16:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 11:22:33, 573 ნახვა

საზოგადოება
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI

ახალგორის რაიონში თითქმის ყოველკვირეულად ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკებისა და დაკითხვების შესახებ. აღნიშნულ მოქმედებებს, ადგილობრივების ინფორმაციით, ე.წ. КГБ-ს თანამშრომლებთან ერთად ცხინვალიდან ჩასული პირები ახორციელებენ. - ამის შესახებ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იუწყება.

მათივე ინფორმაციით გასულ კვირას ჩხრეკა ჩატარდა ადგილობრივი მამაკაცის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეროვნებით ოსია და არ გადაადგილდება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მისი მეუღლე პერიოდულად კვეთს ე.წ. საზღვარს. არსებული ცნობით, სამართალდამცველებმა ოჯახიდან მობილური ტელეფონები წაიღეს და საცხოვრებელი დეტალურად დაათვალიერეს, თუმცა არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ.

"მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კიდევ ერთ ოჯახში, სადაც მცხოვრები მამაკაცი უმუშევარია და ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა. მისი დაბრუნებიდან მალევე, მის საცხოვრებელ ბინაში, სარდაფსა და ეზოში ჩატარდა ჩხრეკა, მასაც წინამორბედის მსგავსად მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ოფიციალური განმარტება არცერთ შემთხვევაზე გაკეთებულა.

იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების ძებნის მოტივით, ჩხრეკა ჩატარდა კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახში, სადაც მხოლოდ ერთი წევრია დასაქმებული და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვები ბავშვთა სახლში იზრდებიან. ოჯახის წევრების თქმით, ჩხრეკისას მობილური ტელეფონები მათაც ჩამოართვეს. რამდენიმე დღის შემდეგ მსგავსი ჩხრეკა ამ ოჯახის ნათესავის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა, რომელიც საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს.

აღინიშნება, რომ ჩხრეკები ორდერის გარეშე ტარდება და არ არის დაკავშირებული კონკრეტული საქმის გამოძიებასთან. ამ გარემოების მიუხედავად, მოსახლეობა შიშის გამო წინააღმდეგობას არ უწევს.

ადგილობრივების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა წარსულშიც არსებობდა, თუმცა ამჟამად მას უფრო მასობრივი ხასიათი აქვს. მოსახლეობის ნაწილი ვერ ხსნის, რას ემსახურება აღნიშნული ქმედებები.

მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა უიმედობის განცდა ახალგორელებში. მობილური ტელეფონები მათთვის ხშირად ერთადერთი საშუალებაა ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად, მათ შორის ვიდეოკავშირის გზით. არსებული პრაქტიკა კი ამ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს." - წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics