21:27 - 15 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-15 19:14:01, 533 ნახვა

მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებაა, საგამოძიებო ორგანოებს ამისთვის იყენებენ

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI) ბოლო პერიოდში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები და მათი ფიგურანტები შეისწავლა

გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი პირები, ძირითადად, არიან ან სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები. TI-ს შეფასებით, საგამოძიებო ორგანოები ქართულ ონცებაში კლანებს შორის დაპირისპირების მიზნით გამოიყენება, რადგან გამოძიება შერჩევითად ინტერესდება ოცნების ყოფილი წევრებით. 

ისინი ვერ ასახელებენ ივანიშილის მიერ "ყოფილი ქვეშევრდომების" წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მიზეზებს, თუმცა თვლიან, რომ ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა.

გთავაზობთ სრულ ანგარიშს:

"გრიგოლ ლილუაშვილის კლანი

2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო 8 გამოძიება, სადაც გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. მათი უმეტესობა თანამდებობებს 2019-2025 წლებში იკავებდნენ ერთსა და იმავე სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, ლილუაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

გამოძიებები ეხება გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილ ხიდს, რომლის ზარალი აღემატება 16 მილიონ ლარს, "ლაგი კაპიტალის" საქმეს – 11 მილიონი ზარალით, და ალკოჰოლის უკანონო წარმოებას. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დაახლოებით 1,4 მილიონი აშშ დოლარი ბრალდებულთა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან; ასევე გამოძიების პროცესშია 4 მილიონზე მეტი ლარის უკანონო დაუფლების საქმეც. ჯამში, ზარალი 32 მილიონ ლარს აჭარბებს.

1.გრიგოლ ლილუაშვილი

თანამდებობა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი

რას ედავებიან: არ არის დაზუსტებული, თუმცა 2025 წლის 24 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩაატარა ჩხრეკა გრიგოლ ლილუაშვილის (ასევე ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის) და მასთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში, რა დროსაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა ადგილიდან ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა. სუს-მა გაავრცელა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნაღდი ფულისა და ოქროულობის ამსახველი ვიზუალური მასალა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნოდა ეს ქონება. 

სტატუსი: ჩატარდა ჩხრეკა.

2. ირაკლი ქარსელაძე – გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე და კურსელი.

თანამდებობა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი.

რას ედავებიან: არ არის დაზუსტებული.

სტატუსი: ჩატარდა ჩხრეკა.

3. კობა გაბუნია

თანამდებობა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის დროს.

რას ედავებიან: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - "ლაგი კაპიტალის" საქმეში თანამონაწილე.

"ლაგი კაპიტალის" საქმე: 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერები 30 საბავშვო ბაღის პროექტირებისა და მშენებლობისთვის, სადაც გამარჯვებული გახდა კომპანია "ლაგი კაპიტალი". კომპანიას სამუშაოები სათანადოდ არ შეუსრულებია, მიუხედავად ამისა, ეტაპობრივად მიღებულ ავანსებად 11,2 მილიონ ლარზე მეტი თანხა იქნა გადარიცხული. აქედან დაახლოებით 9,36 მილიონი ლარი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიითვისეს.

სტატუსი: დაკავებულია.

4. დავით ტაბიძე

თანამდებობა: სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა) აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის დროს.

რას ედავებიან: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – "ლაგი კაპიტალის" საქმეში თანამონაწილე, 11 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვა.

სტატუსი: შეეფარდა გირაო 300,000₾.

5. ლევან კუპატაშვილი 

თანამდებობა: საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე; ქარსელაძის (იმ დროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის) ყოფილი მოადგილე 2018-21 წლებში.

რას ედავებიან: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება; დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილი ხიდის საქმეში თანამონაწილე.

გრიგოლეთის ჩატეხილი ხიდის საქმე: 2018 წელს სამტრედია-გრიგოლეთის გზის 11,5 კმ მონაკვეთისა და ხიდების მშენებლობაზე გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია "Akkord"-თან, ხოლო ზედამხედველობას უზრუნველყოფდა საერთაშორისო კონსორციუმი. პროექტის დროს ზედამხედველობის ექსპერტები საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ, თუმცა მათი სახელით მაინც ყალბად დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების აქტები, რასაც ხელს აწერდა გზების დეპარტამენტის მაშინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

ყალბი დადასტურებების საფუძველზე საზედამხედველო კომპანიას ჩაერიცხა 1,17 მილიონი ლარი, ხოლო "Akkord"-მა შეუსრულებელი/უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისათვის თაღლითურად მიიღო 3,86 მილიონი ლარი. შედეგად, ხიდი ჩამოინგრა და აღდგენით სამუშაოებზე დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი. სახელმწიფო ბიუჯეტს სულ მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი ზიანი.

სტატუსი: დაკავებულია.

6. ვლადიმერ ხუნდაძე

თანამდებობა: გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე.

რას ედავებიან: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – უკანონოდ ალკოჰოლური სასმელების დამზადება. სპეციალურ მოწყობილ ფართში სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.

სტატუსი: დაკავებულია.

7. კობა ხუნდაძე – ვლადიმერ ხუნდაძის ძმა, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი.

რას ედავებიან: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – 2017-2025 წლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. დაუსაბუთებელი თანხების კანონიერ სახის მისაცემად თბილისში შეიძინა მიწები, უძრავი ქონება, ჩადო ინვესტიცია საკუთარ კომპანიებში. შედეგად, 30 უძრავი ქონება დარეგისტრირდა მისი ან მისი კომპანიის საკუთრებად, 51 კი მისი სამშენებლო კომპანიის კაპიტალში.

სტატუსი: დაკავებულია; სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 1 319 300$.

8. ანდრია ლილუაშვილი – გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი

რას ედავებიან: არ არის დაზუსტებული.

სტატუსი: ჩატარდა ჩხრეკა.

9. ბიჭიკო პაიკიძე – გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი; ვანის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი

რას ედავებიან: დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენება – სუს-ის ცნობით, პაიკიძე კუთვნილი კომპანია B.P. TRANS-ის დახმარებით დაეუფლა ბიუჯეტის თანხას. გამოძიების პროცესშია ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის - 4 184 249 ლარის მოტყუებით დაუფლების საქმე.

სტატუსი: არ იმყოფება საქართველოში / ძებნაშია. ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად.

ირაკლი ღარიბაშვილის კლანი

2025 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ დაიწყო 6 გამოძიება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. მათი უმეტესობა თანამდებობებს 2019-2025 წლებში იკავებდნენ ერთსა და იმავე სამინისტროებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში, ღარიბაშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. 

გამოძიებები ეხება: სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვას, რამაც სახელმწიფო 1 333 728 ლარით აზარალა; უაქციზო სიგარეტის უკანონო წარმოების საქმე; და ირაკლი ღარიბაშვილისა და რომეო მიქაუტაძის დაუსაბუთებელი შემოსავლის საქმეები.

1. ირაკლი ღარიბაშვილი  

თანამდებობა: ყოფილი პრემიერმინისტრი / ყოფილი თავდაცვის მინისტრი / ყოფილი შს მინისტრი.

რას ედავებიან: უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და შემოსავლების წარმომავლობის დამალვა

  • თანამდებობის პირისთვის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.
  • დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავალს;
  • შემოსავლების დამალვის მიზნით დეკლარაციებში ყალბი ინფორმაციის მითითებას;
  • 830 000 ლარის გათეთრებას;
  • დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
  • დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი – 6,5 მილიონი დოლარი ამოღებული იქნა მისის საცოხვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად.

სტატუსი: შეეფარდა გირაო – 1 მილიონი ₾.

2. რომეო მიქაუტაძე – ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრი

თანამდებობა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე.

რას ედავებიან: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება; სამეწამეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა.

600 000 ევროს დაუსაბუთებელი შემოსავლით შეიძინა უძრავი ქონება ესპანეთში და გააფორმა ოჯახის წევრის სახელზე; 1 მილიონ ლარამდე ღირებულების 2 ერთეული ავტომობილი მისი და მისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.

სტატუსი: დაკავებულია.

3. ჯუანშერ ბურჭულაძე – ირაკლი ღარიბაშვილის მეჯვარე და კურსელი

თანამდებობა: თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

რას ედავებიან: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. სამხედრო ჰოსპიტლისთვის MRI აპარატის შესყიდვის საქმე და ქონების დამალვა – ესპანეთში 544 000 ევროდ შეძენილი სახლიანი მიწის ნაკვეთი არ ასახა დეკლარაციაში.

ტომოგრაფიის აპარატის საქმე: სამხედრო ჰოსპიტლისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მოწყობილობის შესყიდვა თავდაცვის სამინისტროს მიერ.

გამოძიების მიხედვით, მიზანმიმართულად შეიქმნა არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ზიანი. MRI აპარატი სამინისტრომ იყიდა 3 940 000 ლარად, ნაცვლად 2 606 272 ლარისა.

სტატუსი: დაკავებულია.

4. გიორგი ხაინდრავა

თანამდებობა: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტროს დროს.

რას ედავებიან: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე; მონაწილე სამხედრო ჰოსპიტლისთვის MRI აპარატის შესყიდვის საქმეში.

სტატუსი: შეეფარდა გირაო 100 000₾ ან ბინის დაყადაღება.

5. ვლადიმერ ღუდუშაური

თანამდებობა: თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის დროს.

რას ედავებიან: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე; მონაწილე სამხედრო ჰოსპიტლისთვის MRI აპარატის შესყიდვის საქმეში.

სტატუსი: შეეფარდა გირაო 10 000₾.

6. ვასილ მხეიძე – ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა.

რას ედავებიან: მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. უაქციზო სიგარეტის საქმე – ჯგუფურად უაქციზო სიგარეტის წარმოება.

უაქციზო სიგარეტის წარმოების საქმე: დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს პროდუქციის წარმოება/გავრცელება. გამოძიებამ აღმოაჩინა: 323 851 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ღირებულებით 2 176 341 ლარი; შესაბამისი დანადგარები და ნედლეული.

სტატუსი: დაკავებულია.

7. ნუგზარ ცაბაურაშვილი – ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი.

რას ედავებიან: მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. უაქციზო სიგარეტის საქმე - ჯგუფურად უაქციზო სიგარეტის წარმოება.

სტატუსი: დაკავებულია."




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტში გახარიას პარტიას ხალხის მოწამვლის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვიტკოფთან და კუშნერთან ტექნიკური პრობლემების გამო ჩაიშალა
გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი