|
2026-04-11 17:04:46, 645 ნახვა
პოლიტიკა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ამერიკული მედიასაშუალება Fox News ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ირანის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს იყენებს როგორც ერთ-ერთ არხს დასავლური სანქციების გვერდის ავლისა და საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის ფინანსური მხარდაჭერისთვის. გამოცემა ეყრდნობა ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშს, სადაც საუბარია თეირანის მზარდ ინტერესზე სამხრეთ კავკასიის მიმართ და განსაკუთრებით, საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. სტატიის მიხედვით, იმ ფონზე, როცა ირანი რეგიონში მზარდი იზოლაციის წინაშე დგას, იგი ცდილობს ახალი ეკონომიკური და ლოგისტიკური არხების განვითარებას. ამ კონტექსტში საქართველო, რომელიც “წლების განმავლობაში დასავლური ინტეგრაციისკენ ისწრაფოდა და განიხილებოდა როგორც NATO-სა და ევროკავშირის პოტენციური წევრი”, ეტაპობრივად ხვდება თეირანის სტრატეგიული ინტერესების არეალში. ანგარიშის თანაავტორი გიორგი კანდელაკი გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისის საგარეო-პოლიტიკური კურსის მსგავსი ცვლილება საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს შიდა განვითარებას, ისე რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში მოქმედ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალს, რომელსაც ავტორები ირანის იდეოლოგიური გავლენის გავრცელების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განიხილავენ. მათივე მტკიცებით, ეს ინსტიტუტი დაკავშირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ ქვედანაყოფთან, ყუდსის ძალებთან. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შეფასებით, აღნიშნული სტრუქტურები უნივერსიტეტს იყენებენ საერთაშორისო რეკრუტირების ქსელის შესაქმნელად, რაც ირანის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის მიზნებს ემსახურება. სტატიაში მოყვანილია რამდენიმე კონკრეტული შემთხვევაც, რომელიც, ავტორების მტკიცებით, ირანის ოპერატიულ აქტივობას უკავშირდება. მათ შორის სახელდება საქართველოს მოქალაქე აგილ ასლანოვი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ებრაული თემის წარმომადგენლის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობდა. ასევე ნახსენებია ირანელი აქტივისტის, მასიჰ ალინეჟადის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის მცდელობა, რომლის საქმეზეც ნიუ-იორკში გასამართლდა საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი. ავტორი ტექსტში ისტორიულ კონტექსტსაც იხსენებს და მიუთითებს, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო აქტიურად ამყარებდა პარტნიორობას ვაშინგტონთან, მონაწილეობდა საერთაშორისო სამხედრო მისიებში ერაყსა და ავღანეთში და 2009 წელს ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს პერიოდი ქვეყნის დასავლური კურსის განმტკიცების ერთ-ერთ სიმბოლოდ განიხილებოდა. თუმცა, სტატიის თანახმად, ეს მიმართულება თანდათან შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება”. ავტორი ამ პროცესს უკავშირებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცვლილებებს, მათ შორის ხელისუფლების გადანაწილებას და ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, რომ 2024 წელს პრეზიდენტის პოსტი დატოვა სალომე ზურაბიშვილმა და მის ნაცვლად არჩეულ იქნა მიხეილ ყაველაშვილი, რაც, ავტორის შეფასებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზეც აისახა. “ამავე პერიოდში გააქტიურდა მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები თბილისსა და თეირანს შორის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2024 წელს ორჯერ ეწვია ირანს — პირველად ყოფილი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, შემდეგ კი მისი მემკვიდრის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე. ირანული მედიის ცნობით, შეხვედრების დროს მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა.” – წერს ავტორი. სტატიაში ასევე საუბარია ეკონომიკურ ასპექტზე. ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია Civic IDEA მიუთითებს, რომ 2022-დან 2025 წლამდე საქართველოში რეგისტრირებულმა ათობით კომპანიამ განახორციელა ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ კომპანიების ნაწილი დაკავშირებულია მმართველი პარტიის დონორებთან, რაც, ავტორების შეფასებით, დამატებით კითხვებს აჩენს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გადაკვეთის შესახებ. სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობიდან კომენტარის თხოვნით გაგზავნილ სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ წერილებს პასუხი არ მოჰყოლია. გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა კი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კვლევა სათაურით “საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში“ 3 მარტს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა ბოლო წლებში “მკვეთრად გაიზარდა“, გარკვეულ სფეროებში კი უკვე “სისტემური“ გახდა. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი ფართო გეოპოლიტიკური გადალაგების ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს მოსკოვთან დაახლოებას. ანგარიშის ავტორების შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ გარემოზეც – ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ზრდის სამართლებრივ ზეწოლას პროდასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე და ძირს უთხრის საქართველოს ტრადიციულ პარტნიორობას დასავლეთთან. კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, 7 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა რამდენიმე პოლიტიკოსი და ექსპერტი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, კვლევის თანაავტორი გიორგი კანდელაკი, ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)