|
2026-05-23 00:25:34, 223 ნახვა
პოლიტიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც "ქართულ ოცნებას" მიმართავს შეწყდეს რეპრესიები თავისუფალ მედიაზე. ქარტიის შეფასებით, ამ კვირაში მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ცენზურის ნორმალიზებისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას წარმოადგენს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "ფორმულა" დააჯარიმა. კომისიამ მიიჩნია, რომ არხმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ახლად დამატებული მუხლები დაარღვია, რომლებიც მედიის შინაარსს არეგულირებს. გარდა ამისა, 21 მაისს პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდა გამოცემა "პუბლიკას" და "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოველივე ეს აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ტოვებს რა მათ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ - შეწყვიტეთ რეპრესიები! სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას! ამ კვირაში ქართული მედია კიდევ ერთხელ გახდა რეპრესიების სამიზნე. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, პროაქტიულად ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობის შესახებ კანონში ახლად შეტანილი ის მუხლები დაარღვია, რომლებიც შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს (54-ე მუხლის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტები). მან პრობლემურად მონიშნა ახალი ამბების პროგრამებში გამოყენებული ისეთი შეფასებითი სიტყვები, როგორიცაა „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“ და სხვა მსგავსი და ერთ შემთხვევაში დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების შესახებ სიუჟეტის ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარის გარეშე გაშვება. კომისიამ ტელეკომპანია 20 მაისს 2,500 ლარით დააჯარიმა. კომისიამ „ფორმულა“ მსგავსი დარღვევისთვის წინა თვეში წერილობით გააფრთხილა. ჟურნალისტური თემის მოლოდინი, რომ წერილობით გაფრთხილებას მალევე მოჰყვებოდა ფინანსური სანქცია, სამწუხაროდ, გამართლდა. გაფართოებული მანდატი კომისიას მსგავსი დარღვევების გამო მაუწყებლობის შეჩერების უფლებასაც აძლევს. დღეს, 21 მაისს, პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდა გამოცემა „პუბლიკას“ ოთხ და „სტუდია მონიტორის“ ასევე ოთხ ჟურნალისტს. პარლამენტმა გაუქმების საფუძვლად ორივე შემთხვევაში ის მიუთითა, რომ აკრედიტაციის მქონე ეს ჟურნალისტები მორიგი სესიის პერიოდში პარლამენტში ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში არ ყოფილან. ეს კი იმის პარალელურად, რომ პარლამენტმა თებერვალში ორჯერ უთხრა უარი „სტუდია მონიტორის“ აკრედიტაციის არმქონე ჟურნალისტს დროებით საშვის გაცემაზე. თვალსაჩინოა ცენზურის ნორმალიზებისა და სარედაქციო საქმეებში ჩარევის მცდელობა და განზრახვა, რომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტებს, მათ შორის, გამომძიებელ ჟურნალისტებს, კიდევ უფრო შეეზღუდოთ წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე და შეეშალოთ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ყოველივე ეს აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ტოვებს რა მათ სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ ტენდენციის გამო და სოლიდარობას უცხადებს განგრძობითი წნეხის პირობებში გაბედულად მომუშავე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)