|
2020-02-18 16:04:00, 1949 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტი 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საქართველოს მზადყოფნას დადებითად აფასებს
„ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია შექმნილი სამთო სათხილამურო, ფრისტაილისა და სნოუბორდის შეჯიბრებების ჩასატარებლად. ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე მდებარეობა თოვლის პირობებისთვის კარგ გარემოს ქმნის მთელი სეზონის მანძილზე. სპორტსმენთა სოფელი და EOC-ის მაღალი რანგის სტუმრების სასტუმრო უკვე მზადყოფნაშია და საუკეთესო ხარისხის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს", - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტის დირექტორის, პიტერ ბრულის ანგარიშში, რომელიც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასკომის წევრებსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF) კომისიის წევრებს დაეგზავნათ. დოკუმენტს ხელს აწერენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რაფაელე პანიოჩი და EYOF-ის კომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ არუჯო. როგორც ცნობილია, ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა, როგორც 2025 წელს ზამთრის სპორტულ სახეობებში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა. მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდნენ ფესტივალის შემფასებელი კომისიის წევრები, რომლებმაც ადგილზე დაათვალიერეს სათხილამურო ტრასები და ბაკურიანის ინფრასტრუქტურას გაეცნენ. დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული, ასევე კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი, ოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების წარმომადგენლებთან, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შედეგები ანგარიშის სახით კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრულმა მოამზადა, რომელიც EOC-ის აღმასკომის და EYOF -ის კომისიის წევრებს დაეგზავნათ. „საქართველოს მიერ ზამთრის სპორტში შეტანილი ინვესტიციები უკვე თვალსაჩინოა მიმდინარე წელს ლოზანაში მსოფლიო ახალგაზრდობის თამაშებზე მოპოვებული მედლებისა და 2020 წ. ISU-ის ევროპის ფიგურული ციგურაობის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლის სახით. ამასთანავე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბაკურიანი შერჩეულია 2023 წლის FIS-ის სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად. ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF -ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით. ვიზიტის მსვლელობის პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნის სახით" - აღნიშნულია ანგარიშში. პიტერ ბრულის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოტივაციას წარმოადგენს ის მემკვიდრეობა, რაც ღონისძიების დასრულების შემდეგ დარჩება ქვეყანაში ზამთრის სახეობების განვითარების თვალსაზრისით. ამ კუთხით, მის ანგარიშში აღნიშნულია ის პროექტები, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ხორციელდება. მათ შორის დასახელებულია ბაკურიანში არსებული ძველი ტრასის სრული რეკონსტრუქცია, რომელიც უდიდესი სატრამპლინო ხტომების ცენტრს წარმოადგენდა და მეტად პოპულარულია საქართველოში. პროექტი მომზადებულია FIS-თან თანამშრომლობით და მისი ბიუჯეტი დამტკიცებულია. პიტერ ბრული ასევე აღნიშნავს ბიათლონის ცენტრის პროექტს ბაკურიანში, რომლის აუცილებელი დაგეგმარება უკვე მომზადებული და დამტკიცებულია, ასევე ყინულის არენა ფიგურული ციგურაობისთვის. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყინულის არენა გაკეთდება თბილისშიც (ყინულის ჰოკეისთვის). „ამასთანავე, 2020/2021 წლებისთვის აშენდება ახალი გზატკეცილები, რომლებიც ბორჯომსა და ბაკურიანს დააკავშირებენ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში დიდი პოტენციალი არსებობს 2025 წელს შესანიშნავი ფესტივალის ჩასატარებლად" - აღნიშნავს თავის ანგარიშში EOC-ის სპორტის დირექტორი და 2025 წ. ეაოფ-ის შემფასებელი კომისიის წევრი პიტერ ბრული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს" ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა როგორც კანდიდატი ქვეყანა.
არდა გიულერი 2025/26 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის აღმოჩენად დასახელდა
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
Bloomberg: ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის გაყინვას განიხილავს
საქართველოს პროკურატურამ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)