22:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-27 14:22:47, 421 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა

“უკრაინული პრავდას” ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) დააკავა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ოდესაზე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებით დარტყმის კორექტირებაში, ასევე მტრისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის პოზიციების კოორდინატებისა და ოდესის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების შესახებ მონაცემების გადაცემაში.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ დაკავებულმა რუსულ ძალებს მიაწოდა კოორდინატები 2024 წლის მარტში ოდესის სარეკრეაციო ზონაზე ორმაგი დარტყმის განსახორციელებლად.

მაშინ რუსულმა ჯარებმა ქალაქს ორი „ისკანდერ-M“ ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. პირველი რაკეტა საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებს მოხვდა. ამის შემდეგ, მას შემდეგ რაც ადგილზე მაშველები და პირველადი რეაგირების ჯგუფები მივიდნენ, რუსულმა ძალებმა იმავე ტერიტორიაზე განმეორებითი დარტყმა განახორციელეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ სასულიერო პირმა დარტყმის შედეგების შესახებ მონაცემები რუსეთის სამხედრო დაზვერვას გადასცა, შემდეგ კი, სამართალდამცველებისგან თავის არიდების მიზნით, მიიმალა.

გამომძიებლების თქმით, მისი გადაბირება მოხდა Telegram-არხებზე მისი აქტივობის საშუალებით, სადაც ის პროკრემლისტურ კომენტარებს აქვეყნებდა.

„გადაბირების შემდეგ, მღვდელი, რომელიც კვლავ ატარებდა თავის ანაფორას, დადიოდა ქალაქში და Google Maps-ზე პოტენციური სამიზნეების გეოლოკაციებს ნიშნავდა. მან შეგროვებული სადაზვერვო ინფორმაცია გადასცა ჩატბოტის საშუალებით, რომელსაც მართავდა მოღალატე სერგეი ლებედევი (ფსევდონიმით „ლოხმატი“), რომელიც დონეცკში იმალება და რუსეთის სამხედრო დაზვერვაზე მუშაობს“.

გამომძიებლები ასევე მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირმა რუსულ ძალებს მიაწოდა უკრაინის იმ საჰაერო თავდაცვის სისტემების კოორდინატები, რომლებიც ოდესის ოლქს რუსული დარტყმებისგან იცავენ.

უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ ეჭვმიტანილმა რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა მონაცემები ოდესის მახლობლად მდებარე ელექტროქვესადგურისა და მისი დაცვის სისტემის შესახებ, მოგვიანებით კი ამ ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შედეგებიც შეატყობინა.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს სმარტფონი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კონტაქტისა და სადაზვერვო მონაცემების გადასაცემად გამოიყენებოდა.

სასულიერო პირს ბრალი წაუყენეს საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილ სახელმწიფო ღალატში, ხოლო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გირაოს უფლების გარეშე. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება ქონების კონფისკაციით.

2024 წლის 15 მარტს რუსულმა ძალებმა ოდესას „ისკანდერ-M“ სარაკეტო სისტემით დაარტყეს. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მაცხოვრებლები, მედიკოსი და მაშველი. დაშავდა კიდევ 46 ადამიანი, მათ შორის პირველადი რეაგირების რვა თანამშრომელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics