებდნენ უკრაინის ნატო-ში მიღებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, ყოველ წელს ისმოდა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები. „ჩვენ გვესმოდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, წლიდან წლამდე, ყოველ წელს გვესმოდა ღია კარი, რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები. ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გახდება, გახდება, გახდება წევრი. ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში. ამას ორი ახსნა აქვს. ერთი, ეს არის მიამიტობა, შეიძლება, რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა. მეორე – ეს არის მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა აღქმა, ძალიან რომ უყვართ ხოლმე ევროპიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ და ევროპელებსაც, რომ აგერ უკვე ღია კარის პირას არის მიმდგარი, უკვე სარკმელზეა, შეაბიჯებს, ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ. საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ომი რომ დაიწყო, არც ერთი ნატო-ელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში. ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ასე აშკარად ვხედავთ. ეს არის სწორედ სამწუხარო რეალობა. სინამდვილეში, ამაში ახალიც არაფერი არ არის. ჩვენ, ქართველებს გვშველის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ვინაიდან სინამდვილეში არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო მოწყობილი ყოველთვის სამყაროს პოლიტიკა, უბრალოდ, გარკვეული პერიოდი ძალიან კარგად ფუთავდნენ, გვაწვდიდნენ ლამაზად იმ წარმოსახვით რეალობას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ქართული ოცნების პროპაგანდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სიტყვებს ამახინჯებს. დღეს პროპაგანდისტულმა იმედმა და რეჟიმის სხვა პროპაგანდისტულმა მედიებმა ბორის ჯონსონის მიერ 9 დეკემბერს გაკეთებული განცხადება არასრულად გააშუქეს და სრული კონტექსტის გაქრობით წარმოაჩინეს, რომ თითქოს ჯონსონმა სრულიად უარყო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები. "[პუტინი უკრაინაში შეიჭრა] არა იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ს მიერ იყო დაცული ან იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდებოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ს მიერ დაცული არ იყო" - თქვა ჯონსონმა 9 დეკემბერს. ოცნების პროპაგანდისტული მედიების მიერ ჯონსონის განცხადების დამახინჯებულ გაშუქებას რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან ჯონსონის "აღიარებით" აღშფოთებული განცხადებები მოჰყვა. ამასთან, მაჭავარიანი აღნიშნულ პოსტში რუსული პროპაგანდას იმეორებს და ამბობს, რომ თითქოს, 2022 წელს ბორის ჯონსონმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ჩაშალა და უკრაინას ომის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ოცნების პროპაგანდის მიერ ჯონსონის დამახინჯებული განცხადება სოციალურ ქსელში ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც გააზიარა - "ასე აბუჩად აიგდო მთელი ერი... ერები..." - დაწერა მან. აღსანიშნავია, რომ პაპუაშვილის გაზიარებულ იმედის ე.წ. ქარდზე ჯონსონის 2023 წლის განცხადებაცაა - "ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინის NATO-ში მიღების პროცესი, დავიწყოთ ახლავე". ჯონსონის ეს განცხადება წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რომ წინა წლებში ალიანსის წევრი ქვეყნების წინააღმდეგობის გამო უკრაინის გაწევრიანების შანსი არ იყო, რაც შესაბამისად, აქარწყლებს პუტინის მხრიდან ომის გამართლებას, რომ თითქოს უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რომ უკრაინას NATO-ში იღებდნენ. ხოლო, 2023-დან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ძალისხმევა და მცდელობები განახლდა იმიტომ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად NATO-ს საჭიროება კიდევ ერთხელ აჩვენა. "მისი განცხადება ამტკიცებს ჩვენი ხელისუფლების სიმართლეს, რომ დღემდე ვუძლებთ გაუგონარ საერთაშორისო ზეწოლას და დღემდე მიმდინარეობს საქართველოზე უსირცხვილო შანტაჟი სხვადასხვა - ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის თუ სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით" - თქვა სეფაშვილმა. გთავაზობთ ჯონსონის განცხადების სრულ ნაწყვეტს: ეს არის ქვეყანა, რომლის საზღვრებსაც ჩვენ ყველანი ვაღიარებთ და რომელიც 1991 წელს რუსეთმაც აღიარა. რომლის უსაფრთხოება ნომინალურად 1994 წელს იყო გარანტირებული და რომელიც არცერთ ეტაპზე არ წარმოადგენდა საფრთხეს ვლადიმირ პუტინის რუსეთისთვის. მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან NATO-ს შეხვედრას 2016–2022 წლებში და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების არანაირი შანსი არ არსებობდა - ასეთ ნებისმიერ წინადადებას მაშინვე ვეტოს დაადებდნენ საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და მრავალი სხვა ქვეყანა. ეს შავი ბურთებით სავსე ხიზილალის თასი იქნებოდა. ამიტომ პუტინის მტკიცება, თითქოს მას [უკრაინაში] შეჭრა NATO-ს გაფართოებამ აიძულა, არის შემაძრწუნებელი სიცრუე. სინამდვილეში ის არის ექსპანსიონისტი, ის არის რევანშისტი და ნეოიმპერიალისტი, რომელმაც უკრაინის დაპყრობა დაისახა მიზნად, რადგან ეშინია იმ შედეგების, რომელსაც მისთვის - პუტინისთვის, კრემლისთვის - უკრაინის არჩევანი - მოსკოვისგან დაშორებით, თავისუფალი, პლურალისტური, დემოკრატიული დასავლეთევროპული იდენტობისკენ სვლა - მოიტანს. ეს არის ის, რაც მას სძულს. ეს არის ის, რისიც ეშინია. და სწორედ ამიტომ შეიჭრა [უკრაინაში]. მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ს მიერ იყო დაცული ან იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდებოდა, არამედ სწორედ იმიტომ, რომ უკრაინა NATO-ს მიერ დაცული არ იყო.
ნავროცკი არ გამორიცხავს უკრაინისთვის მიგ-29-ების გადაცემის საკითხს
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ზელენსკიმ ალიევს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
პუტინი ზელენსკიზე - ის ხელოვანია, ნიჭიერი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ჩვენ მისი ფილმები გვინახავს
|
რედაქტორის რჩევით
პაპუაშვილმა დეზინფორმაციაზე აგებული ნატოს წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყო
მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ
ომი უკრაინაში
ნავროცკიმ ზელენსკის ვარშავაში ვიზიტს რუსეთისთვის ცუდი ამბავი უწოდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)