02:21 - 26 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 22:16:53, 2291 ნახვა

სამართალი
რას აბრალებს სუსი ბაჩო ახალაიას და მის მეუღლეს - დეტალურად

თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.

სუს-ის განცხადების თანახმად, თავდაპირველად დააკავეს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილიც, შემდეგ კი გამოუშვეს.

გამოძიება მის „ბრალეულობას“ კვლავ არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამაზე მომავალში იმსჯელებს.

გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „საქართველოში [4 ოქტომბრის მოვლენების] მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება ოთხი ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის  საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილისა და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.

საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტკავშირი.

მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს, აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი  იყო ბაჩანა ახალია.

საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების, აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტაპლიკაციებსა და ანნა ნადარეიშვილის აიპი (ამ შემთხვევაში ე.წ. ვაიფაის) მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, კერძოდ, ჯამში, ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის, მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. ამასთან, ხსენებული პირების მიერ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის, ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს შორის ინტერნეტკონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ, კერძოდ: 10 საათსა და 20 წუთზე; 11 საათსა და 35 წუთზე; 11 საათსა და 47 წუთზე; 16 საათსა 02 წუთზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტკონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგი ინტერნეტსესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე; 18 საათსა და 06 წუთზე. რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა,  4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ  აიპი მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე - 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე.

იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჭულაძის ორი სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ანნა ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე, პირველი - ცხრა საათსა და 21 წუთზე, მეორე კი 17 საათსა და 14 წუთზე.

რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბაჩანა ახალიასთან 4 ოქტომბერს, დღისით, სატელეფონო ინტერნეტკავშირი ჰქონდა 10 საათსა და 39 წუთზე, 19 საათსა და 20 წუთზე, 19 საათსა და 21 წუთზე, 19 საათსა და 29 წუთზე,  19 საათსა და 32 წუთზე, 19 საათსა და 34 წუთზე, 19 საათსა და 41 წუთზე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტკონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიშის დაწყების შემდგომ პერიოდს და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და შესაბამისად, დირექტივებს ბაჩანა ახალაიასგან იღებდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა ბაჩანა ახალიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტკავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაციებს შორის.

 4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტაპლიკაციით 20 საათსა და 12 წუთზე, ხოლო შემდეგი კავშირები 21 საათსა და 09 წუთზე; 21 საათსა და 15 წუთზე; 21 საათსა და 23 წუთსა და 22 საათსა და 08 წუთზე შედგა. გაგუა, ისევე როგორც ბაჩანა ახალია და ანნა ნადარეიშვილი, დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში. ამ შემთხვევაში, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტკავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა.

ამ ინტერნეტკავშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათზე, 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც 3 წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ ,,ქართული ოცნების’’ ცენტრალური ოფისისკენ.

როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში.

შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია. დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით, ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების  ჩატარების მიზნით, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანნა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს, იღებდა თუარა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანნა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე - მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანნა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა.  - აცხადებენ სუსში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე სერიოზულად ამბობს, რომ მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო რთული ევროკავშირისთვის, მათ შორის, ეკონომიკური
რას აბრალებს სუსი ბაჩო ახალაიას და მის მეუღლეს - დეტალურად
სუს-ის განცხადებით ახალაიასთან ერთად დაკავებული მეუღლე ანნა ნადარეიშვილი გათავისუფლებულია, იმის მიხედვით, როგორ ითანამშრომლებს იგი გამოძიებასთან
სუს-ი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი