18:12 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-31 13:29:25, 684 ნახვა

ეკონომიკა
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები

2025 წელს გამოჩნდა, რომ საქართველოს წლების მანძილზე კრიმინალი ჩინოვნიკები მართავდნენ. ბრალდებულთა შორის არიან „ქართული ოცნების“ ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სუსის უფროსი, გენერალური პროკურორი. ბრალდებების ჩამონათვალშია კორუფცია, ფულის გათეთრება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და მკვლელობის შეკვეთაც კი.

2025 წლის 29 იანვარს, შს სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძე-რომანოვს - „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" ედება ბრალად. 30 დეკემბერს, ყოფილ მთავარ პროკურორს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გამოცხადებულია ძებნა.

2023 წლის სექტემბერში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ქართველ-რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ“ ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა.

2025 წლის 24 დეკემბერს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა წინა დღით დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს - რომლის ახლო გარემოცვიდანაც მანამდე არაერთი ადამიანი დააკავეს. ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან - მათ შორის ქოლ-ცენტრებთან და ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ ეპიზოდებზე.

11 სექტემბრის შემდეგ დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე - ფულის გათეთრებისა და კორუფციის ბრალდებით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის [ფულის გათეთრება] ბრალდებით ასამართლებენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ჩხრეკისას მას სახლში 6 500 000 აშშ დოლარი აღმოუჩინეს. პროკურატურის შუამდგომლობით, ღარიბაშვილი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ნოემბერში პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა „ოცნების“ კიდევ ერთ პრემიერ-მინისტრს - ამჟამად ოპოზიციონერ გიორგი გახარიას, რომელიც ევროპაში იმყოფება. მისი ბრალდებები „20 ივნისისა” და “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეებს უკავშირდება. ორივე ეს ეპიზოდი მომხდარია 2019 წელს, რის შემდეგაც გახარია, შს მინისტრობიდან, თავად „ოცნებამ“ პრემიერად დააწინაურა.

ჯერჯერობით საქართველოში კვლავ არ დაბრუნებულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე, რომელთან დაკავშირებითაც კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება. ოფიციალური ვერსიით, ივლისში, რიჟვაძემ თვითმკვლელობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის სახლში სცადა და მალევე სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, ის ევროპაში მკურნალობს და პირადად მასთან დაკავშირება შეუძლებელია.

9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ საქართველო „მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა“, და კორუფციისა და მისგან გამოწვეული ზიანის ზრდის შესახებ გააფრთხილა.

„ასეთ ქვეყნებში, მმართველი ელიტის ერთადერთი მიზანი და მოტივაცია პირადი გამდიდრებაა, რაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გაძარცვის გზით ხდება. კორუფციის გზით დაგროვილი რესურსები კი, თავის მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

„სახელმწიფოს მიტაცების პროცესი დასრულებულია“ და „არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო“, რომელიც შეძლებდა კორუფციაზე ღიად საუბარსა და მის წინააღმდეგ რეალურ მოქმედებას. ამასთან, ყალიბდება კლეპტოკრატია, ვინაიდან „ელიტური კორუფციის დოკუმენტირებული შემთხვევების რაოდენობა, შინაარსი და ფიგურანტების ვინაობა მიანიშნებს მაღალი დონის კორუფციის სისტემურ ხასიათზე“. ორგანიზაციის თქმით, მიმდინარეობს კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლა, როდესაც საგამოძიებო ორგანოები ემსახურებიან მმართველი პარტიის შიდა დაპირისპირებებს და გარჩევებს, მაშინ, როდესაც „ელიტური კორუფციის ასობით დოკუმენტირებული შემთხვევა ისევ თაროზეა შემოდებული“.

როგორ იპარავან ქოცები

საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით

  • 5 მილიარდი ლარი, არის ის თანხა, რაც, მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გამოძიებებით, „ქართულ ოცნების“ ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზებით მიიღეს ბოლო 10 წლის განმავლობაში. აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი –1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.

მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა რომ გამოვყოთ:

  • 650 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ოთარ თათეშვილის კომპანიამ მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან, მას შემდეგ რაც მან ივანიშვილს აბასთუმანში სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდა.
  • 390 მლნ ლარის ტენდერები მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის კომპანია „სერპანტინმა“ 2013-2025 წლებში.
  • 392 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ დეპუტატ გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში.
  • 30 მლნ ლარი – „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში.
  • 25 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან ბოლო 7 წელიწადში.
  • 32 მლნ ლარი სენაკის მერის ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანიებმა მიიღეს სენაკის მერიის სახელმწიფო შესყიდვებიდან 2021 წელს მერად მისი პირველად არჩევის შემდეგ.
  • 25 მლნ ლარი მიიღეს ახალციხის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა, ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მუნიციპალური შესყიდვებიდან 4 წლის განმავლობაში.
  • ამ ტიპის კორუფცია მოდებულია საჯარო სამსახურის დაბალ დონეებზეც, მაგალითად: 2.2 მილიონი ლარი მიიღეს ადიგენის თვითმმართველობის 10-მდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ამავე მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2017-2025 წლებში.

2. სუბსიდიების, აგროპროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით გამდიდრების კორუფციული სქემა

  • 71 მლნ ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო აგროპროგრამებიდან. სანაცვლოდ ამ კომპანებმა პარტიას 7.7 მლნ ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით. ამ თანხის დიდი ნაწილი – 56 მლნ ლარი – ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორზე ვახტანგ კარიჭაშვილზე მოდის.
  • 30 მლნ ლარი 2022 წელს რთველის სუბსიდიის პროგრამიდან მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.
  • 7.4 მლნ ლარი მიიღეს „აწარმოე საქართველოს“ პროგრამიდან იმ კომპანიებმა, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2024 წელს 1.6 მლნ ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით.

3. .. ატკატების სქემა მმართველი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სისტემური პოლიტიკური კორუფცია

  • 1 მილიარდ 28 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020-2024 წლებში გამართული არჩევნების დროს. სანაცვლოდ, მათ „ქართულ ოცნებას“ 7.7 მილიონი ლარი შესწირეს.

4. ლიცენზიები და ნებართვები გავლენიანი პირებისთვის

  • მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული. მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილს აქვს მიღებული. ჰესების ნებართვები აქვთ მიღებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ოჯახის წევრებს და „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე წევრს.
  • კორუფციული გზებით მასობრივად გაიცემა სამშენებლო ნებართვები, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, რის შედეგებსაც ამ ქალაქების მაცხოვრებლები ყოველ დღე ხედავენ. მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული კორუფციული გამოძიებები მედიაში მრავლად მოიპოვება.

5. სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციით ან იჯარით

  • ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით ნარმანიას შემთხვევები მიანიშნებს, რომ თანამდებობის პირები გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით მარტივად იგდებენ ხელში ტყეებს პირადი სარგებლობისთვის.
  • 2013-2020 წლებში, სახელმწიფო ქონება 13 მილიონ ლარად გაიყიდა ისეთ პირებზე, რომლებმაც ქონების მიღებიდან მალევე მმართველ პარტიას 2 მილიონი ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით.
  • მხოლოდ აჭარაში, 15 მილიონ ლარზე მეტი ქონება მიიღეს პრივატიზაციის სახით „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 2022-2024 წლებში.
  • დღემდე დამალულია 2021-2023 წლებში მთავრობის მიერ მიღებული 300-ზე მეტი განკარგულება, რაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით, ხშირად სიმბოლურ 1 ლარად, გადაცემას ეხებოდა.

6. მორგებული კანონების მიღება გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით

  • სავარაუდოდ 100 მლნ დოლარამდეა ის პოტენციური ზარალი, რაც საქართველოს ბიუჯეტმა ნახა ბიძინა ივანიშვილზე მორგებული ე.წ. „ოფშორების კანონის“ მიღების შედეგად, რამაც ივანიშვილისთვის შესაძლებელი გახადა გადასახადების გადახდის გარეშე შემოეტანა ქვეყანაში ძვირადღირებული ფერწერული ტილოების კოლექცია და სხვა აქტივები.

7. დაუსაბუთებელი შემოსავლის შენიღბვა საჩუქრების გამოყენებით

  • 34 მლნ ლარი, არის თანხა, რაც 2024-2025 წლებში მაღალი თანამდებობის პირებმა მიღებული საჩუქრების სახით დაადეკლარირეს, ჩინოვნიკებს ოჯახის წევრებმა 23 მლნ ლარის ნაღდი ფული და 123 ძვირადღირებული უძრავი ქონება აჩუქეს. ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითზე პროკურატურამ დაადასტურა, რომ ამ გზით ზოგიერთი თანამდებობის პირი არალეგალური შემოსავლის შენიღბვას ცდილობს.
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში კორუფციის ამ სქემების გასაჯაროებისთანავე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ათობით წერილი აქვს გაგზავნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და პროკურატურაში კონკრეტული შემთხვევების გამოძიების მოთხოვნით. რამდენიმე თვის წინ რეაგირების მოთხოვნით ოფიციალურად გავუგზავნეთ  მასალები ანტიკორუფციულ ბიუროსაც ჩვენს მიერ გამოვლენილ 65 კორუფციულ საქმეზე. რეაგირება არცერთი ამ უწყების მხრიდან არ ყოფილა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავეს, ხოლო აზერბაიჯანული კომპანიის სამ მენეჯერსა და ერთ საერთაშორისო ექსპერტს დაუსწრებლად ბრალი წარედგინათ. საქმე ეხება კორუფციულ გარიგებებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, 2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია. ორი დღის წინ  ლევან კუპატაშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისინი ვინც სამყაროს 2025 წელს დააკლდა
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი