00:29 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-18 19:55:16, 355 ნახვა

რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად

ახალი კონტროლის მექანიზმი თუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა? — შსს-ში სიძულვილის ენის სამმართველო იქმნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიების პროაქტიულ მონიტორინგს განახორციელებს, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი დებატების მიზეზი გახდა.

ხელისუფლება გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი სივრცის რადიკალიზაციისგან დაცვით ამართლებს, მაშინ როდესაც ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ამ ნაბიჯში ცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს ხედავენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ინიციატივას სრულიად დროულსა და აუცილებელს უწოდებენ. მათი განმარტებით, სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეში აგრესიის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რაც ორგანიზებული კამპანიების სახეს ატარებს.

ოპოზიციურ სპექტრში აღნიშნულ ინიციატივას ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომლის მთავარი მიზანიც განსხვავებული აზრის ჩახშობაა.

კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ტერმინები „სიძულვილის ენა“ და „აგრესიული კომუნიკაცია“ სამართლებრივად ძალზედ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. პოლიციისთვის იმის უფლების მიცემა, რომ თავად, პროაქტიულად განსაზღვროს, რა არის შეურაცხყოფა და რა — კრიტიკა, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პირდაპირ გზას უხსნის პოლიტიკურ ცენზურას.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე ამაბოს, რომ მართალია, პრევენციული უფლებამოსილებების მინიჭებაც კი შსს-სთვის შეიძლება გამართლდეს დანაშაულების შემთხვვევაში, „პოლიციის უფლებამოსილების გაფართოება ამ ხარისხით ხომ საპოლიციო მმართველობის და კონტროლის შეუზღუდავი გაძლიერებაა“?! - წერს იგი ფეისბუკზე.

დღეს ბატონმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში „სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას“ მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას.

გასაგებია, რომ იმ ქმედებებზე, რომლებიც სამართალდარღვევა ან დანაშაულია, პოლიციას რეაგირების მანდატი აქვს და, შესაბამისად, პრევენციული უფლებამოსილებების მინიჭებაც მისთვის შეიძლება გამართლდეს.

მაგრამ სხვა ტიპის გამოხატვასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში კრიმინალიზებული არ არის, რა უნდა იყოს შსს-ს ფუნქცია?! ანუ, პოლიციამ რა შეიძლება უყოს დამონიტორინგებულ ინციდენტებს და მათ შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელიც დანაშაული ან სამართალდარღვევა არ არის?!

პოლიციის უფლებამოსილების გაფართოება ამ ხარისხით ხომ საპოლიციო მმართველობის და კონტროლის შეუზღუდავი გაძლიერებაა?!

გავარჩიოთ ცალ-ცალკე:

 სიძულვილის ენის ინციდენტების მონიტორინგის საკითხი ზოგადად ლეგიტიმურია, თუმცა მაშინ, როდესაც გამოხატვის ეს ფორმა კრიმინალიზებული არ არის ქვეყანაში, მათი მონიტორინგის მანდატი უნდა ქონდეს არა პოლიციას, არამედ სახალხო დამცველს, მაგალითად [ამას თავის დროზე სახელმწიფოს ჩვენც მოვუწოდებდით].

დემოკრატიულ სისტემებში სიძულვილის ენის მონიტორინგი, როგორც წესი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს ანიჭებენ და არა საპოლიციო სტრუქტურებს, რადგან პოლიციის ჩართვა გამოხატვის სფეროში ყოველთვის აჩენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიკური კონტროლის რისკს.

 ჯანდაბას, გასაგებია ისიც, რომ შეურაცხყოფის საკითხების ანტიკონსტიტუციური და ავტორიტარული კრიმინალიზების შემდეგ, მსგავსი გამოხატვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული და აქაც პოლიციას შეიძლება ქონდეს მონიტორინგის მანდატი.

თუმცა კიდევ ერთხელ ამ სამართალდარვევის შინაარსი ანტიკონსტიტუციურია და გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევის ძალიან მაღალ რისკებს შეიცავს.

მაგრამ „აგრესიული კომუნიკაცია“ საერთოდ რას ნიშნავს? რა ტიპის სამართლებრივი კატეგორიაა, რომ პოლიციას მასზე მუშაობის მანდატი შეიძლება მისცეს სამართლებრივმა სახლემწიფომ?!

„აგრესიული კომუნიკაცია“ იმდენად ბუნდოვანი ცნებაა, რომ მისი გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერი კრიტიკული, მძაფრი, ირონიული ან ემოციური პოლიტიკური გამოხატვის წინააღმდეგ შეიძლება. სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციის უფლებამოსილება მკაფიო, განსაზღვრული და განჭვრეტადი უნდა იყოს და არა პოლიტიკურად ინტერპრეტირებადი. მოქალაქეების ენის, ემოციების და პოლიტიკური ტონის დისციპლინირება წარმოუდგენელი რაღაც გამოდის. მორალის პოლიციის შექმნას გავს. - წერს მიქელაძე.

მიქელაძის განმარტებითვე, სიძულვილის ენის ინციდენტების მონიტორინგის საკითხი, ზოგადად, ლეგიტიმურია, თუმცა ეს მანდატი უნდა ჰქონდეს არა პოლიციას, არამედ სახალხო დამცველს.

"საინტერესოა ისიც, რომ ამ როლს ადრე უფრო მეტად სუს-ი ასრულებდა, ვიდრე შსს. ჩვენს სოციალურ ქსელებსა და მედია გამოსვლებზე იყვნენ ჩასაფრებულები სუს ოფიცრები, ახლა კი ეს ფუნქცია შსს-ში გადადის. ეტყობა, სუს-ის რესურსები საკმარისი აღარ არის უკვე იმდენ ადამიანს უსმენენ და ამონიტორინგებენ ახალი ტექნოლოგიებით და პოლიციის ჩათრევა გადაწყვიტეს surveillance სფეროში . "მტრების" რიცხვი ხომ გაიზარდა ქვეყანაში: პროტესტში ჩართული დიასახლისები, ახალგაზრდა სტუდენტები, ხანდაზმულები, მასწავლებლები, ლექტორები, საჯაროდ აქტიური ემიგრანტები...

ავტორიტარიზმებში surveillance-ს მხოლოდ უსაფრთხოების ინსტრუმენტად არ განიხილავენ, ის მათთვის ძალაუფლების მექანიზმია, რომელიც მოქალაქეებში მუდმივი დაკვირვების განცდას აჩენს და თვითცენზურის კულტურას ამკვიდრებს. როდესაც ადამიანებმა წინასწარ იციან, რომ მათ საჯარო სიტყვას პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები აკვირდებიან, ეს უკვე არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ღრმად პოლიტიკური და სოციალური კონტროლის ფორმაა.

ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“, „წესრიგის“ ან „ეთიკური კომუნიკაციის“ სახელით სახელმწიფო თანდათან იჭრება იმ სფეროებში, რომლებიც თავისუფალი და პლურალისტური საზოგადოების ნაწილად უნდა დარჩეს." - აცხადებს მიქელაძე.

დღეს გენერალ-კოორდინატორ მდინარაძის პირით „ოცნებამ" განაცხადა, რომ შსს-ს დეპარტამენტი მოქალაქეების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებს დაიცავს , - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, აღნიშნულ დეპარტამენტს „ცენზორის ფუნქცია“ ექნება.

"გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, 2018 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რაც სამინისტროს სისტემის რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამ დეპარტამენტის მიზანს საპოლიციო სისტემის მუშაობის პროცესში ადამიანის უფლებების მაღალი ხარისხით დაცვას წარმოადგენდა.

დღეს გენერალ-კოორდინატორ მდინარაძის პირით „ოცნებამ" განაცხადა, რომ ეს დეპარტამენტი მოქალაქეების ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებს დაიცავს, თანაც ცენზორის ფუნქციით", - წერს ანა ბუჩუკური.

პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და დასვა კითხვა: „რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) ამოღება?“ მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური ცვლილებები.

მთავარი გამოწვევა: სად გადის ზღვარი კრიტიკასა და სიძულვილს შორის?

სამართლებრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი რეპრესიული აპარატის შექმნა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პროცესებს. რთული დასაჯერებელია, რომ შსს-მ შეძლოს სრულიად ობიექტური და მიუკერძოებელი მონიტორინგის წარმოება იმ პირობებში, როდესაც თავად მმართველი გუნდის წევრები ხშირად ხდებიან სიძულვილის ენის გამოყენების გამო კრიტიკის ობიექტები.

საბოლოო ჯამში, საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი სამმართველოს შექმნა ემსახურება არა საჯარო სივრცის გაჯანსაღებას, არამედ საპროტესტო მუხტისა და კრიტიკული აზრის გაკონტროლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველოს მიერ განხორციელებულ პროაქტიულ მონიტორინგს, სამართლებრივი რეაგირების ეტაპზე, ძირითადად ადმინისტრაციული სახის სანქციები — ფულადი ჯარიმები მოჰყვება.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში სიძულვილის ენის გავრცელება: სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ფიზიკურ პირებსა და აქტივისტებს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, ორგანიზებული შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და დისკრიმინაციული განცხადებების გამო ეკისრებათ ფულადი ჯარიმები.

ცილისწამება და ღირსების შელახვა: თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ლახავს კონკრეტული პირის პატივსა და ღირსებას, სანქცია მოიცავს როგორც ფულად ჯარიმას, ისე სასამართლოს მიერ ინფორმაციის უარყოფის (პოსტის/განცხადების წაშლის) ვალდებულებას.

მონიტორინგის სამმართველო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსით გადააკვალიფიცირებს, თუ საჯარო სივრცეში დაფიქსირდა:

ძალადობისკენ მოწოდება: ეროვნული, რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით შუღლის გაღვივება და ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, რაც ქმნის რეალურ საფრთხეს.

სასჯელის ზომა: მსგავს შემთხვევებში საქმე სცილდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით. 

ევროპულ ქვეყნებსა და რუსეთში საჯარო სივრცისა და ინტერნეტ-კომუნიკაციის რეგულირების მექანიზმები რადიკალურად განსხვავებულ მიზნებს, სამართლებრივ ფილოსოფიასა და სანქციებს ეფუძნება.

სანამ ევროპული მიდგომა ფოკუსირებულია სიძულვილის დანაშაულთან ბრძოლასა და ტექნოლოგიური გიგანტების ფინანსურ პასუხისმგებლობაზე, რუსული მოდელი წარმოადგენს პოლიტიკური ცენზურის რეპრესიულ აპარატს, რომელიც პირდაპირ მოქალაქეების თავისუფლების აღკვეთას ისახავს მიზნად.

ევროკავშირში მთავარი პრინციპია, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა იზღუდება კრიმინალური ქმედებები, როგორიცაა ძალადობისკენ მოწოდება, ტერორიზმის პროპაგანდა და ჰოლოკოსტის უარყოფა.

რუსული რეპრესიული მოდელი: აქცენტი მოქალაქეზე და ციხეზე

რუსეთში „სიძულვილის ენისა“ და „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ შექმნილია სრული ცენზურის მექანიზმი.

  • სამიზნე — რიგითი მოქალაქე და ოპონენტი: კანონები მიმართულია უშუალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.
  • მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელი (ციხე): რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით (მაგალითად, 207.3 და 280.3 მუხლები „არმიის დისკრედიტაციისა“ და „ყალბი ამბების“ შესახებ) საჯარო სივრცეში ან სოციალურ ქსელში ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო მოქალაქეებს ემუქრებათ 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
  • არასასამართლო (სასწრაფო) დაბლოკვა: სახელმწიფო ცენზურის უწყებას, „როსკომნადზორს“ (Roskomnadzor), შეუძლია სასამართლოს გარეშე, პროკურატურის მოთხოვნით, მყისიერად დაბლოკოს ნებისმიერი საიტი, მედია ან გვერდი, რომელიც „ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას“ გამოხატავს.

რუსული რეპრესიული მოდელი: ტოტალური ციფრული კონტროლისა და ცენზურის ანატომია

რუსეთის ფედერაციაში ინტერნეტ-სივრცისა და საჯარო გამოხატვის კონტროლის მექანიზმი წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ის, რაც თავდაპირველად „ბავშვთა დაცვისა“ და „ინტერნეტის გაჯანსაღების“ საფარქვეშ დაიწყო, ეტაპობრივად გადაიქცა ტოტალიტარულ ცენზურის აპარატად. რუსული მოდელის სამართლებრივი ფილოსოფია ეფუძნება პრინციპს: „სუვერენიტეტი ნიშნავს ინფორმაციის ფილტრაციას და ნებისმიერი ალტერნატიული აზრის კრიმინალიზაციას“

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კრემლმა მიიღო ე.წ. „სამხედრო ცენზურის“ კანონების პაკეტი, რამაც ნებისმიერი განსხვავებული აზრი სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულად აქცია:

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისთვის „ომის“ წოდება და არა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“, არმიის ქმედებების გაკრიტიკება ან მშვიდობიანი მოწოდებები ისჯება ხანგრძლივი პატიმრობით. 

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება (მაგალითად, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ) ითვლება „გამიზნულად ყალბ“ ინფორმაციად და ისჯება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 კანონმდებლობით, არმიის დისკრედიტაციისთვის მსჯავრდებულ პირებს სახელმწიფო იურიდიულად ართმევს პირად ქონებას, უძრავ-მოძრავ ნივთებსა და საბანკო ანგარიშებს.

რუსეთში არსებობს სპეციალური საზედამხედველო უწყება — „როსკომნადზორი“ (Roskomnadzor), რომელიც ინტერნეტის მთავარი ჯალათია. უწყებას აქვს უფლება, გენერალური პროკურატურის ერთი მოთხოვნით, სასამართლო განხილვის გარეშე, მყისიერად დაბლოკოს ნებისმიერი ვებგვერდი, მედია, სოციალური ქსელი ან ბლოგი.

რუსულ პროვაიდერებს დაავალდებულეს სპეციალური აპარატურის (DPI - Deep Packet Inspection) დამონტაჟება. ეს საშუალებას აძლევს „როსკომნადზორს“, ცენტრალიზებულად მართოს მთელი ქვეყნის ინტერნეტ-ტრაფიკი, ავტომატურად დაბლოკოს VPN სერვისები და საჭიროების შემთხვევაში, რუსული ინტერნეტი (Runet) საერთოდ გამოთიშოს გლობალურ მსოფლიო ქსელს.

ტოტალური თვალთვალის სისტემა — SORM

რუსული სპეცსამსახურები (FSB) იყენებენ კომუნიკაციების მიყურადების ტექნიკურ სისტემას (SORM), რომელიც კანონით ყველა ინტერნეტ-პროვაიდერსა და მობილურ ოპერატორს აქვს დამონტაჟებული.

მონაცემთა შენახვა: ინტერნეტ-კომპანიები ვალდებულნი არიან, რუსეთის ტერიტორიაზე შეინახონ მომხმარებლების ყველა მიმოწერა, აუდიოჩანაწერი, ვიდეო და ფოტო მასალა 6 თვის განმავლობაში და მოთხოვნისთანავე გადასცენ სპეცსამსახურებს, ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე.

საქართველოში შსს-ს ახალი სამმართველოს შექმნის ირგვლივ არსებული შიში სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უწყება მიჰყვება არა ევროპულ პრინციპს (სადაც რეგულირება ხდება მსხვილი პლატფორმების დონეზე და დამოუკიდებელი სასამართლოთი), არამედ იქმნება ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც თავად (პროაქტიულად) განახორციელებს მოქალაქეების მონიტორინგს. კრიტიკოსების აზრით, ეს მნიშვნელოვნად უახლოვდება რუსულ მოდელს, სადაც პოლიცია თავად წყვეტს, რა არის „აგრესიული კომუნიკაცია“ და რა — დასაშვები პოლიტიკური კრიტიკა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics