|
2025-12-31 13:05:36, 990 ნახვა
ეკონომიკა
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, ნოემბერში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ მშპ-ის გადამხდელი კომპანების ბრუნვა 10%-ით გაიზარდა და 15 მილიარდი ლარი შეადგინა. უფრო დეტალურად, ზრდა დაფიქსირდა ლოგისტიკის, საფინანსო და მრეწველობის სექტორებში კლება კი მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორში იყო. „2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამის მიუხედავად ქვეყანაში ინფლაცია საგანგაშო მდგომარეობაშია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში წლიური ინფლაცია 4.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (10.3%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (8.0%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4.4%-იანი ზრდა). ფასები შემცირდა კავშირგაბმულობისა (4%-იანი კლება) და დასვენება, გართობა და კულტურის (1.5%-იანი კლება) ჯგუფებზე. რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (1.8%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.9%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: (0.9%-იანი ზრდა). ფასები შემცირდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორების (0.6%-იანი კლება), ტრანსპორტის (0.4%) და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის (0.4%) კატეგორიებში. რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (4.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.8%), პური და პურპროდუქტები (1.9%), თევზეული (1.4%), რძე, ყველი და კვერცხი (1.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5%). 3 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.6%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.7%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (8.9%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5.6%-იანი ზრდა); კავშირგაბმულობა (4.2%-იანი კლება). რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (8.2%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (1.2%-იანი ზრდა); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (1.2%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.3%-იანი ზრდა). განათლების, ასევე დასვენების, გართობისა და კულტურის კატეგორიებში ფასები 0.4%-ით შემცირდა. რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.2%), თევზეული (2.9%), პური და პურპროდუქტები (2.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.0%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.4%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6%), ზეთი და ცხიმი (-0.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4%). „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ ორგანოებს და პარლამენტს მოუწოდა, შეისწავლონ სურსათზე ზედმეტად მაღალი ფასები და ეჭვი გამოთქვა, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. მან ანტიმონოპოლიური ზომების მიღების შესახებ გააფრთხილა. სამწუთიან ვიდეო მიმართვაში კობახიძემ განაცხადა, რომ შედარებითმა ანალიზმა ფასების მკვეთრი განსხვავება აჩვენა საქართველოსა და ევროპის სუპერმარკეტებს შორის, სადაც ზოგიერთი პროდუქტი ქვეყნის შიგნით თითქმის სამჯერ ძვირი ღირს. „საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია“, – განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია. ამასთან, მისი თქმით, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5 პროცენტამდე მერყეობს. კობახიძემ აღნიშნა, რომ პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ „ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“. კობახიძემ ასევე მიუთითა საცალო სექტორის სწრაფ გაფართოებაზე და აღნიშნა, რომ სუპერმარკეტების ქსელების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ამჟამად საქართველოში 100 000 ადამიანზე 113 სუპერმარკეტია, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45-ს, ხოლო ავსტრიაში 62-ს შეადგენს. „აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ, მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს, ასევე მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“. სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა კობახიძის ინიციატივას და განაცხადა, რომ „საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“. თუმცა, ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ინიციატივის უკან შესაძლოა რეპრესიული მოტივები იმალებოდეს. ეკონომისტმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ინიციატივა „სავაჭრო ქსელის რეპრესიებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ კობახიძის მოწოდება სამართალდამცავებისადმი არის „რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში“. „შემდგომი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელორუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. მალე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეებს “სახელმწიფო კაპიტალიზმის” იდეოლოგიით ჩაანაცვლებენ“, – წერს გოცირიძე „ფეისბუქზე“.
|
რედაქტორის რჩევით
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)