|
2026-03-18 18:03:31, 1846 ნახვა
საზოგადოება
წმინდა სინოდმა შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა. „წმინდა სინოდის სხდომა მოწვეულ იქნა სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევა. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელთმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა, ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ. წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა, შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიისა მიტროპოლიტი საბა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მექლისედეკი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონე, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტი კირიონი“, – განაცხადა თეოდორე ჭუაძემ. ამასთან, წმინდა სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დაადგინა 2026 წლის 22 მარტი, კვირა. პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, ილია მეორე იონის საპატრიარქო ტაძარში დაიკრძალება.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)