18:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-18 17:29:24, 264 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე

„მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი, ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“.

ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კითხვებს, ექსპრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შესახებ, რომელიც მან 17 აგვისტოს, საპატიმროდან გამოაქვეყნა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მან არ იცის, რა წერილზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი. ამბობს, რომ მას ყოფილი პრემიერის მიერ გავრცელებული წერილის შესახებ არ უსაუბრია ბიძინა ივანიშვილთან:

„ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს. გუშინ კომუნიკაცია გვქონდა [ბიძინა ივანიშვილთან] სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, არ მახსოვს, წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე, ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. შეიძლება გამოქვეყნებამდე გვქონდა კომუნიკაცია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გვიმსჯელია ამ თემაზე“.

ირაკლი კობახიძე, ექსპრემიერის განცხადებაზე, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას, ამბობს, რომ ამის „თეორიული შესაძლებლობაც“ კი არ არსებობს:

„მე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს უსაფრთხოება დაცულია და ამიტომაა ჩემთვის გაუგებარი ეს წერილი, განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, ბუნებრივია. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

[მისი] ოჯახის უსაფრთხოება რატომ უნდა იდგეს საფრთხის ქვეშ? რაიმე თეორიული ვარიანტი შეიძლება წარმოიდგინოთ, რატომ შეიძლება შეექმნას ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე? მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რა რისკი შეიძლება არსებობდეს... აბსურდია“.

მისივე განცხადებით, უცნობია, რა კორუფციული დანაშაულის აღიარების იძულებაზე საუბრობს 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი ღარიბაშვილი:

„არ ვიცი. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. ისინი გაგცემენ ამ ყველაფერზე პასუხს. თუ რაიმე სხვა საქმე არსებობს, მათგან შეგიძლიათ მიიღოთ ეს ინფორმაცია“.

კითხვაზე, ხომ არ „მოუკითხავს“ ირაკლი კობახიძეს სამართალდამცავ უწყებებთან, რა დანაშაულის აღიარებაზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი, ის ჟურნალისტს პასუხობს:

„სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაში ჭარბი ჩარევა არ ვარგა... შეგვიძლია დავინტერესდეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს რწმენა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში. თუ რაიმე ნიშნები იქნება სხვა დანაშაულის, ისინი იქნებიან ამაზე პასუხისმგებლები და რაც მთავარია, ეს საზოგადოებისთვის გამჭვირვალეა. თუ რაიმე ახალი ბრალი იქნება წაყენებული კონკრეტული პირისთვის, ეს გამჭვირვალეა და საზოგადოება გაიგეს. ეს არის მთავარი. მე შეგნებულად ჭარბად არ ვინტერესდები ხოლმე ასეთი საკითხებით იმისათვის, რომ რაღაც ზედმეტი გავლენის ქვეშ არ მოექცეს ესა თუ ის სამართალდამცავი ორგანო“.

ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის ასევე უცნობია, „რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როცა ადამიანს აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად, იცოდა თუ არა რაიმე ღარიბაშვილის სამომავლო შესაძლო პოლიტიკურ გეგმებზე.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics