|
2026-04-12 00:45:12, 333 ნახვა
საზოგადოება
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
"ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი სამწყსოსადმი ქრისტესმიერ საყვარელნო ძვირფასო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, ჩვენო სულიერნო შვილნო, ქრისტე აღდგა! ამ სადღესასწაულო მოწოდებით ჩვენ ვხვდებით დღესასწაულს, რომელიც სამყაროს ახალი ათვლის საწყისად, მსოფლიო ცივილიზაციას კი გამწევ ძალად მოევლინა. განუზომელია სიხარული ჩვენი, „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა უცოდუელსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით. ქრისტე აღდგა! მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და ვუგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცმა თავს-იდუა ჩუენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა“. ქრისტე აღდგა! ბრწყინვალე აღდგომა ჩვენ განგვამტკიცებს იესო ქრისტეს ახალი აღთქმისადმი რწმენაში და ახალი ამოცანების წინაშე გვაყენებს. XXI საუკუნის გადასახედიდან ჩვენი გონების მზერას მივაპყრობთ ქრისტეს ეკლესიის მიერ დღემდე განვლილ გზას და ვხედავთ რა მის გამძლეობას, ამტანობას და უძლეველობას, კვლავ და კვლავ ვრწმუნდებით, რომ უფალს არასდროს მივუტოვებივართ და კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ. კვლავ გვახსენდება და გვამხნევებს იესოს მარადიული სიტყვა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მთ. 28, 20). ბრწყინვალე აღდგომის სიხარული ადამიანებს გვაერთიანებს ყოველგვარი განსხვავებულობის მიუხედავად და გვთავაზობს უნიკალურ ღირებულებით საყრდენს ჩვენი ცხოვრებისთვის. წმიდა მოციქული პავლე გალატიელ მორწმუნეებს სწერს: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“ (გალ. 3,27-28). იესო ქრისტეს მოძღვრება თავისუფალია ყოველგვარი კონიუნქტურული მიკერძოებისგან და დროის მიხედვით არ ცვალებადობს. ცვალებადია ადამიანის ამქვეყნიური ზრახვები და ინტერესები. ასე იყო იესოს დღეებში, და ასეა დღესაც! ადამიანური ყოფის ეს სპეციფიკა გვავალებს მუდმივ სიფხიზლეში ყოფნას, მარად მღვიძარებას, რადგან ამსოფლიური მიზნებისთვის იესო ქრისტეს სახელისა და მისი ეკლესიის ინსტრუმენტად ქცევის ნებისმიერი გამოვლინება (ცნობიერად თუ არაცნობიერად!) არის ქრისტეს მრწამსთან შეუთავსებელი ქმედება! ადამიანს ღვთისგან ყველაფერი აქვს მოცემული იმისთვის, რომ მან - საღვთო შემოქმედების გვირგვინმა - სათანადო პასუხისმგებლობით ატაროს ადამიანური ღირსების გვირგვინი, რაც გზადაგზა გამოვლინდება და აისახება სოციალურ ურთიერთობაში, პროფესიულ საქმიანობაში, ღმერთთან და მოყვასთან მიმართებაში. რწმენა კონკრეტულ საქმეში, ანუ ქმედებებში ჰპოვებს ასახვას! საქართველოს სამოციქულო ეკლესიას - მის წევრებს, და საზოგადოდ, ერს, უკანასკნელი 49 წლის მანძილზე, პირველად გვიწევს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის გარეშე. ჩვენი ეკლესიის წევრთა უმრავლესობა ისე დაიბადა და გაიზარდა, რომ არ ახსოვს დრო, როცა ერის სულიერ ცხოვრებას სხვა მამამთავარი უძღვებოდა. მძიმეა ამის გათავისება, მაგრამ მხოლოდ წუხილი არას გვარგებს, არამედ მზერა უნდა მივაპყროთ მომავალს, თუმცა მომავალი არ არსებობს წარსულის გარეშე და დაუვიწყარია მისი ღვაწლი, ყოველივე ის, რაც ილია მეორემ შესძინა ერს და ეკლესიას. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე, აგრესიული ათეიზმის ეპოქიდან დღემდე, ეკლესიის წიაღში ყოველივე აღშენებული და გამშვენებული პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურად ილია მეორის სახელთან, რამეთუ საეკლესიო აღმშენებლობის მთელ ამ პროცესს საფუძვლად ექმნა მისი დიდი სულიერი ღვაწლი, ნიჭი სიყვარულისა ღვთისა და მოყვასისადმი, მლოცველი და უაღრესად შემოქმედებითი ბუნება, განვითარებასა და ღიაობაზე ორიენტირებული მისი ხედვები და დაუღალავი შრომა. უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ამ დიდი ღვაწლის გათვალისწინებით, ჩვენ ვალდებულნი ვართ დღენიადაგ ვზრუნავდეთ მის მიერ დანატოვარი დიდი სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მის შემდგომ განვითარებაზე, ჩვენი დედა ეკლესიის ინსტიტუციური ერთიანობისა და მთლიანობის განმტკიცებაზე, სასულიერო დასის განათლების სრულყოფასა და მათ სოციალურ მხარდაჭერაზე. აქვე მინდა, მოკლედ შევეხო ჩვენი საზოგადოების მთავარ გამოწვევას, რომელიც ლამის დაუძლეველ პრობლემად ექცა ჩვენს ქვეყანას. ჩვენი საზოგადოებაში ერთგვარი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებასაც ჯერჯერობით ვერასგზით ვერ ვახერხებთ, არადა ამის დაძლევა ჩვენს წინაშე მდგარი პირველადი ამოცანაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ქართველი ერის მიერ გამოხატულმა რეაქციამ დაგვანახა, რომ ილია მეორის პირადი ავტორიტეტი განუზომლად დიდი იყო, და წლებისა და ათწლეულების კვალდაკვალ ბუნებრივად გარდაისახა ეკლესიის ინსტიტუციურ ავტორიტეტში, რაც იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორი ტვირთი აწვა მის მხცოვან მხრებს. დღეს კი, ჩვენი ამოცანაა მთელი საზოგადოების კვლავ ერთ მუშტად შეკვრა, რაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე აყენებს ქრისტეს ეკლესიას საქართველოში, სრულიად ერსა და ბერს. ჩვენს ერში უდავოდ არსებობს გამთლიანება-გაერთიანების ძალა, ოღონდ საჭიროა ამ ძალის მოკრება. ამდენად, დიდი ინტერესი და მოლოდინია მთელ ქართულ საზოგადოებაში და თვით მართლმადიდებლურ სამყაროში მომავალი საპატრიარქო არჩევნების მიმართ. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, წმიდა სინოდის წევრები, ვაცნობიერებთ ამ უდიდეს პასუხისმგებლობას. ღვთის მადლით ეკლესია და ქართული სახელმწიფო, კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, შეძლებენ უზრუნველყონ საზოგადოების სულიერი განვითარება და ქვეყნის შეუქცევადი წინსვლა. ასე რომ, გვმართებს ჩვენი ოდინდელი ქრისტიანული სიქველის გამოვლენა, ერთმანეთის შენდობა და პატიება, ამქვეყნიური ფუჭი ზრახვებისა და ინტერესების გვერდით გადადება და ჩვენი დიდი სამომავლო მიზნის - ძლიერი ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის შექმნის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა. გჯეროდეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ საქმეში კვლავაც ჩვენი ქვეყნის მტკიცე ფარი იქნება. დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს ავსებს ბრწყინვალე აღდგომის სიხარული და მსურს, რომ თითოეული თქვენგანის გული და არა მხოლოდ გული, არამედ მთელი ცხოვრება აღავსოს ბრწყინვალე აღდგომის მადლმა. იესო ქრისტეს დიდებული და ბრწყინვალე აღდგომის რწმენითი შემეცნება ჩვენ გვხდის ამ წარმოუდგენელი სიხარულის თანაზიარად და იქცევა ჩვენი ცხოვრების ახალ დასაწყისად. ქრისტე აღდგა!" | ვკითხულობთ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის სააღდგომო მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)