21:28 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-23 15:13:47, 3301 ნახვა

41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს და ასახავს იმ 41 ნაბიჯს, რომელიც მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” გადადგა ანტიევროპულ გზაზე.

“ამ ერთი წლის განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიიტაცა ხელისუფლება, მრავალგზის დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, რომ ის წავა ყველაფერზე – დათრგუნავს მოქალაქეების თავისუფალ ნებას, აწამებს თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეებს, შეზღუდავს პოლიტიკურ პლურალიზმს და გაწყვეტს ყოველგვარ კავშირს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუ ეს ყველაფერი ქვეყანაში “ქართული ოცნების” და ივანიშვილის ძალაუფლებას შეუქმნის საფრთხეს.” – წერს TI.

გთავაზობთ იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ უკანასკნელ ერთ წელიწადში გადადგა და რომელთა მიზანი ქვეყნის ევროპასთან დაცილება იყო:

ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები

  1. გააყალბა და რეალურად არ გამოიძია 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები. საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა დასკვნით საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. “ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა დაშინების, მოსყიდვისა და მანიპულაციების ყველა მეთოდი, ყველა ცენტრალური თუ ადგილობრივი საჯარო ინსტიტუტი ჩააყენა პარტიის სამსახურში, მასობრივად შეავიწროვა დამოუკიდებელი დამკვირვებლები და მობილიზება გაუკეთა ძალადობრივ ჯგუფებს. საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების (მათ შორის OSCE/ODIHR-ის) შეფასებით, არჩევნები ჩატარდა უთანასწორო გარემოში, სადაც მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად დაუქვემდებარა საკუთარ პარტიულ ინტერესებს, რითაც ფაქტობრივად მიითვისა ძალაუფლება და ქართველ ხალხს არჩევანის თავისუფლება წაართვა;
  2. პარლამენტი შეიკრიბა კანონის მოთხოვნათა იგნორირებით. “ქართულმა ოცნებამ” სასწრაფოდ მოიწვია პარლამენტის პირველი სხდომა და ცნო საკუთარი უფლებამოსილება ისე, რომ  არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდა (რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავდა) და არც პრეზიდენტ ზურაბიშვილის განკარგულებას პირველი სხდომის მოწვევის შესახებ. ასეთი პარლამენტის მონაწილეობით არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია;
  3. დაარბია და აწამა მშვიდობიანი დემონსტრატები, მათ წინააღმდეგ გამოიყენა ქიმიური იარაღი, არ დასაჯა უკანონო ბრძანების გამცემი და ამ ბრძანების შემსრულებელი პირები. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ძალები სასტიკად გაუსწორდნენ ათეულათასობით მშვიდობიან დემონსტრანტს; პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, აწამა და არაადამიანურად მოეპყრო 300-მდე მშვიდობიან დემონსტრანტს, თუმცა “ქართულ ოცნების” მთავრობას ერთი პოლიციელიც კი არ დაუსჯია. “ქართული ოცნება” საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას, თუ რა ქიმიური იარაღი გამოიყენა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს;
  4. საქართველოში გაჩდნენ სინდისის პატიმრები. მათი დაკავება და გასამართლება  არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებებს და არის პოლიტიკურად მოტივირებული;
  5. საქართველოში  ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმრავლესობა დაპატიმრებულია პოლიტიკური ნიშნით და იმავდროულად, მათ მიმართ აღძრულია ახალი საქმეები სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულების მოტივით. ბარიერგადალახული პარტიების 10 ლიდერიდან ექვსი ციხეშია, სამი გათავისუფლდა, ხოლო ერთმა იძულებით დატოვა ქვეყანა. თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებშია ბრალდებული და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
  6. ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა ნორმა გახდა. კრიტიკული ჟურნალისტებისთვის საქართველოში მუშაობა საფრთხის შემცველია. საგამოძიებო უწყებებს არ გამოუძიებიათ ჟურნალისტებზე მიზანმიმართული დევნის და ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ჟურნალისტებს არა მხოლოდ უკანონოდ აპატიმრებენ, როგორც ეს მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა, არამედ აქციების პერიოდში მათ მიზანმიმართულად ფიზიკურად უსწორდებიან. აქციების და შემდგომ პერიოდში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობის, დევნისა და შევიწროების 400-მდე შემთხვევას. თუმცა პასუხი არავის უგია; ბოლო 1 წელში, მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსიც. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2025 წლის მაისის ანგარიშით, საქართველომ 11 პოზიციით უკან დაიხია, 103-ე ადგილიდან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა და ისეთი ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიცაა – კოლუმბია, ფილიპინები და კენია.  
  7. მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული  არასამთავრობო ორგანიზაციების დევნასთან დაკავშირებით და დაიწყო რეპრესიები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.  დღეს 100-ზე მეტი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია სხვადასხვა ტიპის მონიტორინგის ქვეშაა. 7 არასამთავრობო ორგანიზაციას გაუყინეს საბანკო ანგარიშები და დაკითხვებზე დაიბარეს ორგანიზაციების ხელმძღვანელები ე.წ. პირბადეების საქმის ფალსიფიცირებული გამოძიების ფარგლებში;
  8. მოახდინა მოქალაქეთა შორის სოლიდარობის კრიმინალიზება. დააყადაღეს სოლიდარობის ფონდები და სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში იძიებენ მოქალაქეების მიერ ერთმანეთის დახმარების და  გვერდში დგომის ფაქტებს.
  9. შექმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ოპონენტების და პარტიების განადგურების და აკრძალვის მიზნით. ამ კომისიამ თვითნებურად მიითვისა ის უფლებები, რაც პარლამენტის რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული. ე.წ. “წულუკიანის კომისიამ”, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დააზიანა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა ქვეყანაში (მოითხოვა პარტიების აკრძალვა, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრებინა პოლიტიკური ლიდერები და ა.შ.), მეორე მხრივ კი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ისეთი კოლაბორაციონისტული პოზიცია დაიკავა, რომელსაც მხოლოდ რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები მიესალმნენ;
  10. ანტიდემოკრატიული და თავისუფლების შემზღუდავი კანონები

  11. პარლამენტმა მიიღო კანონი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და სტიგმატიზაციის მიზნით. “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების არა მხოლოდ ფინანსურ დაჯარიმებას, არამედ თავისუფლების აღკვეთასაც;
  12. “გრანტების შესახებ” კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუზღუდა მოქალაქეების დახმარება და ზოგადად მათი საქმიანობა შეუძლებელი გახდა. ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ გასცემს გრანტს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე “ქართული ოცნების” მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე; ეს შეუძლებელს ხდის, დახმარება გაეწიოს ათასობით საქართველოს მოქალაქეს.
  13. შეიზღუდა შეკრებების და მანიფესტაციების ჩატარება და მოხდა მიტინგების კრიმინალიზება. “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ერთი წლის განმავლობაში 5-ჯერ გაამკაცრეს  – დაიწყეს ჯარიმების გაათმაგებით და დაასრულეს პატიმრობის შემოღებით. ბოლო რედაქციით, დემონსტრანტს, რომელიც ქუჩის სავალ ნაწილზე გადავა ან პირბადე ეკეთება, 15 დღემდე ადმინისტრაციული წესით აკავებენ, განმეორების შემთხვევაში კი 1 წლის ვადით სისხლის სამართლებრივი სასჯელი ემუქრება. ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს 150-მდე მოქალაქეს, ერთი მოქალაქის მიმართ უკვე სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყო. მანამდე 1000-ზე მეტი პირი  დააჯარიმეს ადმინისტრაციული წესით, ზოგიერთი – არაერთგზის;
  14. დაიწყო დევნა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კრიტიკის გამო, გაჩნდა ცენზურის მცდელობები. გაიზარდა ჯარიმები საჯარო სივრცეში კრიტიკისათვის. პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან შეურაცხმყოფელი გადაკიდება 6 000 ლარიანი ჯარიმით ან  60 დღიანი  პატიმრობით დასჯადი გახდა;
  15. გაუარესდა საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო. შეიცვალა ცესკოს დაკომპლექტების წესი, გართულდა არჩევნებზე დაკვირვების წესი (ადამიანების იდენტიფიკაცია, სადამკვირვებლო მისიების რეგისტრაცია და ა.შ.),  უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ფაქტობრივად, ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ემიგრანტებს ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში შეეძლებათ. ასევე გაუქმდა მუნიციპალურ საარჩევნო სისტემაში 2021 წელს მიღებული ყველა ცვლილება, რომლებიც თავის დროზე ევროპული საბჭოს მაშინდელი პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების შედეგი იყო. ამ ცვლილებებით, “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად ერთპარტიული ადგილობრივი თვითმმართველობა მიიღო;
  16. გაუქმდა სიტყვის და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების გარანტიები. ცილისწამების დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს დაეკისრა; ჟურნალისტს, შესაძლოა, პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის გამო დააკისრონ, რომ არ გათქვა ინფორმაციის წყარო;
  17. მიიღეს მედიის შემზღუდველი კანონმდებლობა.  ამ ცვლილებებმა პრაქტიკულად გააუქმა მაუწყებლობის თვითრეგულირების მექანიზმი.  აიკრძალა მაუწყებლის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი უცხოური დაფინანსების (ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება, მათ შორის ტექნიკის გადაცემა, ტრეინინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვა. “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებით კი, უცხოური ფონდებიდან დაფინანსებას საერთოდ ვერ მიიღებს ონლაინ მედია, რაც მათი შემოსავლების ძირითადი წყარო იყო;
  18. გამარტივდა პოლიტიკური პარტიების გაუქმების წესი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება, რომ კონსტიტუციური სარჩელის შეტანიდან 14 დღეში გააუქმოს ის პარტია, რომელიც “იმეორებს” მანამდე გაუქმებული პარტიის მიზნებს, საქმიანობას ან პერსონალურ შემადგენლობას. ასევე, შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემთხვევაში პოლიტიკური საქმიანობა, სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში კენჭისყრის უფლება შეიძლება აეკრძალოს პოლიტიკური პარტიების წევრებს ან მათთან “დაკავშირებულ” პირებს;
  19. საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა “ქართული ოცნების”  სარჩელი 3 მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით. “ქართული ოცნების” და მის მიერ ხელოვნურად, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი სხვა “ფრაქციების” წევრებმა მოითხოვეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პარტია “ახალის” და “ლელოს” აკრძალვა. სარჩელი ეფუძნება ე.წ. კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის – ე.წ. “წულუკიანის კომისიის” დასკვნას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვე აქვს;
  20. გაუქმდა საჯარო მოხელეების გარანტიები და  მათი დევნა მარტივი გახდა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებებმა გააუარესა საჯარო მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობა და ფაქტიურად გააუქმა წლების განმავლობაში საჯარო სამსახურის რეფორმის ყველა მიღწევა. 1500-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლეს “ქართული ოცნების” მთავრობის კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ანტიდასავლური ქმედებების გაპროტესტების და განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო. ახალი ცვლილებებით, შუა რგოლის თანამდებობის პირები – დეპარტამენტის და სამსახურის მოქმედი უფროსები და მათი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად მიიჩნევიან და უწყების ხელმძღვანელს/მინისტრს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოსაზრებით შეუძლია მათი გათავისუფლება;
  21. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ე.წ. „ოფშორების კანონი“, რომელიც გადასახადისგან ათავისუფლებს ოფშორული იურისდიქციებიდან საქართველოში გადმოტანილ აქტივებს. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ოლიგარქებს მიეცათ საშუალება, გადასახადების გადახდის გარეშე საქართველოში გადამალონ ქონება;
  22. სასამართლო დარბაზები მედიისა და საზოგადოებისათვის დაიხურა. “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სხდომების აუდიო-ვიდეო გადაღებაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ასევე შეიზღუდა სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობა. სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ ყველა ინსტანციაში არ გასაჩივრდება გადაწყვეტილება, იგი საზოგადოებისათვის არ იქნება ხელმისაწვდომი; სასამართლოს შეუძლია სასამართლოს შენობაში შესულ პირს ჩამოართვას პირადი ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ფოტო, კინო, ვიდეო ან/და აუდიოსაშუალებები;
  23. პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლს აღარ განახორციელებს. პარლამენტის ახალი რეგლამენტით, ფაქტობრივად, გაუქმდა საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი მექანიზმები – მინისტრის საათი, თემატური მოკვლევის ინსტიტუტი. გაუქმდა კომიტეტის მნიშვნელოვანი ფუნქციები; კომიტეტი აღარ განიხილავს შემდეგ საკითხებს: თანამდებობის პირის არჩევა, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, პრეზიდენტის არჩევა, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება და სხვა საკითხები.
  24. “განათლების რეფორმა” ქართულ საგანმანათლებლო სირვცეს ევროპას აშორებს. საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს ჩამოაშორებს ბოლონიის პროცესს და ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ ქვეყნებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას შეუზღუდავს. “ქართული ოცნება” უტევს დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს (მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის “განცხადების” საფუძველზე, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს უნივერსიტეტის მიმართ). ირაკლი კობახიძე გეგმავს სახელმწიფო უნივერსიტეტების ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების პრივატიზაციას და მიღებული შემოსავლებით, ურბანული ცენტრების გარეთ,  საუნივერსიტეტო კამპუსების მშენებლობას.
  25. შეიზღუდა საზოგადოების ჩართულობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. “ქართულმა ოცნებამ” კანონმდებლობით გააუქმა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა. კანონმდებლობიდან ამოიღეს საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ყველა ნორმა, რაც ასევე ევროკავშირის მოთხოვნა იყო.

მმართველობის სტრუქტურული ცვლილებები

  1. გაუქმდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. კრიზისული სიტუაციების მართვის ოთახი იყო ბრიტანული მოდელი და იგი საშუალებას აძლევდა სხვადასხვა უწყებებს, რომ კრიზისული სიტუაციების დასაძლევად მაქსიმალური კოორდინაცია ჰქონოდათ;
  2. გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. რომლის მიზანი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება იყო. მართალია, თავისი არსებობის განმავლობაში ამ სამსახურმა, განსაკუთრებით ყოფილი პროკურორის – კარლო კაციტაძის ხელმძღვანელობით,  თავისი უუნარობა და არაეფექტიანობა აჩვენა, მისი გაუქმება მაინც უკან გადადგმული ნაბიჯი იყო;
  3. უქმდება ანტიკორუფციული ბიურო. დამოუკიდებელი, სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვილი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნა, რომელიც თავის თავში გააერთიანებდა ყველა ფუნქციას კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა იყო. კორუფციასთან ბრძოლის მაგივრად, „ქართულმა ოცნებამ“ ბიურო ჯერ არასამთავრობო სექტორის რეპრესიულ მექანიზმად აქცია, ხოლო ახლა მისი გაუქმებით ფორმალურად შესრულებულ ევროკავშირის რეკომენდაციასაც უსვამს ხაზს;
  4. უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ეს სამსახური თავის დროზე  ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით შეიქმნა;
  5. გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც დამოუკიდებელი და პროფესიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის შეიქმნა;
  6. გაუქმდა დაზვერვის სამსახური. დაზვერვის სამსახურის შერწყმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან იწვევს ერთ ინსტიტუციაში ძალაუფლების გადაჭარბებულ კონცენტრაციას;
  7. პარლამენტში გაუქმდა გენდერული თანასწორობის საბჭო. მსგავსი საბჭოები გაუქმდა ადგილობრივ საკრებულოებშიც. პარლამენტში ასევე გაუქმდა ღია მმართველობის საბჭო;
  8. გაუქმდა სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ. ეს ცენტრი რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა.

ანტიევროპული საგარეო პოლიტიკა და რუსულ სივრცეში ინტეგრაცია

  1. ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მტრად გამოაცხადეს ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები. კოორდინირებული თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე და დეზინფორმაციული კამპანიები დასავლეთის და ევროპის გაშავების მიზნით. მთელი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავს ესხმიან დემოკრატიული ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებს, მათი პარლამენტების წევრებს, მათ ელჩებს და არწმუნებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მათი სახით ე.წ. “დიპსტეიტი” იბრძვის საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ;
  2. აშშ-მ შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის საჯარო განცხადებამ ევროპული ინტეგრაციის შეჩერებაზე და კონკრეტულმა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა, რამაც სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები დაარღვია;
  3. “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა დასავლეთის საბიუჯეტო მხარდაჭერაზე. ეს ფინანსური დახმარება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე უნდა დახარჯულიყო.
  4.  დასავლური ქვეყნებისგან პერსონალური სანქციები მასშტაბური გახდა. „ქართული ოცნება“  საჯარო სექტორში დღემდე ინარჩუნებს დასავლეთის მიერ დასანქცირებულ 250-ზე მეტ თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „მაგნიტსკის სიაში“ მოხვედრილი მაღალჩინოსნების ნაწილსაც.
  5. “ქართული ოცნების” მთავრობა არ მონაწილეობს ევროპულ სტრუქტურებს. მან  უარი განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, “ევრონესტსა” და სხვა მნიშვნელოვან ევროპულ პლატფორმებში მონაწილეობაზე;
  6. შეიქმნა რუსული სტილის ანტიდასავლური პროპაგანდის მანქანა. მთავარ პროპაგანდისტულ საშუალებას ტელეკომპანია “იმედი” წარმოადგენს, რომლის დამფინანსებელი არის ბიძინა ივანიშვილი.
  7. “ქართული ოცნების” მთავრობამ განავითარა სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. ბოლო 10 წლის განმავლობაში პირდაპირი ჩინური ინვესტიციები 5-ჯერ გაიზარდა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში წლიური სავაჭრო ბრუნვა სამჯერ გაიზარდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ტურისტული ვიზების გაუქმების შემდეგ ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტები 83%-ით გაიზარდა.
  8. გაიზარდა რუსეთის კაპიტალის მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში. ბოლო წლებში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 66%-ით. ქართული ღვინის ექსპორტში რუსული ბაზრის წილი 67%-მდე გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-სეტემბერში რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის (1.2 მლნ) ტურისტი შემოვიდა საქართველოში;
  9. რუსეთიდან საქართველოს პორტში შემოვიდა რუსული კომპანიის ნავთობი, რომლის მფლობელი სანქცირებულია. ამჟამად ეს კომპანია “რუსნეფტი” სანქცირებულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ. საერთაშორისო მედიის ცნობით, 100 ათასი ტონა ნედლი ნავთობი გადასამუშავებლად მიეწოდა ახალგახსნილ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

“ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, ქართული საზოგადოება მთელი წლის განმავლობაში არ წყვეტს ბრძოლას. მას არ სურს ცხოვრება რუსული სტილის ავტორიტარიზმის პირობებში და მიაჩნია, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას, სადაც  დაცული იქნება ყველა მოქალაქის უფლება, სადაც ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს არჩევნების მიტაცებას და სადაც არ იქნებიან პოლიტიკური და სინდისის პატიმრები.” – წერს ორგანიზაცია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის
აშშ-მ უცხოური დრონების იმპორტი აკრძალა
400 ახალი საბაზო სადგური - სელფის მასშტაბური განახლება
ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციისგან მოისმინა ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მათი შეხვედრების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი