22:55 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-17 17:40:37, 381 ნახვა

პოლიტიკა
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2013 წლის 17 მაისის მასობრივი ძალადობისა და ტრავმის გამოცდილების შემდეგ, ქვიარ თემი საქართველოში ამ დღის აღნიშნვას ვეღარ ახერხებს, - ამის შესახებ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

"2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, რომელშიც კლერიკალური წრეები ასევე ღიად მონაწილეობდნენ, საპატრიარქომ ეს დღე გადაწერა და ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 2024 წელს კი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ხაზს ოფიციალური სამართლებრივი ფორმა მისცა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონით უქმე დღედ გამოაცხადა. ამასთან, ლგბტქი ადამიანებს ჩამოართვა პრაქტიკულად ყველა სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლება და ამ უფლებების გამოყენების კრიმინალიზება მოახდინა. ამით სახელმწიფომ ინსტიტუციონალიზება გაუკეთა ლგბტქი ადამიანების დევნას, მათი საჯარო ხილვადობის შეზღუდვასა და უფლებრივი სივრცის სრულ გაუქმებას.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების და საპატრიარქოს ოფიციალურ დისკურსში ეს პროცესი წარმოდგენილია როგორც „ოჯახის დაცვის“ იდეა, თუმცა რეალურად მას არაფერი აქვს საერთო ოჯახების დაცვის ნამდვილ ინტერესთან და განზრახვასთან. ქვეყანაში, სადაც ოჯახები სიღარიბის, მიგრაციის, უმუშევრობისა და სოციალური დაუცველობის მძიმე პირობებში ცხოვრობენ და ამ მიმართულებით პოლიტიკის ცვლილებას “ქართული ოცნება" აღარც კი პირდება ხალხს, „ოჯახის“ ცნება პოლიტიკური მობილიზაციისა და კონტროლის აშკარა ინსტრუმენტად იქცა.

ამ პროცესის გააზრებისას მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოლიტიკური როლის დანახვაც. თუ 2010-იან წლებში საპატრიარქო თავად იყო ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მობილიზაციის ერთ-ერთი პირდაპირი აქტორი და 2013 წლის ძალადობრივ მოვლენებშიც მისი წარმომადგენლები და მაღალი იერარქები უშუალოდ მონაწილეობდნენ, მოგვიანებით ეს დისკურსი ეტაპობრივად გადანაწილდა სხვა პოლიტიკურ აქტორებზე. თავდაპირველად ანტი-ლგბტქი მობილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი პრორუსულ, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ ჯგუფებზე გადავიდა, ხოლო ბოლო წლებში ეს პოლიტიკა უკვე უშუალოდ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანა. მიუხედავად ამისა, საპატრიარქო კვლავ მნიშვნელოვან სიმბოლურ და იდეოლოგიურ ფუნქციას ინარჩუნებს. „ოჯახის სიწმინდის დღის“ გარშემო შექმნილი სოციალური რიტუალები, მსვლელობები და საჯარო მობილიზაციები კვლავ ამაგრებს იმ დისკურსს, რომელიც ლგბტქი ადამიანებს „საფრთხედ“ წარმოაჩენს და მათი სოციალური დევნა და გაქრობა მართლდება. ამგვარად, მაშინაც კი, როდესაც სიძულვილის პოლიტიკის მთავარი ადმინისტრატორი სახელმწიფო ხდება, საპატრიარქო მისთვის მორალური ლეგიტიმაციისა და კულტურული ნორმალიზების წყაროდ რჩება.

მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტის ინტერესი სინამდვილეში საერთოდ არ უკავშირდება ოჯახების ნამდვილი დაცვის განზრახვას.

ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ოჯახების რეალური გამოწვევები სრულიად სხვაა. 2012 წლის შემდეგ ქვეყნიდან 312 434-ით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა, ვიდრე დაბრუნდა. მხოლოდ 2022-2025 წლებში 21 379 ბავშვს სკოლაში სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა იმიტომ, რომ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ეს ნიშნავს, რომ ათიათასობით ოჯახისთვის გადარჩენის გზა საკუთარი ქვეყნის დატოვება გახდა. ამასთან, მიგრაციის გამო არაერთი ოჯახი იშლება და შორდება.

რეგიონების დემოგრაფიული დაცლა ამ სოციალური კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა. 2003 წელთან შედარებით, გურიის მოსახლეობა 19%-ით შემცირდა, იმერეთის - 30.4%-ით, კახეთის - 14.5%-ით, მცხეთა-მთიანეთის - 15.1%-ით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის - 40.3%-ით, სამეგრელო-ზემო სვანეთის - 31%-ით, ხოლო სამცხე-ჯავახეთის - 22.8%-ით. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა იმ რეგიონებში, რომლებიც ეკონომიკური უთანასწორობის, სამუშაო ადგილების ნაკლებობისა და სოციალური ინფრასტრუქტურის დეგრადაციის პირობებში ცხოვრობენ. რეგიონების დაცლა მხოლოდ დემოგრაფიული პროცესი არ არის, ეს არის სოციალური და ეკონომიკური მიტოვების შედეგი.

საქართველოში სულ უფრო მეტად ნაკლები ბავშვი იბადება და შობადობის კოეფიციანტი ისტორიულ მინიმუმზეა. ცხადია, რომ საქართველოს მსგავს ღარიბ ქვეყანაში ამის მიზეზი მეტწილად ეკონომიკური ფაქტორებია, მათ შორის, ფინანსური ლიმიტაციები, უმუშევრობა ან არასტაბილური დასაქმება, საცხოვრებელთან დაკავშირებული გამოწვევები; ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული სერვისების ნაკლებობა. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ამ რეალობის ნაცვლად კვლავ „ტრადიციულ ღირებულებებსა“ და კულტურულ ნარატივებზე აგრძელებს საუბარს.

2024 წლის მონაცემებით, ფარდობითი სიღარიბე ქვეყანაში 18.9%-ია, ხოლო სოფლად - 25%. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოსახლეობის 45.6%-ის ყოველდღიური მოხმარება 22 ლარზე ნაკლებია, რაც უკიდურესად დაბალ სოციალურ მაჩვენებელზე მიუთითებს. 2026 წლის იანვარში დასაქმებულთა თითქმის 70%-ის ხელფასი 2400 ლარზე ნაკლები იყო, მაშინ როცა ქვეყანაში საცხოვრებლის ქირა და უძრავი ქონების ფასები დრამატულად გაიზარდა.

ბავშვების დაახლოებით მესამედი საარსებო შემწეობის მიმღებია და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. UNICEF-ისა და საქსტატის კვლევის მიხედვით, ბავშვების 37.8%-ს სამი ან მეტი მატერიალური დანაკლისი აქვს; 21.3%-ს თბილ სახლზე ხელი არ მიუწვდება, 15.2%-ს ფეხსაცმლის, 14.3%-ს ახალი ტანსაცმლის დანაკლისი აქვს; 12%-ს კი საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება ფინანსური მიზეზების გამო. მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება.

ამავე დროს, სახელმწიფოში არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა; მინიმალური ხელფასი კვლავ ფორმალურად 20 ლარია; კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურება უკიდურესად არასაკმარისია; ბავშვის მოვლის საჯარო სერვისები კრიტიკულად შეზღუდულია. საჯარო სკოლებში არ არსებობს უფასო კვების პროგრამები.

ამ ფონზე არც მმართველი პოლიტიკური პარტია და არც საპატრიარქო არც კი საუბრობენ ოჯახების ნამდვილ საჭიროებებზე. ხელისუფლება არ ქმნის სოციალური დაცვის სისტემებს, არ ამცირებს სიღარიბეს, არ უზრუნველყოფს ბავშვების კეთილდღეობას, არ იცავს შრომით უფლებებს და არ აჩერებს იძულებით მიგრაციას და ამის ნაცვლად, „ოჯახის“ სახელით აწარმოებს კულტურულ ომს, რომლის მთავარი სამიზნე ქვიარ ადამიანები არიან.

დღეს მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სწორედ ლგბტქი თემზე გამოიცადა პირველად ის ავტორიტარული და რეპრესიული ლოგიკა, რომელიც დღეს უკვე უფრო ფართოდ ვრცელდება დანარჩენ საზოგადოებაზე. ქვიარ შეკრებების მასობრივი და ძალადობრივი დაშლა, ქუჩებში ქვაირ ადამიანების დევნა, ტრანგენდერი ადამიანების მკვლელობები ბოლო 10 წელზე მეტია ქვიარ თემის, მათი ოჯახის წევრებისა და მათი მხარდამჭერების საერთო უმძიმესი გამოცდილებაა. 

დღეს ცალსახაა, რომ პოლიტიკური ჰომოფობია და ტრანსფობია იქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება ქმნის „მტრის ხატს“, აწარმოებს მორალურ პანიკას და ამართლებს უფლებების შეზღუდვას. ეს არის კლასიკური ავტორიტარული მექანიზმი, როცა პოლიტიკური რეჟიმი იწყებს ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფების დევნით, იმ ჯგუფების, რომელთა უფლებების დაცვასაც ნაკლები პოლიტიკური ფასი აქვს, და შემდეგ რეპრესიის ნორმალიზება უფრო ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებზე ვრცელდება.

ამ პროცესში „ოჯახი“ აღარ არის ადამიანებზე ზრუნვის, სოციალური უსაფრთხოების ან ურთიერთმხარდაჭერის სივრცე. იგი გადაიქცა იდეოლოგიურ სიმბოლოდ, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ცდილობს საკუთარი ძალაუფლების გამყარებას, ყურადღების გადატანას სოციალური კრიზისებიდან და საზოგადოების პოლარიზებას.

საქართველოს უახლესი ისტორია გვაჩვენებს, რომ საზოგადოება ხშირად არა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის, არამედ ერთმანეთზე ზრუნვის, არაფორმალური სოლიდარობისა და ოჯახური მხარდაჭერის ქსელების ხარჯზე გადარჩა. ეკონომიკური კრიზისების, უმუშევრობის, ომების, ინფლაციისა და მასობრივი მიგრაციის პირობებში სწორედ ოჯახები, ნათესაური და სათემო კავშირები იქცა გადარჩენის ძირითად მექანიზმად, მაშინ როცა სახელმწიფო ხშირად საერთოდ არ არსებობდა როგორც სოციალური დაცვის ინსტიტუტი. ამიტომ განსაკუთრებით ცინიკურია, როდესაც პოლიტიკური რეჟიმი ცდილობს „ოჯახის“ ცნების მონოპოლიზებას და მის გამოყენებას სიძულვილის პოლიტიკისთვის. ოჯახი, როგორც ზრუნვის, ურთიერთპასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ერთმანეთის გადარჩენის სივრცე, ბევრად უფრო ფართო და ღრმა სოციალური გამოცდილებაა, ვიდრე ის იდეოლოგიური ინსტრუმენტი, რადაც მას დღეს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ძალაუფლებრივი ინსტიტუტები აქცევენ. 

სწორედ ამიტომ, „ოჯახის“ იდეას საზოგადოება არუნდა უთმობდეს რეჟიმს, რადგან ზრუნვისა დასოლიდარობის ეთიკა არსებითად ეწინააღმდეგებაადამიანების დევნას, გარიყვასა და უფლებებისჩამორთმევას.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია ითქვას, რომსაქართველოში პოლიტიკური ჰომოფობიამხოლოდ კულტურული კონსერვატიზმისგამოხატულება არ არის. იგი ძალაუფლებისტექნოლოგიაა. „ოჯახისა“ და „მორალის“ გარშემო აგებული დისკურსები ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ სახელმწიფომ განსაზღვროს, რომელი სხეულები, იდენტობები და სიცოცხლეები მიიჩნევა „ნორმალურად“ და რომელი საფრთხედ. ამ ლოგიკაში ლგბტქი ადამიანები გადაიქცნენ „სხვად“, რომლის წინააღმდეგ მობილიზაციითაც რეჟიმი საკუთარ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას აძლიერებს.

ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი ლგბტქი ადამიანების მასობრივი გადინებაა ქვეყნიდან. სულ უფრო მეტი ქვიარ ადამიანი ტოვებს საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა მათთვის უსაფრთხო სივრცედ აღარ აღიქმება. მუდმივი სიძულვილის კამპანიები, ინსტიტუციური არაღიარება, ძალადობის საფრთხე, სამართლებრივი დაცვის სისუსტე და პოლიტიკური დევნის ატმოსფერო ადამიანებს აიძულებს ემიგრაცია გადარჩენის სტრატეგიად აქციონ. ეს განსაკუთრებით მძიმედ აისახება ტრანსგენდერ ადამიანებზე, რომელთათვისაც საქართველოში ყოველდღიური ცხოვრება ხშირად უკავშირდება დასაქმების, ჯანდაცვის, საცხოვრებლისა და ელემენტარული უსაფრთხოების პრობლემებს.

ამავდროულად, ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა ლგბტქი ადამიანების საჯარო ხილვადობაც. თუ წარსულში, მიუხედავად ძალადობისა, ქვიარ აქტივიზმი მაინც ახერხებდა საჯარო სივრცის ნაწილობრივ შენარჩუნებას, დღეს პოლიტიკური და სოციალური გარემო ბევრად უფრო მტრული გახდა. გაიზარდა თვითცენზურა, შემცირდა ღია შეკრებები და საჯარო აქტივობები, ხოლო სიძულვილის ენა პრაქტიკულად ნორმალიზდა როგორც პოლიტიკურ, ისე მედია და რელიგიურ დისკურსებში. ეს არის არა მხოლოდ უფლებრივი უკუსვლა, არამედ მცდელობა, რომ ლგბტქი ადამიანები საერთოდ გაქრნენ საჯარო და პოლიტიკური სივრციდან.

თუმცა, ამ მძიმე და მტრულ რეალობაში, ლგბტქი ადამიანები საქართველოში მაინც აგრძელებენ წინააღმდეგობას. ისინი აგრძელებენ ზრუნვის, ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის ქსელების შექმნას; აგრძელებენ ერთმანეთის გადარჩენაზე ორიენტირებული სივრცეების შენარჩუნებას; და მიუხედავად ინსტიტუციური ძალადობისა, კვლავ მონაწილეობენ მიმდინარე უწყვეტ პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტებში. ქვიარ ადამიანების მედეგობა, თვითორგანიზება და კოლექტიური არსებობა ამ ლოგიკის წინააღმდეგობის ფორმად იქცევა.

ქვიარ თემის ბრძოლა დღეს მხოლოდ საკუთარიუფლებებისთვის ბრძოლა აღარ არის, ისდემოკრატიული სივრცის, თავისუფლებისა დაპოლიტიკური თანასწორობის დაცვის უფრო ფართობრძოლის ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, 17 მაისი არის არა მხოლოდ ლგბტქი ადამიანებისუფლებებზე საუბრის დღე, არამედ დღე, რომელიცგვახსენებს, როგორ შეიძლება სიძულვილი იქცესპოლიტიკური მართვის ინსტრუმენტად; როგორგამოიყენება „ოჯახი“ სოციალური კრიზისებისგადასაფარად; და როგორ იწყება ავტორიტარიზმიყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დევნით, სანამსაბოლოოდ მთელ საზოგადოებაზე არგავრცელდება", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics