15:44 - 23 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-23 13:15:00, 1769 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ

„დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი შესრულებული სამუშაოებისთვის მადლობას გვიხდის, ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას მიჩვეულები არ ვართ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე კითხვა-პასუხის დროს ისაუბრა.

კახა კალაძემ უპასუხა საკრებულოს წევრის, ვახტანგ სურგულაძის შეკითხვებს დედაქალაქში არსებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.

 „ჩვენ არ გავურბივართ პრობლემებს. ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ძალიან კარგად ვიცით, რა გამოწვევები დგას ჩვენს წინაშე. მომავალი წლის ბიუჯეტიც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ არსებულ პრობლემებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ცხადია, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ  ერთი ან ოთხი წლის განმვალობაში, ყველაფერი მოგვარდება. ჩვენზე უფრო განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქალაქებს აქვთ გამოწვევები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მდგომარეობა გვქონდა და დღეს რა ვითარებაა.

მიხარია, რომ მადლობას გვიხდით იმისთვის, რაც კეთდება და რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. დასაფასებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი ამაზე საუბრობს. ჩვენ ამ ტიპის დამოკიდებულებას მიჩვეული არ ვართ, რადგან ოპოზიციის წევრები ყოველთვის იმაზე საუბრობენ, რომ რაც კეთდება ცუდია ან საერთოდაც არაფერი კეთდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ვაკის პარკს, დედაქალაქის მერის თქმით, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და დარჩენილია ე.წ. კასკადის პროექტი, რომელსაც უცხოური კომპანია შეასრულებს.

„ვაკის პარკი ერთ-ერთი მსხვილი რეკრეაციული სივრცეა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, დარჩენილია ე.წ. კასკადი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მოიძებნა კომპანიები, ვინც აღნიშნულ პროექტს განახორციელებდა და შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებდა. ჩემი მოადგილე ანდრია ბასილაია აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და უცხოელების ჩართულობით, წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება. ამით ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა უპასუხა შეკითხვას ყოფილი იპოდრომის ადგილზე ცენტრალური პარკის მოწყობისა და მიწისზედა მეტროს პროექტის შესახებაც.

„იპოდრომის პარკის მოწყობის პროქტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და ამისთვის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მინდა მადლობა  კიდევ ერთხელ გადავუხადო. წინა ხელისუფლების პირობებში, იპოდრომი გასხვისებული იყო და საცხოვრებელი კორპუსების აშენება იგეგმებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ტერიტორია გამოისყიდა და მიმდინარეობს პარკის მოწყობა. როგორც კი სამუშაოები დასრულდება, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემა.

რაც შეეხება მიწისზედა მეტროს, ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გვაქვს გაკეთებული. აღნიშნული ინიციატივა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტს კი ბაზრის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების გაკეთება, პროექტის მომზადება დაევალა. ჩვენ დავიქირავეთ ევროპული კომპანიები, რომლებმაც კვლევა დადეს და პროექტი დაახლოებით, 300 მლნ ევრო დაჯდებოდა. როდესაც დავიწყეთ მსჯელობა, რამდენად სწორი იქნება ამ პროექტში ამხელა თანხის დახარჯვა, მაშინ როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ მეტროსადგურების ხაზების დაგრძელება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი დროებით შეგვეჩერებინა.  ყველაფერი დავთვალეთ და პრიორიტეტებს მივაქციეთ ყურადღება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
41 ნაბიჯი რუსეთისკენ - "ქართული ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი
კალაძე: მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასიამოვნოა, რომ შებამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს
რუსული თავდასხმა კიევზე: დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, 5 ადამიანი დაშავდა
კახა კალაძე: მიწისზედა მეტროს პროექტი დროებით შევაჩერეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი