23:20 - 19 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 21:18:53, 1220 ნახვა

როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ევროკომისია 19 დეკემბერს მიღებული ანგარიშის ძირითად მიგნებებში საუბრობს საქართველოს მიერ არაერთი „ძირითადი კრიტერიუმის შეუსრულებლობაზე“. კერძოდ, იხსენებს, რომ:

„კომისიამ წარსულში უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“.

შემდეგ წერს, რომ ამ მოწოდებების მიუხედავად, საქართველომ „დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე (2024 წლის) ანგარიშის რეკომენდაციები“.

„ამ [დემოკრატიული] უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს“, - წერს ევროკომისია.

ევროკომისია იქვე აკონკრეტებს:

  • „ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომების მიუღებლობაზე“.
  • „ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების წესის ერთგვაროვან გავრცელებას ყველა წევრ სახელმწიფოზე … როგორც კი ამ ჯგუფებისთვის ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ხელახლა დაწესდება“ [ეს ნიშნავს, რომ თუკი ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთიც და სლოვაკეთიც, იძულებული იქნება, დაემორჩილოს მას].
  • „მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს“.
  • „საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება სრულიად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და მოხვდეს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა სავალდებულოა“.

ევროკომისია წერს, რომ გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მიერ სავიზო ლიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში არ არის თარიღები მითითებული.

ამ კონტექსტში მხოლოდ ახალი წესების ძალაში შესვლის თარიღი, 30 დეკემბერია მითითებული.

დღესვე, 19 დეკემბერსავე, ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ევროკომისია იანვარში წარადგენს „სავიზო სტრატეგიას“:

„თუ [უვიზო მიმოსვლის] სისტემა არასწორად გამოიყენება, ამან შეიძლება მიგრაციისა და უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები შექმნას... თუ მესამე ქვეყნები არ ითანამშრომლებენ, ჩვენ დაგვჭირდება მკაფიო სანქციები. ეს იქნება ჩვენი სავიზო ასტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც იანვარში წარვადგენთ“.

 

2025 წლის 4 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ „ევროკავშირის გაფართოების სამიტზე“ ითქვა, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“;

2025 წლის 17 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ (დანიამ) გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული დასკვნები, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით - დოკუმენტს აქვს 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის მხარდაჭერა. დასკვნებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოს არ ეხებოდა, უნგრეთი შეეწინააღმდეგა.

ევროკავშირის საბჭომ - უნგრეთის გამოკლებით - საქართველოს მოუწოდა, „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული“ ადამიანი, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“; ასევე მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმები“.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როდის შეიძლება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება?
გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პირობითი სასჯელის სახით 1,6 წლით თავისუფლების აღკეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი