18:16 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-19 17:03:40, 264 ნახვა

სამართალი
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე

საია ირაკლი მილაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს - როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროსასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ განსაზღვრავს იმ სახელმძღვანელო სტანდარტს, რომელიც სულაც არ აძლევს ხელს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს თავისუფალი აზრის დევნის კოორდინირებული პრაქტიკა.

ორგანიზაციის თქმით, გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფელად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს - სასამართლოს განმარტებით, სტილი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, როგორც გამოხატვის ფორმა და იგი, შინაარსთან ერთად, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით.

საია წერს, რომ 2023 წლისგან განსხვავებით, დღევანდელი ვითარება ხასიათდება ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისით, სადაც გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების მთავარი სამიზნეა.

2026 წლის 18 მაისს დაანონსდა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ, რომელიც „პროაქტიულ რეჟიმში“, მოქალაქეთა საჩივრების გარეშე, თავად გააკონტროლებს საჯარო სივრცესა და სოციალურ ქსელებს. აღნიშნული უწყება უფლებამოსლი იქნება „სიძულვილის ენისა“ თუ „ღირსების შელახვის“ ბუნდოვანი მიზეზით, საქმეები დამოუკიდებლად გადაგზავნოს სასამართლოში. სახელისუფლებო ნარატივის მიერ საპირისპირო მტკიცების მიუხედავად, ცხადია, რომ ასეთი საპოლიციო მექანიზმის შექმნა პირდაპირ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და აჩენს პოლიტიკური ცენზურისა და ტოტალური კონტროლის რისკებს. 1

2025 წლიდან გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო მკვეთრად გაუარესდა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 17316 მუხლი, რომელმაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და ლანძღვა-გინება სამართალდარღვევად განსაზღვრა.2 გაიზარდა სანქციებიც. კერძოდ: სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა ჯარიმა 1500-იდან 4000 ლარამდე ან პატიმრობა 45 დღემდე, განმეორებითი ქმედებისთვის კი  ჯარიმა 2500-იდან 6000 ლარამდე ან პატიმრობა 5-იდან 60 დღემდე.

პრაქტიკამ მკაფიოდ აჩვენა, რომ სახელმწიფო 2025 წლის 6 თებერვალს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შერჩევითად, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს. კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალწარმოება, როგორც წესი, იწყება იმ აქტივისტებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც კრიტიკულ აზრს გამოხატავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ. სასამართლო გაუმართლებლად იყენებს მძიმე სანქციებს, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობას, ხოლო, ჯარიმის შემთხვევაში, იშვიათად უფარდებს მის მინიმალურ ოდენობას. აღსანიშნავია, რომ შსს და სასამართლო ამ მუხლს და შესაბამის მაღალ სანქციებს აქტიურად იყენებდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ, რაც, ემსახურება არა წესრიგის დაცვას, არამედ საზოგადოებაში ტოტალური შიშისა და „მსუსხავი ეფექტის“ (chilling effect) ხელოვნურ შექმნას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ ხელისუფლების კრიტიკისგან.3

ODIHR-ის შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი თვითნებური განმარტების საშუალებას იძლევა. მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია მითითება „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“, რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე. 4

დღეს, 19 მაისს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოსთან მიმართებით „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო 5 პირის დაჯარიმების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა (no. 41585/23). საია მიმოიხილავს მეოთხე სექციის გადაწყვეტილებით მოცემულ სტანდარტს: 

ირაკლი მილაძემ „ტიკ-ტოკის“ პლატფორმაზე ატვირთა ვიდეო, სადაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და არსებულ მძიმე საცობებს აკრიტიკებდა. ვიდეოში იგი უხეშად მოიხსენიებდა თბილისის მერსა და სხვა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც საავტობუსო ზოლებით არასამსახურებრივი მიზნებისთვის სარგებლობდნენ, ასევე იმ სამართალდამცავებს, რომლებიც მსგავს ქმედებებზე შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებდნენ. ეროვნულმა სასამართლოებმა ირაკლი მილაძე სამართალდამრღვევად ცნეს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა) და დააჯარიმეს 500 ლარით. კერძოდ, ეროვნულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალური ქსელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და იქ გინება არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს.

2026 წლის 19 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა ირაკლი მილაძის საქმეზე, რომელიც სასამართლოში 2023 წელს გაიგზავნა. დარღვევა არ დადგინდა, მათ შორის, შემდეგი მიზეზების გამო: სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს საბოლოოდ დაეკისრა 500 ლარის (180 ევრო) ოდენობის ჯარიმა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მინიმალური თანხაა; სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა;მას არ შეფარდებია თავისუფლების აღკვეთა; ხელისუფლებამ არ მოითხოვა ვიდეოს წაშლა, მისი სოციალური მედიის ანგარიშის შეზღუდვა ან უფრო ფართო ცენზურის რაიმე ფორმა;  დაკისრებულმა სანქციამ არ შეუშალა ხელი განმცხადებელს პოლიტიკური აქტივიზმის გაგრძელებაში. კერძოდ, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმას, რომ სანქციის ასეთი მცირე ოდენობა მნიშვნელოვანი ფაქტორია პროპორციულობის შეფასებისას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელი გაამართლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით  გათვალისწინებული პარალელური ბრალდებისგან (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა). თავიდან პირს შეფარდებული ჰქონდა 2000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ შეამცირა 500 ლარამდე და აჩვენა მიდგომა, რომელიც მიმართული იყო მხოლოდ სიტყვის იმ ელემენტებზე, რომლებიც წარმოადგენდა უკიდურეს პირად შეურაცხყოფას.

2023 წლისგან განსხვავებით, დღევანდელი ვითარება ხასიათდება ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისით, სადაც, გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების მთავარი სამიზნეა. მათ შორის, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეურაცხყოფის მოტივით ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება დროის გარკვეულ მომენტში შსს-სათვის რუტინად იყო ქცეული 2025 წელს. პირებს ეფარდებოდათ, არა მარტო, მაღალი ოდენობის სანქცია, არამედ, პატიმრობაც კი. 6 სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა ჯარიმა 1500-იდან 4000 ლარამდე ან პატიმრობა 45 დღემდე, განმეორებითი ქმედებისთვის კი  ჯარიმა 2500-იდან 6000 ლარამდე ან პატიმრობა 5-იდან 60 დღემდე.

ევროსასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ განსაზღვრავს იმ სახელმძღვანელო სტანდარტს, რომელიც სულაც არ აძლევს საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს თავისუფალი აზრის დევნის კოორდინირებული პრაქტიკა. 

კერძოდ, ევროსასამართლოს განმარტებით: 

  • დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული (მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია), რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე.
  • საქმეს არ უნდა ჰქონდეს სისხლისსამართლებრივი ხასიათი ან არ უნდა არსებობდეს თავისუფლების აღკვეთის რეალური რისკი (მათ შორის, ადმინისტრაციული სახით).
  • სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მისი გავრცელების დონეზე, მათ შორის, კონტენტის ამოღება, ანგარიშების დაბლოკვა ან ცენზურის სხვა ფორმა.
  • დაკისრებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას “მსუსხავი ეფექტი“ (chilling effect) და რეალურად არ უნდა აფერხებდეს ან აშინებდეს მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან.
  • ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვავონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სიტყვა და დაუცველი გამოხატვა (მაგალითად, პირადი შეურაცხყოფა).
  • ეროვნულმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ ჩარევის აუცილებლობა და გადაწყვეტილება უნდა დაამყარონ საკმარის და რელევანტურ მიზეზებზე.
  • თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფელად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. სასამართლოს განმარტებით, სტილი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, როგორც გამოხატვის ფორმა და იგი, შინაარსთან ერთად, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით.
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეფექტიანი სასამართლო კონტროლი, ხოლო ზემდგომმა ინსტანციებმა უნდა შეასწორონ აშკარა არაპროპორციული ჩარევა.

ამგვარი გარემოებების (ერთის ან/და მეტის) არსებობისას, სახელმწიფოს ჩარევა სცდება დასაშვებ ზღვარს და იწვევს გამოხატვის თავისუფლების  დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები გამოხატვის თავისუფლებაზე მკაფიოდ განსაზღვრავს სახელმწიფოს ჩარევის ზღვარს. 

ბუნდოვანი ნორმების, არაპროპორციული სანქციებისა და შემზღუდავი მექანიზმების გამოყენება ზრდის რისკს, რომ ეს უფლება ცენზურას დაექვემდებაროს", - წერია საიას განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics